Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიპსტერი გოგო 40-იანი წლების გერმანიიდან


მარგოტ ვაკვიცის ნამუშევრების გამოფენა
მარგოტ ვაკვიცის ნამუშევრების გამოფენა

17 დეკემბერს გალერეა „კონტეინერში“ გერმანელი მოდის ილუსტრატორის მარგოტ ვაკვიცის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მარგოტი მეოცე საუკუნის 40-50-იან წლებში გერმანული მოდის ჟურნალებისთვის ქმნიდა ილუსტრაციებს. მის ილუსტრაციებსა და ნახატებში პირდაპირ, შეუფარავად ჩანს როგორი იყო ახალგაზრდა გერმანელი ქალის ცხოვრება მოდის სახელოსნოსა და საჰაერო თავდაცვის თავშესაფარს შორის, ჩაის საღამოებსა და ნაცისტურ ტერორს შორის.

თეთრ კედელზე, მწვანე ჩარჩოში, ფანქრით დახატული და აკვარელით შეღებილი გოგო კიდია. გრძელი ფეხები აქვს. ზურგით დგას. შინდისფერი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი, მწვანე კოლგოტი, შავი ქვედაბოლო და ზოლებიანი ჯემპრი აცვია. თავზე, თუ არ მეშლება, მოყავისრო ქუდი ხურავს. ერთი შეხედვით, ის 21-ე საუკუნის ჰიპსტერია. გოგო, რომელიც ყველგან შეიძლება გადაგეყაროს: ავტობუსის გაჩერებაზე, მაღაზიაში, სადარბაზოში, კინოში და ა.შ. მართალია, სახე არ უჩანს, მაგრამ, მგონი, რაღაცაზეა ნაწყენი. თავი აქვს ჩაღუნული და ხელები მოხრილი. გუშინ დახატულს ჰგავს, მაგრამ თუკი ნახატს კარგად დააკვირდები, ფანქრით მკრთალად მიწერილ თარიღსაც ამოიცნობ. ეს სურათი მეოცე საუკუნის 40-იან წლებში გერმანიაშია დახატული, მისი ავტორი კი გერმანული მოდის ჟურნალ-გაზეთების ილუსტრატორი მარგოტ ვაკვიცია. სწორედ ამ ნახატთან დგას ბიძინა მაყაშვილი, ჟურნალისტი, რომელიც კიდევ უფრო ახლოს მიდის ნახატთან, ცხვირზე უფრო კარგად ირგებს სათვალეს და მეუბნება: „ძალიან შთამბეჭდავია. დროის პორტრეტია. ნახეთ, როგორი თანამედროვეა. თუნდაც ჩაცმულობის მხრივ, თუნდაც პოზა, დგომის მანერა, სტილი..."

გაცილებით მეტად მიყვარს ფანქრით ნამუშევარი, ვიდრე მერე, როცა ამ ჩანახატისგან მხატვრები აკეთებენ დასრულებულ ზეთის ნამუშევრებს, რადგან მგონია, რომ ეს ფანქრით გაკეთებული ჩანახატები არის ესკიზი, რომელიც არის პირველი შეხება თემასთან. პირველი შეხება ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია...
გურამ წიბახაშვილი

ჰო, ასეა. ძნელია არ შეამჩნიო ამ გოგოს სასწაულებრივი მსგავსება თანამედროვეობასთან და უნებურად ის ყველაზე გაცვეთილი ფრაზა გახსენდება, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო. ამ გოგოს გვერდით გალერეა „კონტეინერის“ თეთრ კედლებზე მარგოტ ვაკვიცის სხვა, 20-მდე ნამუშევარი - ილუსტრაცია თუ ჩანახატი - კიდია. ნამუშევრების გამომფენი ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილია. მისთვის მარგოტის ნამუშევრები განსაკუთრებით იმით არის საინტერესო, რომ მაშინ, როდესაც მარგოტი ამ ილუსტრაციებსა თუ ჩანახატებს აკეთებდა, მსოფლიო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული, გერმანია ხან თავს ესხმოდა და ხან თავდაცვის პოზიციაში დგებოდა, ეს ქალი კი ხატავდა. მეორე მსოფლიო ომსა და ამ წლებში მარგოტის შემოქმედებაზე ოდნავ მოგვიანებით მისი შვილი გვეტყვის, მანამდე კი გურამს უნდა მოვუსმინოთ, რომელიც ამბობს, რომ ილუსტრაციებით დაწყებული და ფოტოგრააფიით გაგრძელებული მოდა ნელ-ნელა ისევ ილუსტრაციას უბრუნდება.

„ახლა ფოტოგრაფიამ წალეკა მოდა და იმდენად ამოვიდა ყელში, რომ ილუსტრაცია ბრუნდება უკან და იმის სამაგალითოდ, თუ როგორი ილუსტრაცია არსებობდა, არის ძალიან საინტერესო ნამუშევრები. არის პორტრეტები, ფანქრით ჩანახატები და ილუსტრაცია, გაკეთებული მოდის ჟურნალებისთვის, აკვარელით. შეიძლება ითქვას, რომ არის შეკვეთილი ილუსტრაციები. აი, იქ, მაგალითად, ქალის თეთრეულის ილუსტრაციაა. სწორედ მაშინ იწყებოდა და შემოდიოდა ქალის ეროტიული თეთრეული. იმის გამო, რომ ისტორიაში გვასწავლიდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომი გერმანიამ დაიწყო და საზიზღარი იყო, ამ სურათებით შეიძლება მიხვდე, რომ იქ სხვა რაღაცებიც ხდებოდა, გარდა იმისა, რომ მთელ მსოფლიოს აქცევდნენ“, - ამბობს გურამ წიბახაშვილი.

მარგოტ ვაკვიცის ნამუშევრების გამოფენა
მარგოტ ვაკვიცის ნამუშევრების გამოფენა

მარგოტ ვაკვიცის ილუსტრაციები და ჩანახატები თბილისში მისი შვილის, შტეფან ვაკვიცის მეშვეობით მოხვდა. ის თბილისში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორია. მარგოტის ნახატები გურამმა მასთან სახლში ნახა: „ორი თუ სამი ნამუშევარი ეკიდა ჩარჩოში. ვკითხე, ვისი ნახატებია-მეთქი და დედაჩემისო. იმის მერე შევუჩნდი, რომ უნდა გამოგვეფინა. რაც ჰქონდა ჩამოტანილი თბილისში, ყველაფერი „მოვაჩარჩოვეთ“. დიდი ნაწილი მარგოტის ნამუშევრებისა გერმანიაშია. შტეფანმა, როგორც ჩანს, თან ის ნახატები ჩამოიტანა, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარდა.

"ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, ძალიან დიდი ხაბლი აქვს კლასიკურ ნახატს. და, საერთოდ, გაცილებით მეტად მიყვარს ფანქრით ნამუშევარი, ვიდრე მერე, როცა ამ ჩანახატისგან მხატვრები აკეთებენ დასრულებულ ზეთის ნამუშევრებს, რადგან მგონია, რომ ეს ფანქრით გაკეთებული ჩანახატები არის ესკიზი, რომელიც არის პირველი შეხება თემასთან. პირველი შეხება ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ასე ფაქიზად გაკეთებული ჩანახატები ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო“, - ამბობს გურამ წიბახაშვილი.

მარგოტი 1920 წელს დაიბადა. 1936-დან 1939 წლამდე ბერლინში სწავლობდა მოდის მხატვრობას, „ლეტეფერაინში“, რომელიც ქალთა პროფესიული განათლების პირველი დაწესებულება იყო გერმანიაში. გასული საუკუნის 40-50-იან წლებში ის იყო შტუტგარტში გრაფიკის წარმატებული დიზაინერი და ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში მუშაობდა, ომში მიღებული ტრავმის გამო კი თავისუფალ შემოქმედად განაგრძო მუშაობა. რაც ყველაზე საინტერესოა და რაც მის ილუსტრაციებსა და ნახატებში პირდაპირ, შეუფარავად ჩანს, ეს არის ზუსტი განწყობა იმისა, თუ როგორი იყო ახალგაზრდა გერმანელი ქალის ცხოვრება მოდის სახელოსნოსა და საჰაერო თავდაცვის თავშესაფარს შორის, ჩაის საღამოებსა და ნაცისტურ ტერორს შორის. ზემოთ რომ ვთქვი, მეორე მსოფლიო ომსა და მარგოტის იმდროინდელ შემოქმედებაზე მოგვიანებით მისი შვილი გვეტყვის-მეთქი, აი, სწორედ ის დრო მოვიდა ახლა.

შტეფან ვაკვიცის
შტეფან ვაკვიცის

შტეფან ვაკვიცს ფანქარში შესრულებულ ნახატთან მივყავარ. რკინის საწოლზე თავზე ზეწარწაფარებული, მოკუნჭული ქალი წევს. შიშველი წვივები უჩანს. გვერდით, პატარა სკამზე, ტყავის ჩემოდანი უდევს. ეს ნახატი დედამ ერთ-ერთი დაბომბვის დროს თავშესაფარში დახატაო, მეუბნება შტეფანი: „აი, ეს პატარა ნახატი გაკეთებულია საჰაერო დაბომბვის თავშესაფარში. როცა დაბომბვა იწყებოდა, ხალხი იქით გარბოდა და იქ უწევდათ დარჩენა. რა თქმა უნდა, დედაჩემსაც მოუწია ასეთ თავშესაფრებში ცხოვრება. აი, როგორც ამ ნახატზე ხედავთ, ყველას მიჰქონდა იქ სახელდახელოდ ჩალაგებული პატარა ჩემოდანი“.

როგორც შტეფანი ჰყვება, მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან მარგოტმა ხელოვნებაზე ხელი აიღო. მოდის ილუსტრაციები მოდის ფოტოგრაფიამ ჩაანაცვლა. ის ფიქრობს, რომ დღესდღეობით ეს 40-50-იან წლებში შესრულებული ნამუშევრები ერთგვარი კოდური წყარო, შუალედური რგოლია კლასიკურ სახელოვნებო ტრადიციებსა და მათ თანამედროვე განვითარებას შორის. შტეფანი ბავშვობის წლებს და იმ დროს იხსენებს, როცა დედა აქტიურად ხატავდა ხოლმე. ოქროსფერ, განსაკუთრებულ ჩარჩოში ჩასმულ მოდის ილუსტრაციასთან ვდგავართ. ოთხი მოდელი ქალის თეთრეულს, ე.წ. ლინჟერის, წარმოადგენს. განსაკუთრებით საინტერესო ფიგურა ამ ოთხი მოდელიდან ცენტრში დგას. ის მაქმანებიან მოკლე პერანგს იცვამს. პერანგი თავსზემოთ აწეულ ხელებზე აქვს წამოცმული და გგონია, რომ აბრეშუმის მაქმანებიანი პერანგი მართლა მოცურავს ქალის სხეულზე. შტეფანი ამბობს, რომ მისთვის ის წლები, როცა დედა ხატავდა, ძალიან ბედნიერი იყო და ამ ბედნიერების ერთ-ერთ მიზეზზე გულიანადაც იცინის, ხუმრობს:

„ის სულ სექსს ხატავდა. ამიტომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მახსოვს, რომ ჩაფლული იყო ქალის თეთრეულის ნახატებში. ძალიან პატარა ოთახში მუშაობდა. სამოთახიანი ბინა გვქონდა. მამა ინგლისურს ასწავლიდა, დედაჩემი კი ხელოვნებას ქმნიდა. დედა ადრეული ბავშვობიდან მახსოვს. მახსოვს როგორც ბედნიერი ქალი. ის მუშაობდა შტუტგარტში სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოებში და ქმნიდა როგორც ილუსტრაციებს მოდის ჟურნალებისთვის, ისე გრაფიკულ დიზაინს. ჩვენც შტუტგარტში ვცხოვრობდით და ის ბედნიერი დრო იყო“.

მარგოტ ვაკვიცის ნამუშევრების გამოფენა
მარგოტ ვაკვიცის ნამუშევრების გამოფენა

მარგოტ ვაკვიცის მოდის ილუსტრაციებისა და ჟანრული გრაფიკის ერთ-ერთი პირველი დამთვალიერებელი 17 დეკემბერს, გალერეა „კონტეინერში“, მხატვარი მამუკა ცეცხლაძე იყო. ამბობს, რომ ასეთი დონის გამოფენები თბილისში არც ისე ხშირად იმართება. მერე იმასაც განმარტავს, რატომ მიაჩნია ეს გამოფენა ასე მნიშვნელოვნად: „მთელ მსოფლიოში - მარტო გერმანიაში არა, ამერიკაში, იმდროინდელ საბჭოთა კავშირში, თბილისში, მოსკოვსა თუ ნიუ-იორკში - ერთი ამბავი ტრიალებდა. ეს ილუსტრაციები გაკეთებული რომ იყოს ან ამერიკული ჟურნალისთვის, ან თუნდაც თბილისისთვის, იქაც იგივე იქნებოდა. ეს ეპოქა ამ თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

თუკი არ ჩავთვლით თავშესაფარში დახატულ ჩანახატს, მარგოტის ნამუშევრები თითქოს გაურბის ომის ეპოქას, თითქოს სხვა სივრცეში ცდილობს გადაინაცვლოს. ეს შეიძლება ერთგვარი თავდაცვის მცდელობაც კი იყოს - რეალობიდან გაქცევა. აბა, სხვა ვერაფერს დაარქმევ სკამზე მშვიდად ჩამომჯდარ, წვრილწელიან, მაღალქუსლებიან ქალს, რომელსაც მუხლებზე გადაშლილი წიგნი უდევს და კითხულობს. ფანქრით გაკეთებული ეს ჩანახატი 1943 წელს ეკუთვნის. სწორედ იმ ეპოქისა და მარგოტის ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას მხატვარი ტატო ახალკაციშვილიც:

„საინტერესოა იმიტომ, რომ არის ომის რეჟიმი და პარალელურად მოდის ჟურნალისთვის იქმნება ესკიზები. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო მომენტია - არის ომი და კეთდება რადიკალურად განსხვავებული ამბები. და კეთდება ხარისხიანად, ინტერესით. თითქოს ხელი არ ეშლება არტისტს აკეთოს ის, რაც თითქოს იმწუთში არავის არ სჭირდება“.

შტეფან ვაკვიცი დედის, მარგოტ ვაკვიცის შესახებ წიგნს წერს. წიგნი მომავალი წლის შემოდგომაზე გამოიცემა და პირველად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოჩნდება. მარგოტის შესახებ ის დაწერს, რომ მის მეხსიერებაში დედა დარჩა როგორც ყველაზე მგრძნობიარე და ელეგანტური ქალი დედამიწის ზურგზე.

XS
SM
MD
LG