Accessibility links

საქართველოს ეროვნულმა არქივმა, სერიით „მოგონებები, დღიურები, ჩანაწერები“, წიგნად გამოსცა პირველი ქალი ლოტბარის, მარო თარხნიშვილის, ჩანაწერები, რომელიც გაფორმებულია უახლესი ისტორიის არქივის ხელოვნებისა და ლიტერატურის განყოფილებაში დაცული მდიდარი ფოტომასალით, მარო თარხნიშვილის ანსამბლის კონცერტების პროგრამებისა და აფიშების ილუსტრაციებით. წიგნის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, მარო თარხნიშვილის მოგონებებში იგრძნობა იმ ეპოქის სუნთქვა, რომლის მარწუხებშიც მოექცა დიდი მომღერალიო. და ეს, მართლაც, ასეა.

ეროვნულმა არქივმა წიგნად გამოსცა პირველი ქალი ლოტბარის, მარო თარხნიშვილის, ჩანაწერები:

  • მარო თარხნიშვილმა თავისი პირველი სამოყვარულო გუნდი 13 წლის ასაკში ჩამოაყალიბა
  • თავდაპირველად მისი ანსამბლი ექვსი წევრისგან შედგებოდა
  • მარო თარხნიშვილმა და მისმა დამ, ეკატერინემ, ერთად ორმოცი წელი იმღერეს

მარო თარხნიშვილმა მოგონებების წერა გვიან დაიწყო, ისიც უფროსი მეგობრის, ცნობილი მსახიობის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, რჩევით. „სამწუხაროდ, 50 წლისა რომ გავხდი, მერე შევუდექი მოგონებების წერას: ელისაბედ ჩერქეზიშვილმა დამარიგა, შენ კარგი ხმა გაქვსო, დიდხანს იმღერებო და რაც კარგი რამ გადაგხდეს მუშაობის ირგვლივ, დაწერე და შეინახეო“, ვკითხულობთ მოგონებებში.

კარგი, მართლაც, ბევრი გადახდა, მაგრამ ცუდიც არაერთხელ შეხვდა ცხოვრების გზაზე, თუმცა, როგორც წიგნის შემდგენელი ნინო ბადაშვილი ამბობს, ცუდზე საუბრისგან მომღერალი მაქსიმალურად იკავებს თავს, ამის მიზეზი კი ის სასტიკი ეპოქა უნდა იყოს, რომელმაც მარო თარხნიშვილის ოჯახსაც დაამჩნია სისხლიანი კვალი.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითოეულ სიტყვას არა წარსულის მოსაგონრად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად, არამედ ვიღაცის გასაგონად წერს, დარწმუნებული, რომ მავანი ამას წაიკითხავს, „სწორად გაიგებს“ და მის სიმწრით გადარჩენილ შვილებს მოულოდნელად არ დაადგება და არ მოუსწრაფებს სიცოცხლეს „ხალხის მტრის“ იარლიყით“, - ამბობს ნინო ბადაშვილი.

200-გვერდიან მოგონებების წიგნში მარო თარხნიშვილი არაფერს წერს ქმრის, დიმიტრი თარხან-მოურავის, სიკვდილის მიზეზებზე, არადა, გამოცემის რედაქტორისა და საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელის, ქეთევან ასათიანის, თქმით, დიმიტრი თარხან-მოურავი ბოლშევიკებმა დახვრიტეს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ.

მარო თარხნიშვილი და მისი მეუღლე დიმიტრი თარხან-მოურავი
მარო თარხნიშვილი და მისი მეუღლე დიმიტრი თარხან-მოურავი

„როგორი კავშირი ჰქონდა დიმიტრი თარხან-მოურავს აჯანყებულებთან, თანაუგრძნობდა მათ თუ, უბრალოდ, ეჭვი ჰქონდათ მასზე მიტანილი, ამის შესახებ არაფერი ვიცით, იმიტომ რომ ამის თაობაზე მარო საგულდაგულოდ დუმს. მთელ მის ცხოვრებას, მთელ მის მოგონებებს გასდევს ამ ტრაგედიის ხაზი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველგან ცდილობს თავისი ცხოვრების ამ ტრაგიკული მომენტის დაფარვას და არასოდეს არ უსვამს ხაზს იმას, რომ დიმიტრი დახვრიტეს. ერთგვარი ტაბუ ჰქონდა ამ საკითხს დადებული, თუმცა წერს, რომ სამჯერ დამენგრა ოჯახიო, სამჯერ დავკარგე ყველაფერიო და ამაში 1924 წლის ტრაგედიასაც გულისხმობს, რადგან, როგორც წესი, დახვრეტას მოჰყვებოდა ხოლმე ქონების სრული კონფისკაცია“, – ამბობს ქეთევან ასათიანი.

მარო თარხნიშვილი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაურბოდა თავისი ოჯახის ტრაგედიაზე საუბარს, გაურბოდა არა მხოლოდ საჯარო სივრცეში, არამედ ყოფით ვითარებაშიც. არადა, მომღერლის შვილიშვილის, მარიკა კვალიაშვილის, თქმით, ბოლშევიკები ასევე აპირებდნენ მისი ბიძის, ანუ მარო თარხნიშვილის 15 წლის ვაჟის, დახვრეტასაც:

ქეთევან ასათიანი
ქეთევან ასათიანი

“მამა-შვილი ერთად დაიჭირეს. წაიგდეს ბიძაჩემი წინ და ცხენებშუა ჩაყენებული წაიყვანეს დასახვრეტად, მაგრამ ბებიამ, საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ქალმა, რომელსაც კიდევ ორი შვილი ჰყავდა (9 და 11 წლის, დედაჩემი და დეიდაჩემი, რომლებიც გლეხებმა შეიფარეს), თავი არ დაზოგა და უდიდესი რისკის ფასად გადაარჩინა დასახვრეტად გამზადებული, თხრილში მუხლებზე დაყენებული არასრულწლოვანი შვილი. როგორც იტყვიან, სულზე მიუსწრო, უკვე გამზადებული ჰყავდათ, თვალებიც კი ახვეული ჰქონია. აბა, წარმოიდგინეთ, როგორი გადასატანი იყო ეს, ანდა როგორი გასახსენებელი და გასამეორებელი?! ბებიას გაზრდილი ვარ, ახლაც კი ბებიის სახლში ვცხოვრობ, მაგრამ ჩვენც კი არ გვიყვებოდა ამ ამბავს. ეგ კი არა, არც ერთხელ არ გამოუხატავს სურვილი თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნებისა, სადაც ბავშვობის უბედნიერესი წლები გაატარა და სადაც ამხელა ტრაგედია დაატყდა თავს. რომ წამოვიზარდეთ, ვეტყოდით ხოლმე, წავიდეთ კავთისხევში, ვნახოთ თქვენი ნაფუძვარი სად არისო, მაგრამ ვერასოდეს დავითანხმეთ. ეგ კი არა, შვილებს არ აძლევდა უფლებას, რომ ჩვენ, მისი შვილიშვილები, წავეყვანეთ კავთისხევში. სულ ჰქონდა იმისი შიში, რომ რეპრესირებულები იყვნენ“.

თუმცა, ამგვარი შიშის მიუხედავად, მარო თარხნიშვილმა გვერდი ვერ აუარა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდს და ჩანაწერებზე მუშაობისას გაიხსენა ქართულ კლუბში გამართული ბანკეტი, სადაც მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია თამადობდა:

  • „ნოე ჟორდანიამ ყველა მონაწილე მსახიობი მიგვიწვია მაგიდაზედ. განკარგულება იყო გაცემული, თარხნიშვილების დებმა ქართული კაბები არ გაიხადონო. დავსხედით. დილამდე არავინ არ გაგვიშვეს. ,,დუხავოი“ ორკესტრზედ ლეკური ითამაშა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, დამიკრა თავი, არ გამოვიდა უარი. როგორც ერთი წრე შემოვუარეთ მთლიანად, ჯარის უფროსმა (გვარი არ მახსოვს) ჩამოართვა ჩემი თავი. გავიარეთ ერთი წრე და მე დავამთავრე. თან მახლდა მეუღლე, დიმიტრი ზაალის ძე თარხან-მოურავი. შეიკრა შუბლი, იეჭვიანა ნამდვილათ და ძალიან უსიამოვნოთ გახდა, რამაც ჩემზედ იმოქმედა. ასე ჩუმად ჩავატარეთ ის წყენა და სახლში მშვიდათ დავბრუნდით“.
მარო თარხნიშვილი ანსამბლთან ერთად
მარო თარხნიშვილი ანსამბლთან ერთად

მარო თარხნიშვილმა თავისი პირველი სამოყვარულო გუნდი 13 წლის ასაკში ჩამოაყალიბა, პროფესიულ საქმიანობას კი 1910 წლიდან, 19 წლის ასაკში, მიჰყო ხელი. აი, რას წერს თამარ სეხნიაშვილი მარო თარხნიშვილზე წერილში „პირველი ქალი ლოტბარი“:

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქალი სათავეში ჩაუდგა ხალხური სიმღერების გავრცელებას და ფართო საგანმანათლებლო საქმეს. დიდია მისი ღვაწლი ხალხური სიმღერების, კერძოდ, ქართლ-კახური სიმღერების დაცვასა და გავრცელებაში. ბევრი დამტკბარა მაროს ოსტატური სიმღერითა და ტკბილი ხმით. სანიმუშოა, მაგალითად, მაროს ქართლური „ურმული“ და „ოროველა“.

ეთნომუსიკოლოგი გია ბაღაშვილიც მიიჩნევს, რომ მარო თარხნიშვილი განუმეორებელი მოვლენაა ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიაში:

„გარდა იმისა, რომ ხელმძღვანელობდა გუნდებს, მის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი ვარიანტი სხვადასხვა სიმღერისა, რომელიც მარო თარხნიშვილის ვარიანტად შევიდა ქართული სასიმღერო ხელოვნების ისტორიაში, მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც მე გამოვარჩევდი, არის ის, რომ მარო თარხნიშვილი გვევლინება ერთ-ერთ საუკეთესო ქალ მომღერლად ხალხურ მუსიკაში, თანაც ძალზე თავისებურ მომღერლად, რადგანაც მის საშემსრულებლო მანერას ვერაფრით გაიმეორებ. თუ გაიმეორებ, ძალიან დიდი ხიფათია იმისა, რომ გამოვიდეს არა მხოლოდ მეორადი, უსიცოცხლო ასლი (რაც ხშირად ხდება დიდი მომღერლების მიბაძვისას), არამედ, შესაძლოა, გადახვიდე ზღვარს, რომელსაც ის საოცარი შემოქმედებითი ინტუიციისა და შინაგანი მუსიკალური კულტურის წყალობით ძალიან კარგად იცავდა და ბალანსირებდა. ვგულისხმობ იმას, რომ ის ტოლ-სწორად მღეროდა მამაკაცი პარტნიორების გვერდით. ვგულისხმობ იმ რეპერტუარს, რომელიც მამაკაცების შესრულებით არის ცნობილი. წმინდა ვოკალური თვალსაზრისით ეს ძალიან დიდი სირთულე გახლდათ. წარმოიდგინეთ, იგი მღეროდა პირველ ხმას „მრავალჟამიერის“ ცნობილ ვერსიაში, რომელიც მარო თარხნიშვილის ვარიანტად არის ცნობილი, და მის გვერდზე მეორე ხმად მღეროდა პარტნიორი მამაკაცი. საოცრად ღრმად, სავსედ ისმის მისი ხმა. ცალკე განსახილველია მისი შესრულების მანერა, მისი ჩუქურთმები, მელიზმები“.

მარო თარხნიშვილი ანსამბლთან ერთად
მარო თარხნიშვილი ანსამბლთან ერთად

მარო თარხნიშვილი მღეროდა თავის უფროს დასთან ერთად. თავდაპირველად მისი ანსამბლი ექვსი წევრისგან შედგებოდა („მე და ჩემი უფროსი და, ეკატერინე, და ოთხი კაცის ბანიო“, წერს), თუმცა 30-იანი წლების დასაწყისში მომღერალთა რაოდენობა სამ ათეულამდე გაიზარდა. მარო თარხნიშვილის ვოკალური ჯგუფი ითვლებოდა რესპუბლიკის მოწინავე მუსიკალურ კოლექტივად, თუმცა მოსკოვში ხელოვნების პირველ დეკადაზე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ლავრენტი ბერიამ, სულ სხვა შემსრულებლები წაიყვანა. მოგონებებში მარო თარხნიშვილი ორჯერ ასხენებს ბერიას და ორჯერვე გარეწრად მოიხსენიებს. მომღერალი ვარაუდობს, რომ დეკადის მიღმა მისი დატოვება ფატალურად დასრულდებოდა, რომ არა შემთხვევითობა - სტალინის დამოკიდებულება მისი ნამღერისადმი.

  • „დამთავრდა დეკადა. დაბრუნდნენ მონაწილეებიც, მხვდებიან გზაში, მოდიან სახლში, მიამბობენ დაწვრილებით: სტალინმა დაპატიჟა ქართველებიო ვახშმათ და იქ ჰკითხა ხმამაღლა ლ. ბერიას, რატომ თარხნიშვილის დები არ მონაწილეობენ დეკადაზეო. იმ გარეწარმა თურმე უსირცხვილოთ უპასუხა, ავად გახლდათ და წამოსვლა ვერ შეძლოვო. სტალინმა ოთახიდან გამოიტანა ფირფიტები, გადაუსვა ხავერდის ნაჭერი, დაუდო მაგნიტოფონზედ, დაუკრა ჩემი ნამღერი „ურმული“ და „კახური მრავალჟამიერი“ და მოუბრუნდა და უთხრაო: აი ნამდვილი მომღერალი ეს არისო. ჩაწერონ კომპოზიტორებმა, ისწავლონ ამათგანო, სწავლა სირცხვილი არ არისო“, ვკითხულობთ მარო თარხნიშვილის მოგონებებში და ცხადი ხდება, რომ „დიდი ბელადის“ ამ სიტყვებს უხსნია მომღერალი „ადგილობრივი ბელადის“ რისხვისგან.
მარო თარხნიშვილი ანსამბლთან ერთად
მარო თარხნიშვილი ანსამბლთან ერთად

მაინც რა განაპირობებდა მარო თარხნიშვილის ხმისა და ნამღერის უნიკალურობას? რატომ მოსწონდა მისი შესრულება როგორც მასობრივ მაყურებელს, ასევე აღიარებულ სპეციალისტებს? რატომ ითვლება მარო თარხნიშვილი ქართული ხალხური სიმღერების გამორჩეულ შემსრულებლად დღემდე?

„ჰქონდა არაჩვეულებრივი ტემბრი, კონტრალტო, რომელიც იშვიათი ხმაა. მერე როგორ იყენებდა ამ ხმას, როგორი მელიზმებით მღეროდა! თანაც მღეროდა ავთენტურ სიმღერებს, სოფლიდან წამოღებულს და არა გამეორებულსა და სხვებისგან გადაღებულ სიმღერებს. როგორი ნატურალური სახითაც არსებობდა ეს სიმღერები, ისეთად მოჰქონდა და, მიუხედავად დიდი უბედურებისა, თავისი ულამაზესი ტემბრითა და საშემსრულებლო ოსტატობით, გარეგნობითა და ოჯახიშვილობით იქცევდა ყურადღებას“, - უთხრა მომღერლის შვილიშვილმა, მარიკა კვალიაშვილმა, რადიო თავისუფლებას.

მარო თარხნიშვილმა და მისმა დამ, ეკატერინემ, ერთად ორმოცი წელი იმღერეს. 40-იან წლებში მათი ანსამბლი 38 წევრს ითვლიდა. ეკატერინეს პირველი ხმა ჰქონდა, მაროს - მეორე.

  • „ერთად კარგად გვქონდა ხმები შეჩვეული და რაც კი ძლიერი სიმღერები არსებობს ქართლისა და კახეთისა, სწორედ იმ სიმღერებს ვასრულებდით. ქართლ-კახურ სიმღერებს იმდენი ვარიაციები აქვს, რომ ისეთ ვარიაციებს მრავლობითი მომღერლები ვერასოდეს ვერ შეასრულებენ. იმ ვარიაციებს განსაკუთრებული ყელი სჭირდება და ყველა ერთად ვერ მოატრიალებს გარკვეული სილამაზით... ყველას არ აქვს უნარი და შესაძლებლობა ყელის მოხმარებისა“, წერს მოგონებებში მარო თარხნიშვილი, რომელმაც თავისი განსაკუთრებული ყელის მოხმარების უნარი შეიძინა მშობლიურ კავთისხევში, სადაც სოფლის ახალგაზრდებს აიყოლიებდა და, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, დიდ კალოზე ლხინს გააჩენდა ხოლმე:

„აი, სად შევეჩვიე სიმღერებს. სექტემბრის ბოლომდე ვერ ასწრებდნენ პურის ლეწვას და სულ მუდამ ისმოდა კალოური სიმღერა, „ურმული“, „მუშური“, „მრავალჟამიერი“ სწორეთ მამის ოჯახში და მის გარშემო მეტი რა ისმოდა!“

მარო თარხნიშვილი თავის ჩანაწერებში იხსენებს ასევე გორის მიწისძვრას - თუ როგორ პირწმინდად დაენგრა სახლი და ხელახლა მოუხდა ცხოვრების დაწყება; როგორ მოუკლეს ბოლშევიკებმა ახალგაზრდა ქმარი, მაგრამ არ გატყდა და მარტო გაზარდა სამი მცირეწლოვანი შვილი; მატერიალური შეჭირვების გამო როგორ მიატოვა კონსერვატორია და უარი თქვა იტალიაში სწავლის გაგრძელებაზე; როგორ მოულოდნელად გარდაეცვალა გულის შეტევით მეორე მეუღლე და ერთგული მეგობარი; როგორ დაკარგა ხმა ერთ დღეში ჩატარებული თორმეტი კონცერტის შემდეგ და როგორ დუმდა რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე არ დაუბრუნდა თავისი ძლიერი და განუმეორებელი ხმა; როგორ არ ჩაიქნია ხელი მის მიერ დაარსებული სახელმწიფო ანსამბლიდან წასვლის შემდეგ და სხვა მუსიკალურ ჯგუფებთან გააგრძელა მუშაობა და ა.შ. - ამ და ბევრ სხვა ამბავს იხსენებს მარო თავის მოგონებებში, თუმცა კიდევ უფრო მეტი ამბავი, სავარაუდოდ, არ გაამხილა, ქაღალდზე არ გადაიტანა. ალბათ, ამიტომაც, თითქოს თავს იმართლებს, მოგონებების პირველივე გვერდზე წერს, „ეს მახსოვს მე, მაროს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG