Accessibility links

500 წლის წინ, 1517 წლის 31 ოქტომბერს, გერმანელმა ბერმა, თეოლოგმა მარტინ ლუთერმა გამოაქვეყნა რომის კათოლიკური ეკლესიის კრიტიკის შემცველი 95 თეზისი, რაც მიჩნეულია რეფორმაციად წოდებული მოძრაობის დასაწყისად. თეოლოგის კრიტიკა, პირველ რიგში, მიმართული იყო ეკლესიაში

მარტინ ლუთერის დამსახურებად ითვლება ეკლესიის უაღრესად გავლენიანი ინსტიტუტის უშიშარი კრიტიკა და ყურადღების ცენტრში რწმენის მიმართ ინდივიდის დამოკიდებულების მოქცევა, ისევე როგორც ბიბლიის საუცხოო გერმანული თარგმანის შექმნა.

ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ. ლუთერს სჯეროდა, რომ ინდულგენციის შეძენით შეუძლებელია ცოდვის გამოსყიდვა. ერეტიკოსად შერაცხვის, შემდეგ კი სიკვდილით დასჯის საფრთხის მიუხედავად, მან უარი თქვა საკუთარი პოზიციიდან გადახვევაზე. ცნობილია სიტყვები, რომლებიც მარტინ ლუთერმა წარმოთქვა 1521 წელს ვორმსის რაიხსტაგზე, სადაც მისგან უშედეგოდ მოითხოვეს გახმაურებული თეზისების უარყოფა: „აქ ვდგავარ. სხვაგვარად არ ძალმიძს. ღმერთი იყოს ჩემი შემწე“. რომის კათოლიკური ეკლესიის რეფორმირების მცდელობა დროთა განმავლობაში რამდენიმე მიმართულებად დაიშალა და სხვადასხვა პროტესტანტულ ეკლესიად ჩამოყალიბდა, მათ შორის ლუთერანებად და კალვინისტებად. გერმანიაში, სადაც მარტინ ლუთერი 1483 წელს დაიბადა და 1546-ში გარდაიცვალა, მთელი წელია, საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ ამ ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენის მე-500 წლისთავს.

აქ ვდგავარ. სხვაგვარად არ ძალმიძს. ღმერთი იყოს ჩემი შემწე...

მთავარი საიუბილეო ღონისძიებები იმართება 31 ოქტომბერს ქალაქ ვიტენბერგში, რადგან, გადმოცემით, ლუთერმა სწორედ ვიტენბერგში გააკრა სასახლის ეკლესიის კარზე თავისი 95 თეზისი. გერმანელი მოაზროვნისა და რელიგიური მოღვაწის დამსახურებად ითვლება ეკლესიის უაღრესად გავლენიანი ინსტიტუტის უშიშარი კრიტიკა და ყურადღების ცენტრში რწმენის მიმართ ინდივიდის დამოკიდებულების მოქცევა, ისევე როგორც ბიბლიის საუცხოო გერმანული თარგმანის შექმნა.

ლუთერთან დაკავშირებული მთავარი ფაქტები:

  • მარტინ ლუთერი დაიბადა 1483 წლის 10 ნოემბერს საქსონიაში, ქალაქ აისლებენში.
  • ბერად მისი აღკვეცა უკავშირდება 1505 წლის 2 ივლისს მომხდარ ამბავს: ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს, როცა მის მახლობლად მეხი ჩამოვარდა, შეშინებული ლუთერი გადარჩენას შეევედრა წმინდა ანას და ბერად აღკვეცის პირობა დადო.
  • იმავე წელს გახდა ავგუსტინელთა ორდენის წევრი.
  • 1507 წლიდან შეუდგა თეოლოგიის შესწავლას და 1511 წელს გახდა პროფესორი ვიტენბერგის სასწავლებელში.
  • 1517 წლის 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა კათოლიკური ეკლესიის კრიტიკის შემცველი 95 თეზისი.
  • 1521 წელს ლუთერმა ვორმსის რაიხსტაგზე დაიცვა თავისი პოზიცია და უარი თქვა საკუთარი თეზისების დაგმობაზე.
  • ლუთერი რომის კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთეს, მისი სწავლება აიკრძალა. გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიაში აიკრძალა მისთვის თავშესაფრის მინიჭება, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ლუთერის მოკვლა ისე, რომ ამისათვის სასჯელი არ ემუქრებოდა.
  • მაგრამ ლუთერს უკვე ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა: ის საქსონიის დიდი მთავრის, ფრიდრიხ ბრძენის დახმარებით გაიქცა და თავი შეაფარა ვარტბურგის ციხე-სიმაგრეს, სადაც ბიბლიის თარგმნას შეუდგა.
  • 1522 წელს გამოქვეყნდა „ახალი აღთქმის“ ლუთერისეული თარგმანი.
  • 1524 წელს მარტინ ლუთერმა ბერის სამოსი გაიხადა და დაქორწინდა ყოფილ მონაზონზე, კატარინა ფონ ბორაზე.
  • იმავე წელს გლეხებმა წამოიწყეს აჯანყება იმის იმედით, რომ რეფორმაციის მოძრაობა ხელს შეუწყობდა მჩაგვრელი საერო თუ სასულიერო ელიტის წინააღმდეგ ბრძოლას.
  • მაგრამ ლუთერი განზე გადგა - გადაჭრით დაგმო გლეხთა აჯანყებასთან დაკავშირებული ძალადობა.
  • 1534 წელს გამოქვეყნდა ბიბლიის ლუთერისეული სრული თარგმანი.
  • მარტინ ლუთერი გარდაიცვალა 1546 წლის 18 თებერვალს, აისლებენში. ის ვიტენბერგში დაკრძალეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG