Accessibility links

პარლამენტმა დაამტკიცა მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღა“


პარლამენტის სხდომათა დარბაზი

29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის“ სახელით ცნობილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს რვა სხვადასხვა კანონში. ერთ-ერთ უმთავრეს აქცენტს წარმოადგენს სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის შემოღება, რომლის პრაქტიკაში დანერგვის გაჭიანურებულ ვადებთან დაკავშირებით პრეტენზია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც გამოითქვა. არასამთავრობო სექტორში მიესალმებიან „მესამე ტალღის“ დამტკიცებას, თუმცა ამას გარკვეულწილად დაგვიანებულ და არასაკმარის სვლად მიიჩნევენ.

ხუთშაბათს დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, რომელიც აერთიანებს ცვლილებებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვრება 28 წევრით, უქმდება უზენაესი სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეთა მოადგილეების პოსტები. ამასთან, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეებს შესაბამისი სასამართლოების მოსამართლეები აირჩევენ და მათ აღარ დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ცვლილებით განისაზღვრება ცალკეული პროცედურული საკითხებიც.

ეს უნდა ამოქმედდეს ეტაპობრივად, რაღაც პერიოდის განმავლობაში... პილოტ-რეჟიმში შესაძლოა ამგვარად განხორციელდეს. ხოლო რაც შეეხება სრულად ამოქმედებას, ეს იქნება პერიოდი 2017 წლის ბოლო. სავარაუდოდ, ასე იქნება...
მიხეილ სარჯველაძე

აქვეა სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის შემოღების საკითხიც, რომელიც აწ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთ „მთავარ ღირსებად“ მოიხსენია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა. მის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული კომენტარები ცხადყოფს, რომ ამ წესის პრაქტიკაში დანერგვის პროცესი მას გაჭიანურებულად მიაჩნია და სწორედ ამ ქვეტექსტის შემცველია ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც მან პარლამენტის სხდომაზე დაუსვა საკანონმდებლო პაკეტის წარმდგენს, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძეს:

”თქვენი სამინისტრო გვარწმუნებდა, რომ სულ სამი-ოთხი თვე დასჭირდებოდა ელექტრონული განაწილების სისტემის დანერგვას 2016 წლის გაზაფხულზე. ახლა გვთავაზობთ, რომ ეს სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდეს... იქნებ აგვიხსნათ, რა ტექნიკური ხერვეზები და პრობლემები წარმოიშვა, რის გამოც თქვენი ეს თავდაპირველი პოზიცია შეიცვალა”.

ზაქარია ქუცნაშვილს აშკარად არ აკმაყოფილებს ვადები, რომლის ფარგლებშიც სავარაუდოა საქმეთა განაწილების ელექტრონული წესის დანერგვა. თუკი იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძის სიტყვებით ვიმსჯელებთ, ელექტრონული წესის დანერგვა მომავალი წლის ბოლოსთვის უნდა მოხერხდეს. მანამდე კი საპილოტე პროგრამა ამოქმედდება რუსთავის საქალაქო სასამართლოში:

„პროგრამა მზად იქნება იმისთვის, რომ პილოტირება დავიწყოთ. ამისთვის მზად იქნება, დაახლოებით, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში. რაც შეეხება მთლიანად მთელ საქართველოში, ყველა სასამართლო ინსტანციაში (რომლებიც, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა სპეციფიკის მატარებელია), ამისთვის აუცილებელია, რა თქმა უნდა, რომ ავიღოთ უფრო ხანგრძლივი ვადა - მომდევნო წლის განმავლობაში მთლიანად ამ პროცესის დასრულება... ეს უნდა ამოქმედდეს ეტაპობრივად, რაღაც პერიოდის განმავლობაში... პილოტ-რეჟიმში შესაძლოა ამგვარად განხორციელდეს. ხოლო რაც შეეხება სრულად ამოქმედებას, ეს იქნება პერიოდი 2017 წლის ბოლო. სავარაუდოდ, ასე იქნება“.

გია გვილავა
გია გვილავა

საქმეთა ელექტრონული წესით განაწილებას, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთ უმთავრეს გარანტს, უკვე დიდი ხანია ელოდება სამოქალაქო საზოგადოება. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა გია გვილავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს წესი დაუპირისპირდება სასამართლოთა თავმჯდომარეების ხელთ არსებულ უზარმაზარ ბერკეტებს, რომ სუბიექტური ინტერესების შესაბამისად განაწილდეს განსახილველი საქმეები მოსამართლეებს შორის. გია გვილავა თვლის, რომ ელექტრონული წესის დანერგვა აშკარად გაჭიანურდა და ეს შესაბამისი ნების არარსებობით იყო განპირობებული. გარდა ამისა, ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ დამტკიცებულ საკანონმდებლო პაკეტში ერთი ძალიან საეჭვო ნორმა გაჩნდა ძალიან საეჭვო ვითარებაში:

„ეს ეხება უზენაესი სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების განთავისუფლებას გამოსაცდელი ვადისგან და მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება გათვლილია ძალიან კონკრეტული ჯგუფის ინტერესებზე და იგი არ ემსახურება მთლიანობაში მართლმსაჯულების ინტერესებს. საუბარია ჯგუფზე, რომელზეც დიდი ხანია უკვე ლაპარაკობს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, ასევე ყველა ოპოზიციური პარტია ამ ქვეყანაში. ეს არის დღეს მოქმედი ძალიან მოძლიერებული ჯგუფი, რომელსაც უკავია უმრავლესობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და რომლებიც წარმოადგენენ ძირითადად სასამართლოთა თავმჯდომარეებსა და მოადგილეებს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი გია გვილავა ზოგადად წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს „მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის“ დამტკიცებას, თუმცა გადადგმულ ნაბიჯს არასაკმარისად თვლის და, ამასთან, პროცესს დაგვიანებულადაც მიიჩნევს. მისი აზრით, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ეს პაკეტი მერვე მოწვევის პარლამენტსაც დაემტკიცებინა, რადგან საქმე თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის ნება არ არსებობდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG