Accessibility links

მეარაყიშვილი კოლეგებს დახმარებას სთხოვს


ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც გუშინ დააკავეს, თავისუფალია და სახლში იმყოფება, თუმცა მას პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მისვლა ხვალაც მოუწევს.

თამარ მეარაყიშვილი გუშინ საღამოს სახლთან ახლოს ახალგორის პროკურატურის წარმომადგენელმა, ალან ბიაზროვმა, ბრალდებისა და შესაბამისი დოკუმენტების წარუდგენლად დააკავა და მილიციის განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც დაკითხვა ღამის 12 საათამდე გაგრძელდა. დაკავებისას მან მოასწრო და რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტთან დარეკა და დაკავების შესახებ აცნობა. მეარაყიშვილი დღეს დილით პროკურატურაში ისევ დაკითხეს და ხვალამდე გაათავისუფლეს, ხვალ იგი ადვოკატთან ერთად უნდა გამოცხადდეს. თამარ მეარაყიშვილი შინ დაბრუნებისთანავე რადიო თავისუფლებას დაუკავშირდა და ბრალდების დეტალებზე ესაუბრა. როგორც ცნობილი ხდება, იგი ეჭვმიტანილია მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ წევრ სპარტაკ დრიაევის მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებში. „ედინაია ოსეტიას“ თავმჯდომარე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვია. თამარ მეარაყიშვილი ამ ყველაფერს დაშინების მცდელობად მიიჩნევს.

გუშინ საღამოს მეარაყიშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკის დროს მისი მშობლები და შვილი იმდენად ცუდად გახდნენ, რომ საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება. როგორც ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განმარტეს, სახლში ექსტრემისტულ ლიტერატურას ეძებდნენ. წაიღეს ყველაფერი - ტელეფონები, კომპიუტერი და სავიზიტო ბარათებიც კი.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან”, რესპონდენტის სტატუსით, რაიონის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის, ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე მუდმივად წერს და საუბრობს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვაზე პირველად არ დაუბარებიათ, 2017 წლის 8 ივნისს კი თამარ მეარაყიშვილი, დაშინების მიზნით, ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს გაიტაცეს. . სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში, დააბრუნეს, თუმცა კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ, არ პასუხობს. მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს, ივნისში, დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონების საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

მეარაყიშვილის დაკავებას გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი. სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე მიიჩნევს, რომ მეარაყიშვილს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და, გარდა ამისა, იზღუდება მისი გამოხატვის თავისუფლებაც. კაციტაძე როგორც დე ფაქტო, ისე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მეარაყიშვილის დაკავების ფაქტზე სასწრაფო რეაგირება მოახდინონ და დაიცვან მისი უფლებები.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აუცილებლად მიიჩნევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედებას. მისი თქმით, მეარაყიშვილის დაკავება მაშინვე ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც პროცესში ჩაერთვნენ. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო ძალისხმევით მეარაყიშვილის მიმართ დევნის შეწყვეტა მოხერხდება.

თამარ მეარაყიშვილს უფლება არა აქვს ადვოკატი ახალგორში თბილისიდან ჩაიყვანოს, რადგან ამისთვის სპეციალური საშვია საჭირო, ცხინვალელ ადვოკატებს კი არ ენდობა, რადგან, მისი აზრით, მათზე ბიბილოვის ხელისუფლება ზეწოლას ადვილად განახორციელებს. ამიტომ ერთადერთ გზად ვლადიკავკაზიდან ადვოკატის მოწვევა რჩება, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მეარაყიშვილი კოლეგებს დახმარებას სთხოვს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG