Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების მედიაგაშუქებას ევროკავშირი დააკვირდება


ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია
საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მედიაგაშუქებას არასამთავრობო ორგანიზაციები შეისწავლიან. მედიამონიტორინგს ევროკავშირი აფინანსებს და გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს. მონიტორინგის ეტაპობრივ შედეგებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოველკვირეულ პროგრამაში განიხილავენ. პროექტზე 450 ათასი ევროა გამოყოფილი. მედიამონიტორინგის დაწყებასთან დაკავშირებით 25 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ეს არის მონიტორინგის ახალი რაუნდი. პირველი რაუნდი 20011 წლის ივლის-დეკემბერს მოიცავდა და ითვალისწინებდა მედიამონიტორინგს სოციალურ-ეკონომიკური თემების გაშუქების თვალსაზრისით.

4 არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება ქართულ მედიას, ტელევიზიებს, პრესას, რადიოებს და ინტერნეტგამოცემებს და წარმოადგენს დასკვნას, თუ როგორ შუქდება საარჩევნო კამპანია - როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო - და უშუალოდ საარჩევნო პროცესი. მონიტორინგის მიზანია შეფასდეს გაშუქებული მასალის რაოდენობა, ასევე მისი თვისებრივი და შინაარსობრივი მხარე.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა აღნიშნა 25 აპრილის პრესკონფერენციაზე, ევროკავშირი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებას მედიის მონიტორინგში, რათა მესამე სექტორი საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს. ფილიპ დიმიტროვი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მცდელობა ეფექტიანი იქნება:

”საარჩევნო კულტურა უნდა გაძლიერდეს იმ მიმართულებით, რომ ხალხს იმედი ჰქონდეს სამართლიანი თამაშის, რომ დამარცხებასაც და გამარჯვებასაც აზრი აქვს, და, რა თქმა უნდა, იყოს მზადყოფნა შედეგების მიღებისა, რაც დემოკრატიის ამოსავალი წერტილია. რა თქმა უნდა, ამის მიღწევა რთულია, თუ არ არის განცდა, აღქმა იმისა, რომ ხალხი კარგად არის ინფორმირებული, რომ ადამიანებს ხელი მიუწვდებათ ინფორმაციაზე, რომ ვინმეს ხმა არ არის დახშული, რომ არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მას, ვისაც პოზიციის გამოხატვა სურს, შეიძლება გარიყული აღმოჩნდეს. და ამიტომაც ასე მნიშვნელოვანია მედიაზე დაყრდნობა.”
მედიამონიტორინგი ხელს შეუწყობს უფრო მაღალი სტანდარტისა და პროფესიონალიზმის დამკვიდრებას, რაც გადამწყვეტია ამ საპარლამენტო - შემდეგ კი საპრეზიდენტო - არჩევნების წელს...
ჯეიმი მაკგოლდრიკი

დიმიტროვის მსგავსად, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ჯეიმი მაკგოლდრიკიც იმედოვნებს, რომ ქართული მედიის განვითარების, საზოგადოების სწორი ინფორმირებისა და მთელი დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობის შედეგად, წინასარჩევნოდ „გამჭვირვალე, დაბალანსებული და ობიექტური“ მედიაგარემო შეიქმნება:

”სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვჯერა, რომ გავაუმჯობესებთ ქართული მედიის ხარისხს. მედიამონიტორინგი ხელს შეუწყობს უფრო მაღალი სტანდარტისა და პროფესიონალიზმის დამკვიდრებას, რაც გადამწყვეტია ამ საპარლამენტო - შემდეგ კი საპრეზიდენტო - არჩევნების წელს. ვფიქრობ, სიღრმისეული განვითარება როგორც მაუწყებლების, ასევე ინდივიდუალური ჟურნალისტების ცენტრალური ნაწილია დემოკრატიის ჩამოყალიბებაში.”

აქვე ვთქვათ, რომ მედიამონიტორინგს განახორციელებს „კავკასიის კვლევითი რესურსცენტრი“ (CRRC), რომელიც ტელევიზიების პრაიმ-ტაიმში საარჩევნო საკითხების გაშუქებას დააკვირდება, პრესას „სამართლინი არჩევნები“ შეისწავლის, რადიოებს - „ინტერნიუს საქართველო“, ხოლო ინტერნეტმედიას - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).

მედიამონიტორინგი მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს. პირველი ეტაპი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას ითვალისწინებს, დეკემბრამდე გასტანს. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მსგავსი მონიტორინგი უპრეცედენტოა, თუნდაც დაკვირვებისთვის გამოყოფილი დროის თვალსაზრისით. წინასაარჩევნო პერიოდში მედიამონიტორინგი 2010 წელსაც განხორციელდა და მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაგაშუქებას სწავლობდნენ, 2011 წელს კი 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ევროკავშირის დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, სოციალური და ეკონომიკური საკითხების მედიამონიტორინგი ჩაატარა, რომლის შედეგების პრეზენტაცია 25 აპრილს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელი საარჩევნო წელი არ იყო, ის იყო საარჩევნო კანონმდებლობის ფორმირების წელი, ამბობს ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი. მისი ორგანიზაცია საარჩევნო თემების გაშუქებას აკვირდებოდა:
ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

”ყველაზე ნაკლები გაშუქება ამ თემებისა საინფორმაციო გამოშვებებში „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ მოდის. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მათ არ აქვთ თოქ-შოუები. შემდეგ უკვე „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მოდის, რომელიც პასიური იყო ნოემბრის თვემდე, თუმცა ნოემბერ-დეკემბერში გააქტიურდა და გაცილებით მეტი დრო დაუთმო ამ საკითხების გაშუქებას. ყველაზე დიდი წილი კი მოდის ტელეკომპანიებზე „კავკასია“ და „მაესტრო“, რომლებმაც არჩევნების გაშუქებას საერთო საეთერო დროის 90% დაუთმეს.”

ნინო ლომჯარიას განცხადებით, რაოდენობრივი გაშუქების გარდა, საინტერესო იყო შინაარსობრივი ანალიზი, რომლის მიხედვითაც, შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა: საინფორმაციო გამოშვებები გაცილებით დაბალანსებულია, ვიდრე საავტორო თოქ- შოუები, სადაც მეტი ტენდენციურობა ჩანს - ზოგ შემთხვევაში სახელისუფლო, ზოგში კი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG