Accessibility links

კონფლიქტი სიტყვით იწყება და ამ სიტყვის გამტარი ხშირ შემთხვევაში მედიაა. ჟურნალისტიკას სიძულვილის ენით, მტრის ხატის შექმნით, სტერეოტიპების გაღრმავებით კონფლიქტის გამწვავება შეუძლია, მაგრამ ეთიკური, სამართლიანი, მრავალმხრივი, მიუკერძოებელი და ობიექტური ჟურნალისტიკა კონფლიქტის დეესკალაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, ემოციების გვერდით გადადება - ეს სიტყვები ყველაზე ხშირად ისმოდა ქუთაისში გამართულ მედიატრენინგზე, რომელსაც 6 ქვეყნის 17 ჟურნალისტი ესწრებოდა. თეორიული კურსის გარდა, მათ პრაქტიკული სავარჯიშოებიც გააკეთეს - გავიდნენ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში და რეპორტაჟები ერთად მოამზადეს.

სომეხმა, აზერბაიჯანელმა, უკრაინელმა, მოლდოველმა, რუსმა და ქართველმა ჟურნალისტებმა დაივიწყეს საკუთარი წარმომავლობა და ეცადნენ ნეიტრალური პოზიციიდან დაენახათ ვითარება, რომელიც კონფლიქტმა შექმნა. გარდა ამისა, ჟურნალისტებს მიეცათ საშუალება საქართველოში არსებული კონფლიქტები საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტებისთვის შეედარებინათ.

ისმაილ ფატალიევი ბაქოში საინფორმაციო სააგენტო „აპაში“ მუშაობს. კონფლიქტების თემას ხშირად აშუქებს. მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის მიმართულებით პროცესები უფრო მძიმედ ვითარდება და ხშირად ცხელ ფაზაში გადადის. ისმაილის დაკვირვებით, აფხაზებსა და ქართველებში ურთიერთობის სურვილი უფრო დიდია, ვიდრე აზერბაიჯანელებსა და სომხებში. ისმაილის აზრით, ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები კონფლიქტების გაშუქებისას ვერ ძლევენ ემოციებს, დგებიან საკუთარი ხელისუფლების მხარეს და, შესაბამისად, ჟურნალისტური პროდუქტი არ გამოდის ობიექტური. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული პატრიოტიზმი კონფლიქტების მოგვარებას ხელს ვერ უწყობს, ასეთ ტრენინგებზე კი შესაძლებელია საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ასმიკ ვანციანი ერევანში საინფორმაციო სააგენტო „პანარმენიანნეტის“ ჟურნალისტია. მას ყველაზე მეტად ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების ტრენინგი დაამახსოვრდა. გარდა ამისა, მან აზერბაიჯანელ კოლეგებთან ურთიერთობისას რამდენიმე აღმოჩენა გააკეთა. მისი აზრით, კონფლიქტების მოგვარებისას დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია.

დმიტრი ოკრესტი მოსკოვში „ერბეკას“ ჟურნალისტია. კონფლიქტის ზონაში ყოფნისას მან აღმოაჩინა, რომ, სხვა კონფლიქტებისგან განსხვავებით, ენგურის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანები შერიგებისა და პატიებისთვის მზად არიან, რაც ნეგატიურ სოციალურ ფონზე პოზიტიურად მოჩანს. ოკრესტის აზრით, ჟურნალისტებმა, სახელმწიფოების ლიდერების უთანხმოების მიუხედავად, ურთიერთობა უნდა შეინარჩუნონ, რაც ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობას შექმნის.

მედიის წარმომადგენლებთან 5 დღის განმავლობაში მუშაობდა გერმანელი ჟურნალისტი ულრიკე ბუტმალოიუ. ის ასწავლიდა და თვითონაც სწავლობდა. მისი დაკვირვებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟურნალისტებს ყველაზე მეტად რეპორტაჟებისა და სტატიების მომზადებისას უჭირთ საკუთარი ემოციების და შეხედულებების დამალვა, რაც, პირველ რიგში, საზოგადოების ინფორმირებას აუარესებს.

ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას პროპაგანდა მანიპულაციით მომზადებულ მედიაპროდუქტს აწვდის, რაც კონფლიქტის მოგვარებას ხელს არ უწყობს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ერთმა უწყინარმა ფოტომ, - თუნდაც სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე გადაღებულმა, - რომელზეც ჟურნალისტი იარაღით, სამხედრო ფორმით ან სამხედრო მოსამსახურეებთან გაღიმებული და ხელგადახვეულია აღბეჭდილი, შესაძლოა ამ ჟურნალისტის მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და მოგვიანებით საფრთხეც კი შეუქმნას. ამიტომ საერთაშორისო ექსპერტები მედიის წარმომადგენლებს ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ სულ უფრო მეტს ელაპარაკებიან. საქართველოში პოსტსაბჭოთა სივრცის ჟურნალისტების ვიზიტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებით, გერმანიის დემოკრატიისა და მედიის ინსტიტუტმა უზრუნველყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG