2014 წელს ჯანდაცვის სფეროში როგორც სერიოზული გამოწვევების, ისე ინოვაციური აღმოჩენების მოწმენი გავხდით. მთელი წლის განმავლობაში ჟურნალ-გაზეთები სავსე იყო სტატიებით ებოლის ვირუსზე, რომელიც მეცნიერებმა დაახლოებით 40 წლის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ ყველაზე მწვავედ თავი წელს იჩინა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, რვა ქვეყანაში ებოლის ვირუსის 17000 შემთხვევა აღირიცხა. აქედან, 6000 ფატალური შედეგით დასრულდა. რაც შეეხება წარმატებას მედიცინის სფეროში, მეცნიერებმა შეიმუშავეს ცე ჰეპატიტის მკურნალობის ახალი მეთოდი და ფეკალურ მასებს მოუძებნეს ახალი დანიშნულება − ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლა. 2014 წლის მიმოხილვას − ჯანდაცვის კუთხით − ანა ლომთაძე გაგაცნობთ.
ებოლა
ებოლის ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამის მიზეზს ხსნის ნიკ ბიჩინგი, ექიმი და პროფესორი ლივერპულის ტროპიკული მედიცინის უნივერსიტეტში:
„ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა გვინეა, ლიბერია და სიერა ლეონე, ჯანდაცვის სამსახური ვერ უმკლავდება პრობლემებს და გასაგებია, რომ ადგილობრივ მოსახლეობასაც დიდად არ სიამოვნებს კარანტინში ყოფნა“.
„ებოლის ვირუსი და მსგავსი ინფექციები ძირითადად ლორწოვან გარსთან პირდაპირი კავშირით ვრცელდება, მაშინ როდესაც ე.წ. „ღორის გრიპი“ და სხვა გრიპოზული დაავადებები მხოლოდ ჰაერ-წვეთოვანი გზით შეიძლება გავრცელდეს“, - ამბობს ნიკ ბიჩინგი.
ებოლის ვირუსით ინფიცირება ასევე შესაძლებელია დაავადებული ცხოველის ხორცის ჭამით ან მასთან შეხებით. ამასთან, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა დაკრძალვის რიტუალები, რომელთა დროსაც ჭირისუფლებს პირდაპირი კონტაქტი აქვთ გარდაცვლილის სხეულთან. ეს იმიტომ, რომ ვირუსი მკვდარ ორგანიზმშიც განაგრძობს ცხოვრებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, 2014 წელს ებოლის ვირუსის შემთხვევების 20% სწორედ დაკრძალვის რიტუალების შედეგად გავრცელდა.
დასავლეთ აფრიკის ქვეყნების გარდა, ებოლის ვირუსი მსოფლიოს სხვა რეგიონებსაც შეეხო, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს. რამდენიმე შტატმა კარანტინში მოათავსა ის სამედიცინო პერსონალი, რომელსაც შეხება ჰქონდა ებოლის ვირუსით დაავადებულ პაციენტებთან. ეს ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ფედერალურ პოლიტიკას, მკაცრად გააკრიტიკეს ჯანდაცვის ამერიკელმა ექსპერტებმა.
აშშ-ში ებოლას ვირუსითი დაავადდა სულ 10 ადამიანი, რომელთაგან მხოლოდ ორი დაიღუპა.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 2014 წელს ებოლას შემთხვევების 35%-ზე მეტი ფატალური შედეგით დასრულდა.
„უჩვეულო მოვლენა“
საინტერესოა, რომ 2014 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავი იჩინეს ისეთმა ინფექციურმა დაავადებებმა, რომელთა წინააღმდეგ უკვე დიდი ხანია არსებობს შესაბამისი ვაქცინები. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ ქვეყანაში წელს დაფიქსირდა წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა ბოლო 20 წლის მანძილზე. სავარაუდოდ, ეს იმიტომ მოხდა, რომ გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, ვისაც გაკეთებული არ ჰქონდა შესაბამისი აცრა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, წითელას ვირუსის მოსპობას ხელი შეუშალა ბევრისთვის ვაქცინაციის მიუწვდომლობამ. ნოემბერში, ორგანიზაციამ გამოსცა ანგარიში, რომლის თანახმად, 2013 წელთან შედარებით, მსოფლიო მასშტაბით 3700-ით გაიზარდა წითელას ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა.
2014 წელს პოლიომიელიტის გავრცელებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „უჩვეულო მოვლენა“ უწოდა. ამ ორგანიზაციის ექსპერტთა თქმით, სულ დაფიქსირდა ვირუსის 306 შემთხვევა, აქედან 260 − პაკისტანში. პოლიომიელიტი ძალიან სახიფათოა და შეიძლება სხეულის სამუდამო პარალიზება გამოიწვიოს, თუმცა იმუნიზაციის საშუალებით შესაძლებელია მისი თავიდან აცილება.
პაკისტანის მთავრობა პოლიომიელიტის შემთხვევების გახშირებას იმით ხსნის, რომ ვაქცინაციის პროგრამას ქვეყანაში სახელი გაუტყდა მას შემდეგ, რაც სწორედ ამ პროგრამის (სინამდვილეში - ყალბის პროგრამის) ნიღაბქვეშ ეძებდნენ ალ-ყაიდის ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელს.
ამ ამბის შემდეგ, თალიბანის მებრძოლებმა პაკისტანში აკრძალეს იმუნიზაცია და პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო ჯგუფები ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. თუმცა თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯაშუშური საქმიანობის დასაფარად ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მეთოდებს აღარ მიმართავენ.
2014 წელს დასავლეთ ნახევარსფეროში იფეთქა ჩიკუნგუნიას(?) ვირუსმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მას შემდეგ, რაც ვირუსი საფრანგეთის კუნძულ სან მარტენზე გავრცელდა, იგი მთელს კარიბის ზღვის რეგიონს მოედო. ამ ვირუსით სულ 776 ათასი ადამიანი დაავადდა, მათგან 152 გარდაიცვალა. ვირუსს კოღოს მსგავსი მწერის ავრცელებს და ჯერჯერობით არ არსებობს მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ან შესაბამისი წამალი.
მკურნალობის ახალი მეთოდები
ცე ჰეპატიტის სამკურნალოდ ორი ახალი წამალი გამოიგონეს. „სოვლადი“, რომლის მთლიანი კურსის ჩატარება 84 ათასი დოლარი ღირს, და ათი ათასით უფრო ძვირი, „სოვლადის“ მსგავსი „ჰარვონი“. ამ წამლების ფასმა თავზარი დასცა კერძო და სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ახალი წამლები გამოირჩევა გვერდითი მოვლენების ნაკლებობით, მეტი ეფექტიანობითა და მკურნალობის შედარებით მოკლე ციკლით.
2014 წლის სიახლეებს მიეკუთვნება, ასევე, ეგრეთ წოდებული „განავლის წამლები“, რომლებიც სერიოზული ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ გამოიყენება.
ერთ-ერთ სამედიცინო გამოკვლევაში, რომელიც მასაჩუსეტსის კლინიკურ საავადმყოფოში ჩატარდა, პაციენტებს ორი დღის განმავლობაში გაყინული ფეკალური მასისგან დამზადებული 15 აბი დაალევინეს. 20-დან 14 პაციენტი განიკურნა სერიოზული ბაქტერიული დაავადებისგან, რომელიც კუჭის აშლილობასა და ნაწლავების სერიოზულ დისფუნქციას იწვევს. დანარჩენ პაციენტებს განმეორებითი კურსის ჩატარება დასჭირდათ, რის შემდეგაც ისინიც განიკურნენ.
იმის მიუხედავად, რომ ფეკალური მასების აბების სახით მიღება დიდად სასიამოვნო არ უნდა იყოს, აბები, ალბათ, მაინც სჯობია ფეკალურ ტრანსპლანტატს, რომელსაც ავადმყოფის კუჭში ათავსებენ, იმისთვის, რომ ადამიანის ორგანიზმში საჭირო ბაქტერია შეიყვანონ.
ნახშირწყლები და ცხიმეული
თებერვალში ჟურნალმა Internal Medicine-მა გამოაქვეყნა შედეგები გამოკვლევისა, რომლის თანახმად, იმ ამერიკელებს, ვინც კალორიების 25%-ზე მეტს შაქრის მოხმარებით იღებს, სამჯერ უფრო მეტად ემუქრებათ გულის დაავადებით სიკვდილი, ვიდრე მათ, ვის კვების რაციონშიც შაქარი 10%-ს არ აღემატება.
ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა დააფინანსა ერთწლიანი გამოკვლევა, რომლის მიხედვით, წონაში დასაკლებად და სისხლძარღვთა დაავადებების საფრთხის შესამცირებლად უმჯობესია, ნაკლებად მივიღოთ ნახშირწყლები, ვიდრე ნაკლები ცხიმეული.
რაც შეეხება, ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებულ სიახლეებს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გამოკვლევის მიხედვით, იმ ადამიანთა 90%, ვინც ხშირად ეტანება ალკოჰოლს, მასზე დამოკიდებული არ არის.გამოკვლევის ავტორთა თქმით, მათ მიერ მოპოვებულმა შედეგებმა, შესაძლოა, შეცვალოს ალკოჰოლიზმთან ბრძოლის მეთოდები.