Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: რუსეთის ეკონომიკა მცირდება დასავლეთის სანქციების გამო


რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკამ დაახლოებით 25 მილიარდი ევრო დაკარგა დასავლეთის სანქციების შედეგად და დანაკარგი მიმდინარე წელს შეიძლება რამდენჯერმე უფრო დიდიც იყოს.

პარლამენტის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას მედვედევმა თქვა, რომ მიმდინარე წლის პირველი მეოთხედის განმავლობაში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2 პროცენტამდე შემცირდა. ეს ვარდნა, თუ დადასტურდება, იქნება რუსეთის ბიუჯეტის პირველი კვარტალური შეკვეცა 2009 წლის ღრმა რეცესიის შემდეგ.

მედვედევის მიერ რუსეთის ეკონომიკური სიტუაციის ხ შეფასება მნიშვნელოვნად უფრო რეალისტური და გულახდილი იყო, ვიდრე ოპტიმისტური განცხადებები, რომლებითაც 16 აპრილს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა და მოსახლეობას განუცხადა, ყველაზე მძიმე პერიოდი უკვე უკან მოვიტოვეთო.

რუსეთის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა მისი მთავარი საექსპორტო პროდუქტის, ნავთობის, ფასების კლებამ და ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულმა სანქციებმა, მოსკოვის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერის გამო აღმოსავლეთ უკრაინაში.

სანქციებით გამოწვეული დანაკარგი მნიშვნელოვანია, ამას არ დავმალავთო, განაცხადა რუსეთის პრემიერმა:

“საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და, როგორც ამას მაგალითით გაჩვენებთ, შესაძლოა მთელი მეოცე საუკუნის ისტორიაშიც, ჩვენი ქვეყანა ორი საგარეო შოკის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა: ნავთობის ფასების მკვეთრი კლების და სანქციების უპრეცედენტოდ მკაცრი ზეწოლისა. გამოწვევების ასეთი ერთდროული ნაკრების წინაშე ჩვენ არასოდეს აღმოვჩენილვართ”.

მედვედევის თანახმად, ეკონომიკური სიძნელეები, რომლებსაც რუსეთი განიცდის, წარმოადგენს საფასურს 2014 წლის მარტში უკრაინისგან ყირიმის ანექსირებისთვის. დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესება სწორედ ამ ნაბიჯს მოჰყვა. მომდევნო ეტაპზე სანქციები გაღრმავდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, რომელსაც 2014 წლის აპრილის შემდეგ 6,100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა:

„ახლა მინდა დავსვა შეკითხვა, შეეძლო თუ არა ჩვენს ქვეყანას თავი დაეღწია ამგვარი ეკონომიკური სცენარისთვის. პასუხი მარტივია: არ შეეძლო. თუ რატომ, ეს ყველასთვის ნათელია. ჩვენს ქვეყანაზე უსერიოზულესი საგარეო ეკომონიკური ზეწოლა გამოწვეულია გასული წლის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებით - ყირიმის დაბრუნებით რუსეთის შემადგენლობაში. ეს იყო ერთადერთი შესაძლებელი გადაწყვეტილება და ჩვენ ყველამ - მთელმა ქვეყანამ, მთავრობამ და პარლამენტმა - მას მხარი დავუჭირეთ, შესაძლო შედეგების გაცნობიერებით“, - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

მედვედევის თქმით, ეკონომიკა სტაბილიზაციას განიცდის, მაგრამ თუ საგარეო ზეწოლა გაძლიერდა და ნავთობის ფასები დიდი ხნის განმავლობაში დარჩა ძალიან დაბალ ნიშნულზე, მაშინ რუსეთს განსხვავებულ ეკონომიკურ რეალობასთან მოუწევს ადაპტაცია.

მსოფლიო ბანკმა 1 აპრილს გამოაქვეყნა პროგნოზი, რომ რუსეთის ეკონომიკაში მიმდინარე წელს ღრმა რეცესია იქნება - ის 3.8 პროცენტით შემცირდება ნავთობის ფასების კლებისა და იმ სანქციების გამო, რომელთა შედეგი მხოლოდ ახლა იწყებს რეალობაზე ასახვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG