Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევის ულტიმატუმი საქართველოს: ან ნატო, ან რუსეთი


დმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი
მართალია, თავისივე ხელით შექმნილი ”ახალი რეალობა” პრობლემურად მიაჩნია, მაგრამ საქართველოში შემოჭრისა და ოკუპაციის მეხუთე წლისთავზე რუსეთი კვლავაც ძველ პოზიციებზე რჩება - ასეთია ძირითადი არსი ინტერვიუსი, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა ჩაწერა. ცვლილებები არც საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილებას შეეხება და არც ოკუპირებული ტერიტორიების მოთხოვნებს თბილისის მისამართით. სამაგიეროდ, დმიტრი მედვედევის კომენტარებში გამოიკვეთა ულტიმატუმი ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებთან მიმართებით. რა რეაქციები მოჰყვა საქართველოში რუსეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებებს?

ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის რიტორიკაში არ შეიმჩნეოდა კორექტივები და ის ზუსტად იმეორებდა კრემლისეულ ძველ შეფასებებს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან მიმართებით. მან, მაგალითად, გაიმეორა, რომ ყველაფერი, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, სააკაშვილის რეჟიმის აგრესიის შედეგია და რომ რუსეთს, უბრალოდ, სხვა გზა აღარ რჩებოდა იმისათვის, რომ თბილისის აგრესიისგან ეხსნა და გადაერჩინა საკუთარი მოქალაქეები - სამოქალაქო თუ სამხედრო პირები:

”რაც მოხდა, ეს, უბრალოდ, ანომალიაა. ეს არის ძალიან უხეში შეცდომა, რომელიც სამხედრო დანაშაულში გადაიზარდა და, სამწუხაროდ, ბატონმა სააკაშვილმა, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებდა (არ ვიცი, რა მდგომარეობაში იყო იმ დროს), დაუშვა სტრატეგიული, სახელმწიფოებრივი შეცდომა, რომლის შემდეგაც პრაქტიკულად აღარ დარჩა შესაძლებლობა თავისი ქვეყნის შეწებებისა”.
რუსეთთან საუბარი კვლავ ისეთი ძნელი იქნება, როგორც აქამდე, მაგრამ რუსეთს აქვს გაცილებით მეტი პრობლემა დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, გამომდინარე ახალი მთავრობის რიტორიკის ცვლილებიდან და იმ ნაბიჯებიდან, რაც ამ მთავრობამ გადადგა...
ბაკურ კვაშილავა

იმ კონტექსტში, რომ ბუნებაში თეორიული შანსი ყოველთვის არსებობს, დმიტრი მედვედევი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ოსებმა და აფხაზებმა კვლავ მოინდომონ ქართველებთან ერთად ცხოვრება. რუსეთის პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ რუსეთი ამას არასოდეს შეუშლის ხელს, რადგანაც მისთვის ყველა სხვა საკითხზე მნიშვნელოვანია მშვიდობის უზრუნველყოფა რეგიონში. ინტერვიუს სწორედ ამ ფრაგმენტის შემდეგ - რუსეთის პრემიერ-მინისტრი მაშინვე ნატოს თემაზე გადავიდა. დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ დიდი რუსეთი, რომელსაც უზარმაზარი ბირთვული შეიარაღება აქვს, ვერასოდეს შეეგუება მეზობელი ქვეყნის - ვთქვათ, საქართველოს ან უკრაინის - გაწევრიანებას მძლავრ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში, რომლის ბირთვული რაკეტებიც მიმართულია რუსეთის ტერიტორიებისკენ. მედვედევი ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანება არც საქართველოსთვის იქნება სასარგებლო და რომ, ერთი სიტყვით, მოსკოვის ულტიმატუმი მარტივია - ან ნატო, ან რუსეთი:

”თანამედროვე მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტები დაუშვებელია და, სხვათა შორის, მაგალითი ადასტურებს, რომ ჩავარდა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის გათვლა, რომ გარკვეულ სიტუაციაში ნატო ჩარევის საშუალებას არ მისცემს ანდა კიდევ რაღაც მოხდება... ეს იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ დადგა სხვა უფრო სერიოზული ფასეულობები. ეს არაფერს მისცემს სუვერენულ, კარგად განვითარებად საქართველოს, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს წარმოშობს გრძელვადიან, ხანგრძლივ დაძაბულობის წყაროს ჩვენს ქვეყნებს შორის”.

მედვედევი აცნობიერებს, რომ ნატოსკენ სწრაფვა საქართველოს მოქალაქეების სურვილია და სწორედ ამიტომ ის ღიმილის თანხლებით ურჩევს ქართველებს, რომ დაფიქრდნენ, ვიდრე ასეთ პერსპექტივას დაუჭერენ მხარს.

რაც შეეხება საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დამოკიდებულებას, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პიროვნულად მასზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველმა კოლეგამ ბიძინა ივანიშვილმა და რომ მოსკოვი დიდი ყურადღებით აკვირდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოდან წამოსულ, ურთიერთობათა გაუმჯობესებისთვის გამიზნულ სიგნალებს. ამასთან, პოზიტიურად ფასდება სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების, რეგულარული ავიარეისების აღდგენისა თუ სავიზო რეჟიმის გამარტივების პერსპექტივები. მაგრამ რაც შეხება, ვთქვათ, ვიზების სრულ გაუქმებას, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ამას შეუძლებლად მიიჩნევს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე და იქვე მიანიშნებს, რომ რუსეთი ასეთ ნაბიჯს მხოლოდ საქართველოს მხრიდან ”გარკვეული რეალიების” აღიარებისა და სხვა ყველა პრობლემის გადაწყვეტის შემთხვევაში გადადგამს.

„რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელ ელენე ხოშტარიასთვის ცხადია და მას არც უკვირს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების ახლებურ მიდგომებს რუსეთი მთელი რიგი ულტიმატუმებით პასუხობს და სანაცვლოდ აბსოლუტურად არაფერს სთავაზობს:
ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

”ეს განცხადებები გაკეთდა ჩვენი მთავრობის მცდელობების საპასუხოდ, რომ დავარეგულიროთ ურთიერთობა. ანუ მთავრობის მთელი ამ თვეების მცდელობა, რომ რაღაც კონსტრუქციულად აეწყოს ურთიერთობები, ამის პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ რუსეთი - მნიშვნელობა არა აქვს, რომელი მთავრობაა - საქართველოს არ აღიქვამს სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ”.

რუსეთი რომ საქართველოს არც ახალი ხელისუფლებისთვის აპირებს დათმობას, ეს ცხადია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის, პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავასთვისაც, თუმცა, მისი აზრით, ახალი ხელისუფლების ახლებურმა პოზიციამ მოსკოვი თავის მართლების უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა:

”რუსეთთან საუბარი კვლავ ისეთი ძნელი იქნება, როგორც აქამდე, მაგრამ რუსეთს აქვს გაცილებით მეტი პრობლემა დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, გამომდინარე ახალი მთავრობის რიტორიკის ცვლილებიდან და იმ ნაბიჯებიდან, რაც ამ მთავრობამ გადადგა. ანუ რუსეთს აქვს, გარკვეულწილად, მსუბუქი წნეხი, მსუბუქი ზეწოლა, რომ თვითონაც გადადგას პოზიტიური ნაბიჯები, მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად არ სურს”.

დმიტრი მედვედევის ინტერვიუმ კამათი გამოიწვია 7 აგვისტოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზეც, სადაც დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დროა ”ქართულმა ოცნებამ” უარი თქვას რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკაზე, რადგანაც ამ პოლიტიკამ კრახი განიცადა. სხვაგვარად ფიქრობს ”ქართული ოცნება”, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სტრატეგიის გადახედვას არ აპირებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG