Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძლიე დეპრესია! - 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა


უკვე 20 წელია, ყოველ 10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. წელს ამ დღის მთავარი თემა და ლოზუნგია "დეპრესია: გლობალური კრიზისი". ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში დეპრესია დაახლოებით 350 მილიონ ადამიანს აწუხებს და, ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არასოდეს ჩატარებულა კვლევა, თუ რამდენ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში სწრაფად განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დეპრესიით დაავადებულთა რიცხვი სულ უფრო მატულობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ტვინის დაავადებად იქცა. 17 ქვეყანაში ჩატარებული საერთაშორისო კვლევაც მოწმობს, რომ გასული წლის მანძილზე დეპრესიის ეპიზოდი საშუალოდ ყოველ მე-20 ადამიანს აღენიშნებოდა. სწორედ ეს გახდა მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის მოწოდების საფუძველი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მისი წევრი ქვეყნებისადმი - ქმედითი ნაბიჯები გადადგან დეპრესიის და სხვა ფსიქიკური აშლილობების პრევენციისათვის. სწორედ ამ მიზნით, 10 ოქტომბერი აქციით აღნიშნა ფონდმა ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად. მათ ქუჩაში დაარიგეს საგანგებოდ ამ დღისთვის დაბეჭდილი ფლაერები, შინაარსით - როგორ დავეხმაროთ დეპრესიის მქონე ადამიანებს. დეპრესიის ზრდის თვალსაზრისით, არც საქართველოა გამონაკლისი, გვეუბნება ნინო აღდგომელაშვილი, წარმომადგენელი ფონდისა ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი”:

”ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც დეპრესიის ფონი მატულობს. მით უმეტეს, როდესაც ამდენი ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს - პოლიტიკური ვითარებით დაწყებული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით დამთავრებული, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. ამას ისიც ემატება, რომ იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი მსოფლიოში, რომ ადამიანი ამ ყველაფერს ძნელად ეწევა. ამას ემატება ომები, კონფლიქტები და საქართველო არც ამ მხრივაა გამონაკლისი.”
ძალიან ხშირად ადამიანებმა, უბრალოდ, არ იციან, რომ მათ დეპრესია აქვთ. ვერც მათი ოჯახის წევრები აცნობიერებენ, რომ ადამიანი სამკურნალოა. ამიტომ თუ მათ მეტი ცოდნა ექნებათ, თუ რა არის დეპრესია, ისინი დროულად მიმართავენ სამკურნალო დაწესებულებას. დეპრესიის შემსუბუქება და მკურნალობა შესაძლებელია...
მანანა შარაშიძე

სპეციალისტებმა ისიც გამოითვალეს, რომ 2020 წლისათვის დეპრესია ინვალიდობის გამომწვევ მიზეზთა რიგში მეორე ადგილს დაიკავებს. უფრო პესიმისტურია მედიკოსთა პროგნოზი 2030 წლისათვის, გვეუბნება ნინო აღდგომელაშვილი:

”ფიქრობენ, რომ ეს იქნება ავადობის გლობალური ტვირთის ძირითადი კონტრიბუტორი. ამიტომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ყველა დონეზე, იქნება ეს საზოგადოებრივი ჩართულობა, მეტი ყურადღება სახელმწიფოსგან თუ სხვა. საქმე არ უნდა მივიყვანოთ ღრმა დეპრესიამდე, რადგან მას ისეთი სამწუხარო შედეგები მოჰყვება, რასაც სუიციდამდე მივყავართ.”

მსოფლიო სტატისტიკა არც ამ მხრივაა დამაიმედებელი. ყოველწლიურად თითქმის მილიონი ადამიანი იკლავს თავს. ეს კი დღეში 3000 თვითმკვლელობას ნიშნავს.

აქცია დეპრესიის დასაძლევად
please wait

No media source currently available

0:00 0:02:30 0:00
გადმოწერა

საქართველოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის“ გამგეობის თავმჯდომარე, ფსიქიატრი მანანა შარაშიძე ამბობს, რომ საქართველოში არავის არასოდეს გამოუკვლევია, თუ რომელი ფსიქიკური დაავადებაა ყველაზე გავრცელებული. ცნობილია მხოლოდ სამკურნალო დაწესებულებებში ოფიციალურ აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების რიცხვი - 70 000 ადამიანი. თუმცა უმრავლესობა, ვინც იცის ან აღმოაჩენს, რომ დეპრესია აწუხებს, ამის ძირითად მიზეზად უფუნქციობას, უმუშევრობას და მატერიალურ გაჭირვებას ასახელებს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ფსიქიატრი გამოყოფს, ისაა, რომ ადამიანები დეპრესიის გამო არ მიმართავენ სამკურნალო დაწესებულებებს:

”მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა ძალიან ხშირად ადამიანებმა, უბრალოდ, არ იციან, რომ მათ დეპრესია აქვთ. ვერც მათი ოჯახის წევრები აცნობიერებენ, რომ
მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი მიძღვნილი აქცია
მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი მიძღვნილი აქცია
ადამიანი სამკურნალოა. ამიტომ თუ მათ მეტი ცოდნა ექნებათ, თუ რა არის დეპრესია, ისინი დროულად მიმართავენ სამკურნალო დაწესებულებას. დეპრესიის შემსუბუქება და მკურნალობა შესაძლებელია.”

აქვე ვახსენოთ დეპრესიის რამდენიმე გავრცელებული სიმპტომიც. ესენია: ნაღვლიანი განწყობა, ინტერესის ან მხიარულების დაკარგვა, მომატებული დაღლილობა. დეპრესიაში მყოფმა ადამიანმა შესაძლოა არ ჭამოს, არ ადგეს საწოლიდან და ა.შ.

ერთ-ერთი საშუალება, მანანა შარაშიძის თქმით, ფუნქციის პოვნა და თვითრეალიზაციაა. ამის კარგი მაგალითია ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრებში დასაქმებული ადამიანები - 10 ოქტომბერს სწორედ მათი ერთი ნაწილის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო თბილისში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ერთ-ერთი პაციენტის მშობელი გვეუბნება, რომ მის შვილი საგრძნობლად უკეთ ხდება, თუ რეალიზებულია. ამ დროს დეპრესიაც იკლებს...
ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია
ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია
დაბოლოს, გეტყვით, რომ ფონდს ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” უკვე მომზადებული აქვს ერთგვარი სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა მოხდეს დეპრესიის მკურნალობა და მართვა მოზრდილებში, ამჟამად კი მზადდება იმავე შინაარსის მასალა ბავშვებში დეპრესიის მკურნალობის შესახებ, რომელსაც ფონდი ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენს.

მანანა შარაშიძე კი ამბობს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები ამ სფეროში პროგრესის მისაღწევად საკმარისი არ არის და ჯანდაცვის ახალი მინისტრისგან ამ სფეროსადმი მეტ ყურადღებას ელის.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG