Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მეორეხარისხოვანი“ ადამიანების პრობლემა აფხაზეთში


სოხუმი, 19 დეკემბერი, 2017 წ.
სოხუმი, 19 დეკემბერი, 2017 წ.

აფხაზეთში პასპორტებს ცვლიან, თუმცა ახალი საბუთის მისაღებად თვითაღიარებულ რესპუბლიკაში მცხოვრები ეთნიკურად არააფხაზი მოქალაქეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დოკუმენტები, რომლებითაც დაადასტურებენ აფხაზეთში თავიანთი ცხოვრების ფაქტს 1994-1999 წლებში. ვინც ამგვარ საბუთებს ვერ წარმოადგენს, ვერც ახალ პასპორტს მიიღებს.

„მეორეხარისხოვანი“ ადამიანების პრობლემა აფხაზეთში

  • ეთნიკურად არააფხაზი მოქალაქეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დოკუმენტები, რომლებითაც დაადასტურებენ აფხაზეთში თავიანთი ცხოვრების ფაქტს 1994-1999 წლებში.
  • მოქალაქეობის კანონი მიღებული იქნა 1995 წელს - სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიიღო პასპორტი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ყველა ადამიანმა.
  • კანონში დამატების სახით, 2013 წელს შევიდა პუნქტი ბინადრობის ცენზის შესახებ.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, კორესპონდენტის, ელენა ზავოდსკაიას, ცნობით, პასპორტის შეცვლასთან დაკავშირებული პრობლემების გამო აფხაზეთის მკვიდრმა ელენა კუვიჩკომ თვითაღიარებული რესპუბლიკის საზოგადოებრივ საბჭოს მიმართა. 1998 წელს კუვიჩკომ დაამთავრა ლუგანსკის უნივერსიტეტი და დაბრუნდა აფხაზეთში, სადაც თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა 1953 წლიდან. პასპორტის მიღებასთან დაკავშირებით მაშინ არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია. პრობლემა შეექმნა შარშან, როცა ძველ პასპორტს ვადა გაუვიდა და ახლის მიღება გადაწყვიტა.

„მითხრეს, იმის გამო, რომ განათლება საზღვარგარეთ გაქვს მიღებული, უნდა გაიარო მოქალაქეობის აღდგენის პროცედურაო. გამოდის, მოქალაქეობა დავკარგე! ეს მაშინ, როცა ხელში მიკავია მოქალაქეობის დამატასტურებელი პასპორტი, რომელიც სავსებით ლეგალურად მაქვს მიღებული. აღშფოთებულმა უარი განვაცხადე პროცედურის გავლაზე. მალე აღმოვაჩინე, რომ ჩემ სამსახურში მსგავსი პრობლემა აქვს ორ გოგონას, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში საერთოდ არ დაუტოვებიათ აფხაზეთის ტერიტორია (სკოლაში სწავლობდნენ), მაგრამ მათი მშობლები მუშაობდნენ რუსეთის ფედერაციაში, ადლერში. არც მათ აძლევენ ახალ პასპორტებს“, განაცხადა ელენა კუვიჩკომ, რომლის მტკიცებითაც, აფხაზეთის სომხურ და რუსულ სათვისტომოებს აქვთ იმ ადამიანთა ვრცელი სიები, რომლებიც მსგავს პრობლემას წააწყდნენ.

ვითარებაში სიცხადის შეტანას შეეცადა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, იურისტი ოლეგ პაპასკირი, რომლის თქმითაც, მოქალაქეობასთან დაკავშირებით არსებობდა ორი კანონი. პირველი მიღებული იქნა 1995 წელს - სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიიღო პასპორტი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ყველა ადამიანმა. ეს კანონი შეცვალა 2005 წელს მიღებულმა კანონმა, რომელშიც, დამატების სახით, 2013 წელს შევიდა პუნქტი ბინადრობის ცენზის შესახებ.

„ამ კანონში აღწერილია ქმედებები, რომლებსაც წლების წინ ჰქონდა ადგილი და რომლებზეც მოქალაქეებს ახლა აკისრიათ პასუხისმგებლობა. ანუ კანონს მიეცა უკუქმედების ძალა და მისი მოქმედება მიემართა წარსულისკენ, რაც დაუშვებელია, რადგანაც არღვევს ადამიანის უფლებებს“, განმარტავს ოლეგ პაპასკირი.

კარგად მახსოვს, რა ფონზე მივიღეთ კანონი. 2004 წლის არჩევნებზე იყო დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ გალის რაიონის მოსახლეობას მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება...
ნათელა აკაბა

როგორც წესი, ახალი პასპორტის მიღება პრობლემაა მხოლოდ ეთნიკურად არააფხაზი მოსახლეობისათვის, თუმცა თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი ბათალ კობახია ამბობს, რომ, მოქალაქეობის შესახებ კანონის სხვა მუხლის შესაბამისად, ეთნიკური აფხაზები ავტომატურად იღებენ მოქალაქეობას და ამაში არაკონსტიტუციური არაფერია.

საკითხში მეტი სიცხადე შეიტანა საზოგადოებრივი პალატის მდივანმა ნათელა აკაბამ, რომელმაც გაიხსენა კანონის მიღების დეტალები:

„კარგად მახსოვს, რა ფონზე მივიღეთ კანონი. 2004 წლის არჩევნებზე იყო დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ გალის რაიონის მოსახლეობას მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. სწორედ მაშინ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ბაგაპშმა მოევლო ამ საკითხისათვის. ზუსტად ვიცი, რომ კანონი მიმართული იყო გალის რაიონის მცხოვრებლების უფლებების შესაზღუდად, თუმცა ახლა გამოიყენება ყველა არააფხაზის მიმართ“.

შესაძლოა კანონის მიღებისას ავტორებს მხედველობაში არ ჰქონიათ ნაციონალური საკითხი, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ ასობით და ათასობით ადამიანი იტანჯება...
ხაჩიკ მინასიანი

აკაბას მიაჩნია, რომ ე.წ. პარლამენტის წევრებს ხელეწიფებათ კანონში ცვლილებების შეტანა და პრობლემის ამ გზით გადაჭრა.

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შს სამინისტროს საპასპორტო სამმართველოს უფროსის, ედუარდ მანარგიას, ინფორმაციით, იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებსაც უარი ეთქვათ პასპორტის შეცვლაზე, 70-ს არ აღემატება.

შექმნილი „საპასპორტო კრიზისის“ გამო უკმაყოფილებას ვერ მალავს საზოგადოებრივი საბოჭოს წევრი ხაჩიკ მინასიანი:

„შესაძლოა კანონის მიღებისას ავტორებს მხედველობაში არ ჰქონიათ ნაციონალური საკითხი, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ ასობით და ათასობით ადამიანი იტანჯება. საპასპროტო-სავიზო სამსახურებს საშუალება მიეცათ აბუჩად აეგდოთ მოქალაქეები! აბუჩად იგდებენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, წარმატებითაც! ხალხს აღარც სასამართლოსი სჯერა. ადამიანი 20 წელია მუშაობს სკოლაში. მასთან მიდიან და ეუბნებიან, წარმოადგინე საიმიგრაციო ბარათიო... აიძულებენ თავი იგრძნოს მეორეხარისხოვან ადამიანად. ამასთან, ძირითადად ზარალდებიან და იტანჯებიან, რა თქმა უნდა, სომხები და რუსები“.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, კორესპონდენტის, ელენა ზავოდსკაიას, თქმით, პასპორტების განახლების კონტექსტში გალის რაიონის მკვიდრთა საკითხი არავის განუხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG