Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერის ძველი თუ ახალი მრჩევლები?


დავით ნარმანია
დავით ნარმანია

თბილისის მერს უახლოეს მომავალში ხუთი ახალი მრჩეველი ეყოლება. ინფორმაცია ამის შესახებ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გაავრცელეს. მათი განცხადებით, „დედაქალაქის მერია „ქართული ოცნების“ შტაბად იქცა“, თუმცა, როგორც ქალაქის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, აქამდე მერიის სისტემაში გადანაწილებული მრჩევლის შტატები უქმდება და ამჯერად მრჩევლები მერიის ადმინისტრაციის ქვეშ გაერთიანდებიან.

თბილისის მერიაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა სფეროში მისცემს რჩევებს ქალაქის მერ დავით ნარმანიას ხუთი ახალი მრჩეველი, თუმცა დავით ნარმანია ჟურნალისტებთან საუბრისას იმას კი განმარტავს, რომ ისინი არა ახალი, ანუ დამატებით მოწვეული მრჩევლები, არამედ ძველი კადრებიდან შერჩეული მრჩევლები იქნებიან. ადამიანები, რომლებიც ქალაქის ადმინისტრაციაში სხვადასხვა მიმართულებით იყვნენ დასაქმებულნი, ამჯერად პირადად მერის დაქვემდებარებაში გადაინაცვლებენ. დავით ნარმანია მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით დასჭირდება ახალი მრჩევლების რჩევები, არ ავრცელებს:

„რაიმე სახით დამატებითი მრჩევლების დანიშვნას ეს ცვლილება არ ითვალისწინებს, გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციაში ეს შტატები სხვადასხვა მიმართულებით იყო გაფანტული. ამ ცვლილებით, ეს ადამიანები ერთიანად მოიყრიან თავს. ასე რომ, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ ხდება“.

არ ვიცი, ჩვენ კოსმოსში გაფრენას არ ვაპირებთ და წყალქვეშა აღმოჩენების გაკეთებას, დანარჩენი, რაც ქალაქს სჭირდება და მის მეურნეობას, ყველა მიმართულების სპეციალისტია მერიაში და კიდევ რა ხუთი მრჩეველი სჭირდება...
ალეკო ელისაშვილი

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქის მერი, სავარაუდოდ, ხუთი ახალი მრჩევლის დამატებას გეგმავს, 20 მაისს თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თამაზ შოშიაშვილმა გაავრცელა. მან საკრებულოში სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ თბილისის მერმა 14 მაისს საკრებულოს განცხადებით მიმართა საშტატო ერთეულის ხუთი მრჩევლით გაზრდის თაობაზე და ეს იმ დროს, როცა მერს ორი მრჩეველი, ვიცე-მერი და ხუთი მოადგილე ჰყავს. მისივე სიტყვებით, არჩევნების შემდეგ თბილისის მერიის სტრუქტურები 353 საშტატო ერთეულით გაიზარდა და დღეისთვის 3 770-ს შეადგენს. თბილისის მერი საშტატო ერთეულების გაზრდის საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კადრების დამატება მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური აუცილებლობით განხორციელდა.

ქალაქის მერის ინიციატივა ხუთი ახალი მრჩევლით აღჭურვის თაობაზე უცნაურად ეჩვენება საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მერიის ყველა თანამშრომელი - მათ შორის, ათი გამგეობა, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი არაერთი ორგანიზაცია თუ თავად ცენტრალური აპარატი - მისი მრჩეველია. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება დავით ნარმანიას დამატებით მრჩევლების მოძიება:

„ყველა თემატური სამსახური არსებობს და იმ სამსახურებში უამრავი სპეციალისტი თუ მთავარი სპეციალისტი და ა.შ. და ა.შ. მუშაობს. არ ვიცი, ჩვენ კოსმოსში გაფრენას არ ვაპირებთ და წყალქვეშა აღმოჩენების გაკეთებას, დანარჩენი, რაც ქალაქს სჭირდება და მის მეურნეობას, ყველა მიმართულების სპეციალისტია მერიაში და კიდევ რა ხუთი მრჩეველი სჭირდება? ვინმეს აზრი თუ აინტერესებს, დაუძახოს კონკრეტული განყოფილებებიდან თანამშრომლებს“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

მერიის მიერ შერჩეული კადრების კომპეტენციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკრებულოს წევრი „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი თამარ ცინცაბაძე. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში კვლავაც გადაუჭრელია უამრავი მნიშვნელოვანი პრობლემა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული საკითხებით დაწყებული და სოციალური თუ ჯანდაცვის თემატიკით დასრულებული, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აკლიათ კვალიფიკაცია. სწორედ ამიტომ მიიჩნევს ის, რომ ქალაქის მერმა უნდა დაასაქმოს ისეთი ადამიანები, რომლებსაც შესწევთ უნარი პრობლემები მოაგვარონ. შედეგად კი, თამარ ცინცაბაძის აზრით, მერს აღარ დასჭირდება დამატებით მრჩევლების აყვანა, რომელთა ხელფასიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ათას შვიდასი ლარი იქნება.

დავით ლოსაბერიძე
დავით ლოსაბერიძე

დავით ლოსაბერიძე, „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის“ ხელმძღვანელი, წუხს, რომ საზოგადოება ხმაურს ტეხს ისეთ საკითხებზე, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია და, ერთი შეხედვით, პოპულისტურ ნიშანს ატარებს. ის მიიჩნევს, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს არა ის, თუ რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს, არამედ ქალაქისათვის სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა ბედიც, მისი თქმით, დღემდე გაურკვეველია:

"რა მდგომარეობაშია, მაგალითად, ქალაქის გენერალური გეგმის განვითარება, - რატომ არ ვითხოვთ ამ ინფორმაციას? თუ მერია არ მუშაობს ამაზე, რატომ არ მუშაობს. თუ მუშაობს, საზოგადოებამ რატომ არაფერი ვიცით. რა მდგომარეობაშია საბიუჯეტო უფლებამოსილებების გამიჯვნა და ა.შ. ამ საკითხებზე ლაპარაკი არ მიმდინარეობს, სამწუხაროდ. თუკი მერის ეს ინიციატივა, უბრალოდ, შტატების შექმნისთვისაა და იმისათვის, რომ რაღაც შიდა გადაადგილებების წყალობით დაკმაყოფილდნენ გარკვეული ჯგუფები, თუკი ეს ასეა, მაშინ, ბუნებრივია, ეს იქნება უარყოფითი და ნეგატიური მოვლენა“.

დღის ბოლოს ქალაქის მერიამ მრჩევლებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ თბილისის მერიის საშტატო ნუსხის მიხედვით, წლების განმავლობაში მრჩევლის შტატი მერის, ვიცე-მერისა და მერიის სხვადასხვა სამსახურის აპარატებში იყო გადანაწილებული, რაც თავად მრჩევლის ინსტიტუტის ფუნქციას არაეფექტურს ხდიდა. „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით, თბილისის მერიის საჯარო თანამდებობებში განისაზღვრა მერის მრჩევლის თანამდებობა. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მერიის სისტემაში გადანაწილებული მრჩევლის შტატები უქმდება და მერიის ადმინისტრაციის ქვეშ ერთიანდება. განცხადების თანახმად, ამით მერიის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა შესაბამისობაში მოვა საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან. ინიციატივაც, რომელიც თბილისის საკრებულოში შევიდა, აღნიშნული საკითხის დარეგულირებას ისახავს მიზნად. მერიის განცხადებით, ეს ცვლილება ბიუჯეტში დამატებით ასიგნების გამოყოფას არ გამოიწვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG