Accessibility links

ახალციხის მუნიციპალიტეტში ფერმერებს ცხვარი ეხოცებათ. ლაბორატორიული კვლევებით ფარაში ინფექციური დაავადება ბრადზოტი დაფიქსირდა. ცხვარმა დაცემა დოლიანობის შემდეგ დაიწყო. დედა ცხვარი გაშრა, რის გამოც მალევე ბატკნებიც ერთმანეთის მიყოლებით დაიხოცნენ. სოფელ ფერსაში მცხოვრები ნოდარ ქოზაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც 145 სული პირუტყვი დაავადებამ 5 თვეში გაუნადგურა.

ნოდარ ქოზაშვილს მსგავსი შემთხვევა არასდროს ჰქონია, დაავადების გამოვლენის შემდეგ ფერმერმა ვეტერინარული პრეპარატებით მკურნალობა დაიწყო, თუმცა ცხვარი მაინც ეხოცებოდა. კრიზისული სამი თვის შემდეგ, როგორც კი ფარა საბალახოდ გავიდა, ცხვარში დაავადება აღარ გამოვლენილა.

ბრადზოტი ცხვრის ინფექციური დაავადებაა. მის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფო არ აფინანსებს. ამიტომ პრევენციული ღონისძიების ჩატარებაზე თავად ფერმერმა უნდა იზრუნოს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ხარჯებით ცხვარი მხოლოდ ჯილეხზე, თურქულზე, ყვავილსა და ჭირზე იცრება. რაც შეეხება დაავადებული ცხოველის მკურნალობას, ლაბორატორიულად დადასტურების გარეშე პრეპარატების თვითნებურად მიცემა დაუშვებელია, – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი, ლია ბექაური.

მეცხვარეობის დარგის განვითარების მხრივ საქართველოში დიდი ჩამორჩენა გვაქვს, – აცხადებს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე. ბექა გონაშვილის აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სპეციალისტების სიმცირეა. ის ფიქრობს, რომ აუცილებელია კერძო ვეტერინარული სერვისის განვითარება, თუმცა ამბობს, რომ ამაში დიდი როლი თავად ფერმერებს ეკისრებათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პრობლემაა პრევენციული ღონისძიებებისადმი ფერმერების დამოკიდებულება.

მეცხვარეობის დარგი ათწლეულების მანძილზე უყურადღებოდ რომ იყო მიტოვებული, ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც ლაპარაკობენ, თუმცა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობენ, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია, მარკირება დაიწყება, რაც ქართული ცხვრის მოკვლევადობას გაამარტივებს. გარდა ამისა, ხორციელდება ცხვრის გადასარეკი ტრასების რეგისტრაცია და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა. დაიწყო უსაფრთხოებისა და მედპუნქტების მშენებლობა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფიქრობენ, რომ აღნიშნული ნაბიჯები დარგის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG