Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესტიაში საპროტესტო გამოსვლები შეწყდა


ელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში. 2018 წლის 14 მარტი
ელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში. 2018 წლის 14 მარტი

მესტიაჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია დღეს შეთანხმებისამებრ არ გამართულა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძესთან შეხვედრის შემდეგ მოქალაქეებმა, რომლებიც შიშობენ, რომ ჰესის აშენება საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ეკოსისტემასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, 1 აპრილის ღამით მიიღეს გადაწყვეტილება საპროტესტო გამოსვლების დროებით შეწყვეტის შესახებ. მიღწეული შეთანხმებით, ჰესის მშენებლობა შეჩერდება, სანამ მოსახლეობას არ წარედგინება გარემოზე რეალური ზემოქმედების ამსახველი დოკუმენტი.

მესტიაში საპროტესტო გამოსვლები შეწყდა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:03 0:00
გადმოწერა

მესტიაჭალა ჰესი

  • მდინარე მესტიაჭალაზე 30-მეგავატიან ჰესს საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ი ავსტრიულ კომპანია RP Global-თან ერთად აშენებს სპეციალურად შექმნილი კომპანიის, „სვანეთი ჰიდროს“, მეშვეობით.
  • პროექტის თანახმად, არაკაშხლური ტიპის, „მომდინარე წყალზე“ დადგმული ჰესი წლიურად გამოიმუშავებს საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას.

საპროტესტო აქციების მონაწილის, "სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის" წევრის, დავით გულბანის ინფორმაციით, ამ დაპირების შემდეგ აქციის მონაწილეებმა გახსნეს ჰესის მშენებლობის ადგილისკენ მიმავალი გზა, რომელიც 31 მარტს გადაკეტეს, და გაატარეს ცემენტით დატვირთული ავტომანქანები, რათა სამშებელო მასალა საწყობებში დაეტოვებინათ:

„ჯერჯერობით დაველოდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამის მიხედვით მოვიქცევით. თუ დაირღვა პირობა, ჩვენ ისევ ავმოქმედდებით და ბლოკირებას მოვახდენთ. მთლიანად მესტიის მასშტაბით მოსახლეობაზე სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობდა. თუ ვინმე დასაქმებული იყო ან მისი ნათესავი, ყველას ურეკავდნენ, ეუბნებოდნენ სოციალურს მოგიხსნითო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით გულბანმა.

აქციის მონაწილეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ჰესების მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები მსჯელობის შემდეგ ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას. მანვე დასძინა, რომ საბოლოოდ მშენებლობა არ შეჩერდება.

„მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. ასევე იქნება დაცული ინვესტორის ინტერესი. მოლაპარაკება გაგრძელდება და შედეგი დადგება კონსენსუსის საფუძველზე“, - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

თავის მხრივ, დაბა მესტიაში ჰესების მშენებელი კომპანია „სვანეთი ჰიდროში“ რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ აქციის მონაწილეებთან შეთანხმების თანახმად, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ჩართულობით თბილისში შედგება შეხვედრა, სადაც განიხილავენ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ ეტაპზე უცნობია შეხვედრის გამართვის თარიღი.

სამწუხაროდ, აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმებულ და ტელევიზიით დაანონსებულ შეხვედრას არ დაესწრნენ, დღეს კი პროვოკაციას მიმართავენ და ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებენ...
სვანეთი ჰიდრო

მდინარე მესტიაჭალაზე 30-მეგავატიან ჰესს საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ი ავსტრიულ კომპანია RP Global-თან ერთად აშენებს სპეციალურად შექმნილი კომპანიის, „სვანეთი ჰიდროს“, მეშვეობით. პროექტის თანახმად, არაკაშხლური ტიპის, „მომდინარე წყალზე“ დადგმული ჰესი წლიურად გამოიმუშავებს საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას. კომპანია „სვანეთი ჰიდრომ“ 31 მარტს განაცხადა, რომ ამ ტიპის ჰესი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე. კომპანიისავე განცხადებით, მშენებლობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდში მოსახლეობის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, დღეს კი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება მხოლოდ მცირე ჯგუფი, რომელსაც არ სურს არგუმენტირებული პასუხების მოსმენა. „სვანეთი ჰიდროს“ ინფორმაციით, საგაზაფხულო მშენებლობის დაწყების წინ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, მოსახლეობის შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა, ბოლო შეხვედრაზე კი შეთანხმდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ექსპერტების მონაწილეობით საკითხის განხილვაზე.

„სამწუხაროდ, აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმებულ და ტელევიზიით დაანონსებულ შეხვედრას არ დაესწრნენ, დღეს კი პროვოკაციას მიმართავენ და ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებენ“, - განაცხადა 31 მარტს კომპანია „სვანეთი ჰიდრომ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG