Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოდნა, რეკლამის საჭიროება და მომხმარებლის ცნობიერება – მეწარმეების შემაფერხებელი ფაქტორები


შეხვედრის მონაწილეები ქუთაისში
შეხვედრის მონაწილეები ქუთაისში

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის წესებსა და მნიშვნელობაზე ქუთაისში, რეგიონალური მრგვალი მაგიდის ფორმატით, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. იმერეთის მხარეში მომუშავე 150-მდე მცირე და საშუალო მეწარმემ და ფერმერმა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ წელს დაგეგმილი ცვლილებებისა და სურსათის უვნებლობის სფეროში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის, განცხადებით, მეწარმეთა ინფორმირება მნიშვნელოვანია მათი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის, საწარმოს გადაიარაღების, დაფინანსების მოპოვებისა და ევროპის ბაზარზე პროდუქციის გასატანად:

“ჩვენ ვისმენთ მეწარმეებისგან იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან წარმოების პროცესში, ასევე იმ ახალი რეგულაციების პროცესში, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში აქვს საქართველოს აღებული და რომელსაც ჩვენ ეტაპობრივად ვნერგავთ. ჩვენ ვისმენთ პრობლემებს და მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ ყველა მეწარმეს მათ გადაჭრაში“.

ეს დაუღალავი შრომით ხდება და გარკვეული პროცედურებია გასავლელი, რისთვისაც ჩვენ მზაობა გვაქვს, რადგან შენობა და სამუშაო პროცესი შესაბამისად მოვაწყვეთ...
ზვიად გრძელიძე

ფქვილისა და მარცვლეულის ფაფების მწარმოებელი კომპანია „ბაიაგუნდის“ წარმოების დირექტორის, ზვიად გრძელიძის, ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, კომპანიამ შენობა ააშენა და წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურით მოაწყო. საწარმო თავის პროდუქციას საქართველოში უკვე ყიდის და, შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებშიც გაიტანოს:

„ეს დაუღალავი შრომით ხდება და გარკვეული პროცედურებია გასავლელი, რისთვისაც ჩვენ მზაობა გვაქვს, რადგან შენობა და სამუშაო პროცესი შესაბამისად მოვაწყვეთ“.

კომპანია „ბაიაგუნდის“ წარმოების დირექტორის, ზვიად გრძელიძისავე, განცხადებით, მნიშვნელოვანია პროდუქტის რეკლამირება, რომლის საშუალება მცირე და საშუალო მეწარმეებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ და, შესაბამისად, უჭირთ კონკურენცია იმპორტირებულ პროდუქციასთან. ზვიად გრძელიძე იმასაც აღნიშნავს, რომ მომხმარებელს ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისად მაღალი ნდობა ქართული წარმოების მიმართ. საკუთარი პროდუქტი ევროკავშირის ორ ქვეყანაში - გერმანიასა და ავსტრიაში - პირველად შარშან გაიტანა ბაღდათის მუნიციპალიტეტში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2015 წელს დაფინანსებულმა ღვინის მარანმა „ბაიას ღვინომ“. როგორც მეწარმე ბაია აბულაძე ამბობს, იმერული ჯიშის ვაზი ჰექტარ-ნახევარ მიწაზე აქვს გაშენებული და ღვინოზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად აქტიურად მუშაობენ წარმოების გაფართოებაზე. ბაია აბულაძე მიიჩნევს, რომ მეწარმემ პროდუქციის რეკლამირება თავად უნდა მოახდინოს და ამისთვის ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს:

კოოპერატივს ექმნება პრობლემები, რადგან ვერ ახერხებს იმ რაოდენობის თაფლის მიწოდებას, რამდენი მოთხოვნაცაა. ვერ ვღებულობთ თაფლის ერთგვაროვან მასას, რადგან სხვადასხვა მეთოდით ხდება მისი მოპოვება და ეს გამოსასწორებელი გვაქვს...
მინდია ქავთარაძე

„ვურჩევდი მეწარმეებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა უცხოეთში გამართულ გამოფენებზე, რადგან ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანებს ჩვენი პროდუქტი სჭირდებათ, და მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქტი ჩვენ თვითონ შევთავაზოთ მათ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გამოფენებში მონაწილეობა სხვადასხვა სირთულესთანაა დაკავშირებული, მათ შორის - ფინანსურთან “.

პროდუქციის ზრდის, რეკლამირებისა და ევროკავშირის სტანდარტების დაცვის მიზნით მეწარმეებისა და ფერმერების ცოდნის დონის ამაღლებას აუცილებლად მიიჩნევს მეფუტკრე მინდია ქავთარაძე. ის ხელმძღვანელობს მეორე დონის კოოპერატივს, რომელიც ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში შექმნილ 5 კოოპერატივს - ჯამში, 72 მეპაიეს - აერთიანებს. მინდია ქავთარაძის განმარტებით, მეფუტკრეთა ნაწილი თაფლს ისევ მოძველებული მეთოდებით მოიპოვებს, რის გამოც პროდუქტი უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და კოოპერატივი ვერ ახერხებს მოთხოვნის უზრუნველყოფას:

„გვაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა, ტექნიკა–დანადგარი, რესურსი, რაც წარმოებისთვისაა აუცილებელი, მაგრამ ჩვენთვის პრობლემა არის განათლება. კოოპერატივს ექმნება პრობლემები, რადგან ვერ ახერხებს იმ რაოდენობის თაფლის მიწოდებას, რამდენი მოთხოვნაცაა. ვერ ვღებულობთ თაფლის ერთგვაროვან მასას, რადგან სხვადასხვა მეთოდით ხდება მისი მოპოვება და ეს გამოსასწორებელი გვაქვს“.

შეხვედრის მონაწილეები ქუთაისში
შეხვედრის მონაწილეები ქუთაისში

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის, ზვიად ქვლივიძის, ინფორმაციით, მიმდინარე წელს ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეწარმეების საჭიროებებს კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებენ:

„ჩვენი სააგენტოსთვის მეწარმეებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო დავხვეწოთ და განვავითაროთ ჩვენი პროგრამები. ამისთვის კი ასევე მნიშვნელოვანია მეწარმეების ჩართულობა, მათი მოსაზრებების მოსმენა და ზუსტად ვიცოდეთ, თუ რა საჭიროებებია კონკრეტულ რეგიონში“.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ქუთაისში გამართული მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი ორგანიზატორის - სავაჭრო სამრეწველო პალატის - წარმომადგენელთა განცხადებით, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის დარგობრივი ცოდნის ასამაღლებლად წლის ბოლომდე 60-მდე ტრენინგი ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG