Accessibility links

ტურიზმის სფეროს რეკორდული მიღწევა და გამოწვევები


ყაზბეგი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში ტურიზმის სფეროს ახალი რეკორდი დამყარდა და საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა. თითქმის ნახევარი მილიონით გაიზარდა უშუალოდ ტურისტების, ანუ მათი რიცხვი, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი დაყვეს. გაზრდილია 2016 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. რამდენად რაციონალურად იყენებს საქართველო ტურიზმის სფეროში არსებულ პოტენციალს, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ტურიზმმა მეტი შემოსავალი მოიტანოს და, ამასთან, ეს სიკეთე ადეკვატურად აისახოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე?

Direct link

2016 წელს საქართველოს 6 350 825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც თითქმის ნახევარი მილიონით (449 731) მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე. 2016 წელს ასევე თითქმის ნახევარი მილიონით (432 802) გაიზარდა იმ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ერთი დღე-ღამით ან მეტი დროით სტუმრობდნენ. ასეთები ტურისტთა კატეგორიაში ექცევიან და მათი რიცხვი შარშან 2 714 773-ს შეადგენდა. 4 იანვარს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ახალ რეკორდზე ილაპარაკა:

„რეკორდი მოიხსნა როგორც ტურისტების რაოდენობის მხრივ, ასევე იმ შემოსავლების მხრივ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა და ამ შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა... შემომსვლელთა ნაკადი მატულობს როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, სადაც ჩვენ აქტიურ მარკეტინგულ და საინფორმაციო კამპანიებს ვაწარმოებთ, ასევე იმ ახალი ბაზრებიდან, რომლებიც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ. მათ შორის არის სპარსეთის ყურის ქვეყნები, ინდოეთი და ირანი, რომელიც ხელახლა შემოუერთდა ჩვენს ქვეყანას, ტურისტული ნაკადების თვალსაზრისით“.

„ძალიან ძვირი ჯდება საქართველოში დასვენება, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, თურქეთთან შედარებით და მთელ რიგ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებთან შედარებითაც კი...
ვახტანგ ჭარაია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს, საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობის მიხედვით, ლიდერობდა 5 ქვეყანა: აზერბაიჯანი (+9.3 %), სომხეთი (+1.9 %), თურქეთი (-9.9 %), რუსეთი (+12.0 %) და უკრაინა (+21.8 %). ამავე წყაროს ცნობით, რუსეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა მილიონს, თუმცა პოზიტიური ტენდენციაა შენარჩუნებული ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაშიც. მაგალითად, საქართველოში ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით, 2016 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში ლიდერობდნენ ლატვია (+24 %), ლიტვა (+16 %), ჩეხეთი (+ 15%), ბულგარეთი (+12 %) და გერმანია (+11 %).

ტურიზმის სფეროს ზრდადი მაჩვენებლები არ უკვირთ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს და არც ის აკვირვებთ, რომ სტუმართა დიდი წილი რეგიონის ქვეყნებზე მოდის. მათი აზრით, მოგზაურებს საქართველოში შედარებით უსაფრთხო, სტაბილური გარემო იზიდავთ, მათ საქართველოში სტუმრობა ხშირ შემთხვევაში უფრო იაფიც უჯდებათ და მოსახერხებელია მათთვისაც, ვისაც მოგზაურობა საკუთარი ავტომობილით სურს. თუმცა როგორც თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია ეუბნება რადიო თავისუფლებას, საქართველო უფრო კონკურენტუნარიანი იქნებოდა და მეტ ტურისტს მოიზიდავდა, ფასები ასეთი მაღალი რომ არ იყოს:

„ძალიან ძვირი ჯდება საქართველოში დასვენება, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, თურქეთთან შედარებით და მთელ რიგ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებთან შედარებითაც კი... მთლიანობაში ვგულისხმობ დასვენების ღირებულებას - დაწყებული თვითმფრინავის ბილეთიდან, გაგრძელებული სასტუმროთი, კვებით, გართობის ხარჯებით და ასე შემდეგ... შეიძლება ცალკეულ კომპონენტებში საქართველო ჯობნიდეს, მაგრამ, მთლიანობაში, დასვენების მთლიანი ღირებულება საქართველოში საკმაოდ მაღალია“.

საქართველოს ტურიზმის სფეროში დაბალბიუჯეტიანი ტურისტების ინტერესები ნაკლებად რომ არის გათვალისწინებული და ეს რომ პრაქტიკულად ამ სეგმენტიდან მისაღებ შემოსავლებზე უარის თქმას ნიშნავს, ეს ცხადია მერაბ ჯანიაშვილისთვისაც. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი ისურვებდა, რომ საქართველოში მეტი შედარებით იაფფასიანი ჰოსტელი ამოქმედდეს, თუმცა, თავისუფალი ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე, ამჟამინდელი მაღალი ფასები მას არაბუნებრივად სულაც არ მიაჩნია. პრინციპი მარტივია: რაც მაღალ ფასად იყიდება, იმას არავინ გააიაფებს. მერაბ ჯანიაშვილის აზრით, ფასების შემცირება ბუნებრივად დაიწყება მას შემდეგ, რაც სასტუმროებისა და ჰოსტელების რიცხვი ტურისტების მზარდი ნაკადის მოთხოვნას მთლიანად დააკმაყოფილებს, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ასევე ბაზრის გაჯერებას უკავშირდება მომსახურების დახვეწის იმედიც. მერაბ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში ტურისტებს დიდწილად კვლავ ცუდი მომსახურება ხვდებათ.

მერაბ ჯანიაშვილი
მერაბ ჯანიაშვილი

რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსავალს, რაც, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „2016 წლის საბოლოო მონაცემებით, 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს“, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება ექსპერტებისთვისაც. მაგრამ, როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ეს ფული ადეკვატურად ვერ დაეტყობა საქართველოს ეკონომიკას, იმიტომ რომ საქართველოს ადგილობრივი წარმოება თითქმის არა აქვს და საბოლოოდ გამოდის, რომ უცხოელი ტურისტები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, დიდწილად სხვა ქვეყნების ეკონომიკას აფინანსებენ:

„მაგალითად, ტურისტი რომ ჩამოვიდა საქართველოში: ჩამოფრინდა უცხოური ავიაკომპანიით, საჭმელს რასაც ყიდულობს, იქიდან 50 პროცენტი იმპორტირებულია და, ასევე, ბევრი ნივთი, რასაც მოიხმარს, არის იმპორტირებული... შესაბამისად, თუ ტურისტებმა შარშან შემოიტანეს 2 მილიარდი დოლარი, სავარაუდოდ, ერთი მილიარდი უკან გავიდა იმ პროდუქციის შესაძენად და საქართველოში შემოსატანად, რაც მათ მოიხმარეს“.

იმისათვის, რომ ტურიზმიდან მიღებული უცხოური ვალუტა საქართველოში დარჩეს, ტურიზმის განვითარებას აუცილებლად უნდა დაეწიოს სოფლის მეურნეობის განვითარება, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვახტანგ ჭარაია და იმედოვნებს, რომ ეს თანდათან მოხდება. ექსპერტის აზრით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა მეტი ტურისტი მოიზიდოს ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამ პროცესში დიდი როლის შესრულება შეუძლია იაფი ავიამიმოსვლის განვითარებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG