Accessibility links

ევროპელი ლიდერები საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ულოცავენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ევროპასთან. სპეციალური მილოცვები ევროპელმა ლიდერებმა სხვადასხვა გზით გაავრცელეს.

„საქართველო არის ევროპა!“ „გილოცავთ, საქართველო!“ „ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით!“ - ეს არის ევროპელი ლიდერების ქართულ ენაზე წარმოთქმული გზავნილები, რომლებიც მათ 27 და 28 მარტს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეო თუ ტექსტური მიმართვებით გაავრცელეს. ისინი საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ულოცავენ, რომელიც 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის 30 ქვეყანაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.

სწორედ ამ თარიღს დაემთხვა ლატვიის პრეზიდენტის, რაიმონდს ვეიონისის, ვიზიტი საქართველოში. პრეზიდენტის რანგში მის პირველ ვიზიტს საქართველოში ქართული მხარე მნიშვნელოვანსა და სიმბოლურს უწოდებს, რადგან სწორედ 28 მარტიდან შევიდა ძალაში ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის გადაწყვეტილება.

ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გილოცავთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. ეს ნამდვილად დამსახურებული შედეგია დიდი ხნის ლოდინის შემდეგ. დღეიდან ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ საქართველოს ევროპაში და მეტ ევროპას საქართველოში. საქართველო არის ევროპა...
ლინას ლინკევიჩუსი

„საქართველოში იმყოფება იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც არა ერთი, არამედ მრავალი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - ასე დაიწყო თავისი სიტყვა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ საქართველო-ლატვიის ურთიერთობა არაერთი სფეროს მიმართულებით გაღრმავდება. მათ შორის იქნება როგორც ეკონომიკური, ისე განათლებისა და მეცნიერების და სამხედრო სფერო. მან მადლობა გადაუხადა ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის:

„იმ გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია და რომელიც არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რომლის განხორციელებაშიც ჩვენ ჩვენი მეგობრები გვეხმარებიან რეალურად, ჩვენ გვაქვს ერთიანი და ძალიან ნათელი ხედვა. ამ ხედვის კონტექსტში, ბუნებრივია, სირთულეს წარმოადგენს ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს და მე მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, რომელიც ამ მიმართულებითაც ძალიან ნათელ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ“.

თავად ლატვიის პრეზიდენტმაც სიმბოლური უწოდა თავის ვიზიტს საქართველოში და აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოში რეფორმირების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მან გამოთქვა, ასევე, იმედი, რომ სავიზო ლიბერალიზაცია საქართველოს კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ევროპასთან.

დალია გრიბაუსკაიტე
დალია გრიბაუსკაიტე

ერთ-ერთი პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც საქართველოს მიულოცა უვიზო რეჟიმის ამოქმედება, არის ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე. მან 27 მარტს გაავრცელა ვიდეომიმართვა. ესაა განსაკუთრებული დღე, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ერთმანეთთან ლიტვას და საქართველოს, - ამბობს პრეზიდენტი:

„ეს ყოველივე ქართველი ხალხის ძალისხმევის შედეგია. თქვენი ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ რეგიონისთვის სამაგალითოა. ლიტვა თქვენი ერთგული მეგობარია და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს. ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით“.

ლიტვის პრეზიდენტის პათოსს იზიარებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ამ პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერით:

„ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გილოცავთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. ეს ნამდვილად დამსახურებული შედეგია დიდი ხნის ლოდინის შემდეგ. დღეიდან ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ საქართველოს ევროპაში და მეტ ევროპას საქართველოში. საქართველო არის ევროპა“.

კიდევ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელმაც საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მიულოცა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასია. მან თავისი მილოცვა ათენში ვიზიტით მყოფ გიორგი კვირიკაშვილს პირადად გადასცა. შეგახსენებთ: გიორგი კვირიკაშვილმა ათ სტუდენტთან ერთად 28 მარტს დილით პირველმა ისარგებლა უვიზო რეჟიმით. ისინი ათენში გაემგზავრნენ. ალექსის ციპრასმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით მიღებულ შესაძლებლობებს:

„თქვენ ხართ საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელმაც უვიზოდ იმგზავრა შენგენის ზონაში, საბერძნეთში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე თქვენი ქვეყნისთვის. ვთვლი, რომ უვიზო რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების გზაზე. ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მჯერა, რომ მეტ ქვეყანას ექნება ამის შესაძლებლობა“.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. ის ჯერ კიდევ 12 იანვარს წერდა „ტვიტერზე“ და მიესალმებოდა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) გადაწყვეტილებას, რომელმაც მაშინ კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვა საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. ამჯერად იოჰანეს ჰანის 28 მარტის გზავნილში ვკითხულობთ: „გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს უვიზო მიმოსვლას. ისიამოვნეთ ევროპით“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG