Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI: სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციას


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობამ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ჯამურად, გამოკითხულთა 90 % (64 % - სრულად და 26 % - ნაწილობრივ) ემხრობა საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანებას კი, ჯამში, 82 % ემხრობა (56 % -სრულად 26 % - ნაწილობრივ). ქვეყნის მთავარ პრობლემად კვლავ უმუშევრობა სახელდება, ყველაზე მაღალი რეპუტაციით კი კვლავ მართლმადიდებლური ეკლესია სარგებლობს.

IRI: სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციას
please wait

No media source currently available

0:00 0:06:01 0:00
გადმოწერა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით 22 თებერვლიდან 8 მარტამდე პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული 1500 რესპონდენტის პასუხების გათვალისწინებით, საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის მხარდაჭერის კვალდაკვალ, რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნების მომხრეა 53 %. კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნიდან მომდინარეობს საქართველოსთვის ყველაზე მაღალი ხიფათი, გამოკითხულთა 73 % რუსეთს ასახელებს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკვლევაზე დაყრდნობით, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება ევროპულ ადა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებით არის მყარი და იკვეთება მზარდი ტენდენცია მოსახლეობის იმ ნაწილშიც, ვისაც ბოლომდე არ აქვს გათავისებული ევროინტეგრაციის სიკეთეები და შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის ნაწილი ევროსკეპტიკოსების რიგებიდან ევროკავშირის მხარდამჭერთა რიგებში ინაცვლებს. თუმცა, კახა გოგოლაშვილის სიტყვებით, ეს შედარებით ნაკლებად შეეხება ნატოში ინტეგრაციას, ვინაიდან ჯერჯერობით ვერავინ დაასაბუთებს დაბეჯითებით, რომ საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციის გზა უსაფრთხოა, რუსეთიდან მომდინარე აგრესიისა და, ზოგადად, ქვეყნის გარშემო არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ამასთან, კახა გოგოლაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციისადმი მზარდი მხარდაჭერის მაჩვენებელი იმ ნეგატიური პროპაგანდის ფონზე, რომელიც ამ ბოლო დროს მიმდინარეობდა:

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

„აი, მაგალითად, ზეწოლა. შეიძლება არსებობს პოზიტიური ზეწოლა ცნობიერებაზე, რომ ევროინტეგრაცია, ზოგადად, კარგია, უვიზო მიმოსვლა იქნება და ამას მოაქვს თავისი სიკეთეები, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ნეგატიური ზეწოლაც ძალიან ძლიერი იყო და ხიფათი, რომ, შესაძლოა ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა შემცირებულიყო, - ძალინ მაღალი, იმიტომ რომ აგერ მეზობელი თურქეთი, რომელიც სულ უფრო და უფრო ხდება ევროსკეპტიკური, არის ლტოლვილთა კრიზისი, რომელიც ასუსტებს ევროპას, ბრექსიტის ასეთი დიდი გაპიარება ყველგან, განსაკუთრებით, ანტიევროპულ წრეებში და ანტიევროპულ მედიაში, რომ, აი, იშლება ევროკავშირი და გარბიან სხვები და რა დროს ჩვენი იქ შესვლაა, და, თუ გნებავთ, რუსული პროპაგანდა, ანუ უარყოფითი წნეხი იყო ძალიან დიდი და წარმოიდგინეთ, რომ არის დიდი ნაკადი და ამის წინააღმდეგ მიცურავს ჩვენი საზოგადოება“.

კვლევის შიდაპოლიტიკურ აქცენტებს რაც შეეხება, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი (47 %) ქვეყნის მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოკითხულთა 36 % -ის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. ხელისუფლების ყველაზე წარმატებულ რეფორმად ჯანდაცვა სახელდება (18 % ). ყველაზე დიდ წარუმატებლობად გამოკითხულთა 23 % შეუსრულებელ დაპირებებს მიიჩნევს. ხელისუფლების სამ მთავარ მიღწევად კი სახელდება ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება და სოფლის მეურნეობის საკითხების მოგვარება.

ინსტიტუტების მუშაობის შეფასებით, პირველ ადგილზე, 88 %-ით, მართლმადიდებელი ეკლესიაა; არმიას მეორე ადგილი უკავია, 86 % -ით, მედია მესამე ადგილზეა. გამოკვლევაში მოცემულია პოლიტიკოსთა რეიტინგებიც, რომლის სათავეშიც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დგას, 67 %-ით. მას 2 პროცენტით ჩამორჩება ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო. მათ მოსდევენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე, და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი,55 %, 50 % და 48 %-ით, შესაბამისად.

გამოკვლევაში დასმულია შეკითხვა პრეზიდენტის არჩევის წესის თაობაზეც. გამოკითხულთა 92 % მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საყოველთაო პირდაპირი არჩევნების გზით უნდა აირჩეს, ხოლო 5 % - არაპირდაპირი გზით, ანუ პარლამენტის მიერ მის არჩევას ემხრობა, თუმცა ეს წესი ჯერ მხოლოდ ინიციატივის სახით არსებობს.

ტრადიციულად, განსხვავებულად აფასებენ გამოკვლევების შედეგებს პოლიტიკოსები. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის, თქმით, კვლევების შედეგი საყურადღებო ინფორმაციის მატარებელია.

რა თქმა უნდა, ეს ციფრები ვერასოდეს იქნება ზუსტი, როცა ვსაუბრობთ, როგორ გამოიხატება ნდობის მანდატი. სამი თვეა, დაახლოებით, რაც არჩევნები დასრულდა და შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ იმ შედეგებით. ვიღაცას სჯერა, ვიღაცას არა, მაგრამ, ზოგადად, განწყობები არის საკამათო“...
ეკა ბესელია

ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს IRI -ის გამოკვლევაში დასახელებულ პარტიულ რეიტინგებთან მიმართებით. კითხვაზე, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს, გამოკითხულთა 30 % მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ 15%-იანი მხარდაჭერა აქვს.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, განცხადებით, ყველაზე კარგად მოსახლეობის დამოკიდებულებას მმართველი პარტიის მიმართ არჩევნებში გამოხატული ნდობა ცხადყოფს:

„რა თქმა უნდა, ეს ციფრები ვერასოდეს იქნება ზუსტი, როცა ვსაუბრობთ, როგორ გამოიხატება ნდობის მანდატი. სამი თვეა, დაახლოებით, რაც არჩევნები დასრულდა და შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ იმ შედეგებით. ვიღაცას სჯერა, ვიღაცას არა, მაგრამ, ზოგადად, განწყობები არის საკამათო“.

გამოკვლევაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გამოხატული 15 %-იანი მხარდაჭერის მაჩვენებელი კი პარტიის წარმომადგენლის, ნინო კალანდაძისთვის იმის მიმანიშნებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი ძლიერი ოპოზიციური ძალაა:

„კვლევა მოწმობს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მოსახლეობა ენდობა, როგორც პარტიას, რომელიც შეძლებს მისი პრობლემების მოგვარებას იმის გამო, რომ მას ამის წარსული გამოცდილება აქვს“.

კვლევაში 8 %-იანი მაჩვენებელი აქვს „ევროპულ საქართველოს“, ლეიბორისტულ პარტიას 6% პროცენტი მისცემდა ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ – 4 %, „ თავისუფალი დემოკრატებს“ კი - 3 %. რესპონდენტების 13%-მა განაცხადა, რომ ისინი არც ერთ პარტიას არ მისცემდნენ ხმას.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG