Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უშლის ხელს ქართულენოვანი მობილური აპლიკაციების ბიზნესის განვითარებას


ქართული საბავშო მობილური აპლიკაცია "ნაცარქექია"
ქართული საბავშო მობილური აპლიკაცია "ნაცარქექია"

როგორია ქართულენოვანი მობილური აპლიკაციების ბაზარი, ვინ ქმნის პროდუქტს სმარტფონების მომხმარებლებისთვის, რა მოთხოვნები აქვთ თავად მომხმარებლებს და რა პერსპექტივები არსებობს დარგის განვითარებისთვის.

ნინუცა სოციალური მედიამარკეტინგის სპეციალისტია, შესაბამისად დღის განმავლობაში კომპიუტერი და სმარტფონი მისი საქმიანობისთვის საჭირო და აუცილებელი ატრიბუტებია. ტექნოლოგიურ სიახლეებს მუდმივად თვალს ადევნებს, ახალ-ახალ პროდუქტებს სიამოვნებით ტესტავს და ზოგს, რაც განსაკუთრებით მოსწონს, საქმიანობაშიც იყენებს. მისთვის მნიშვნელოვანია ციფრული სამყაროს მოდური ტენდენციების პულსზე ედოს ხელი. ნინუცას ტელეფონში ძალიან ბევრ აპლიკაციას შეხვდებით, მათ შორის საბავშვოსაც. მისი შვილი, ელენე 2 წლისაა და სხვა ათასობით თანატოლის მსგავსად სამყაროს შემეცნებისთვის, ლექსიკური მარაგის შესავსებად და გასართობად ახალ ტექნოლოგიებს წარმატებით იყენებს, ტელეფონთან და პლანშეტთან სიამოვნებით მეგობრობს, აქვს საყვარელი არხები youtube-ზე და ამოჩემებული აპლიკაციები აპ სთორზე.

„სამწუხაროდ ერთად აღმოვაჩინეთ, რომ არ არის საკმარისი ქართულენოვანი მასალა. ძირითადად ძალიან კარგი და ხარისხიანი რაც არის, რასაც შეიძლება ბავშვმა უყუროს, იქიდან ისწავლოს და ბევრი ახალი უნარი აღმოაჩინოს, ინგლისურენოვანია. შესაბამისად, ქართველ ბავშვებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ ასოები, რიცხვები, ფერები, ანბანი ქართულ ენაზე ისწავლონ, რაც ძალიან სამწუხაროა. არის რამდენიმე აპლიკაცია, ზღაპრის ფორმატის, რომლებიც ამბავს ქართულ ენაზე ყვება.“

აპლიკაციები მობილური მოწყობილობებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამებია. მათი ყიდვა ან უფასოდ ჩამოტვირთვა ნებისმიერს შეუძლია. სხვადასხვა ტიპის, შინაარსის და ვიზუალის მქონე აპლიკაციებში ყველას შეუძლია სასურველის პოვნა. აქ ყველაფერია: - დაწყებული თამაშებიდან დამთავრებული ინფორმაციით.

ამ დიდ ბაზარზე ქართულენოვანი აპლიკაციები მართლაც ცოტაა, კიდევ უფრო ცოტაა საბავშვო აპები. რამდენიმე ინტერაქტიული ზღაპარი, ქართული ანბანი და ორიოდე თამაში, სულ ეს არის რაც ქართველ ბავშვს მშობლიურ ენაზე შეუძლია მოიხმაროს.

კომპანია „ლემონდუს“ მარკეტინგის მენეჯერი, ლევან ედიშერაშვილი ქართულენოვან აპლიკაციებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ „ისევე როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართულენოვანი აპლიკაცია იყოს, მით უმეტეს ბავშვებისთვის, მაგრამ როგორც ვნახეთ, ყველა ეს აპლიკაცია იმდენად ინტუიტიურია, იქ დეველოპერი ქართულად დაწერს თუ არა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია კარგად იყოს აგებული თვითონ თამაში და ბავშვი ისედაც ხვდება“ - ამბობს ლევან ედიშერაშვილი.

„ლემონდუ“ ქართული კომპანიაა, რომელიც 5 წლის წინ შეიქმნა. კომპანიის მთავარი საქმიანობა სწორედ მობილური თამაშებისა და აპლიკაციების დამზადებაა, მისი ძირითადი მომხმარებელი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. თამაშებს, რომლებსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, გლობალური ბაზრისთვის ქმნიან, სადაც მართალია, უფრო მეტი სმარტფონის მომხმარებელია, მაგრამ კონკურენციაც მაღალია. ამბობენ, რომ კომერციული შეკვეთები ქართული ბიზნესისგან არსებობის მხოლოდ მესამე წელს წამოვიდა, შეკვეთები აქვთ საბავშვო აპლიკაციებზეც, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ თამაშებს ქმნიან. მათთვის ძნელია შეკვეთის გარეშე რაიმე პროდუქტის შექმნა, ბიზნესი ბიზნესია, მას ფული ჭირდება.

„ლემონდუს“ მარკეტინგის მენეჯერი, ლევან ედიშერაშვილიც აქცენტს ფინანსურ ფაქტორზე აკეთებს და მას გადამწყვეტად მიიჩნევს. – "რა თქმა უნდა, ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. არ გვაქვს ქართველ დეველოპერებს იმის ფუფუნება, რომ საჩუქრები ვაკეთოთ და ვაკეთოთ ხშირად. რეალურად ყველა ჩვენი დახარჯული დღე ღირს ძალიან ძვირი, იმიტომ რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ძალიან ძვირია, ძვირადღირებული დარგია“, - თქვა ლევან ედიშერაშვილმა.

მიუხედავად კომერციული ასპექტებისა, "ლემონდუმ" ქართველ მომხმარებელს ერთი კარგი და საჭირო საჩუქარი მაინც გაუკეთა. ქართული კლავიატურა აიოს სისტემის მომხმარებლებისთვის წელიწადზე მეტია არსებობს, მისი ჩამოწერა და მოხმარება ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეუძლია. ქართული კლავიატურა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ქართული აპლიკაციებიდან. ასევე გზებზე არსებული რადარების შესახებ ინფორმაციული აპლიკაცია „გოჩა“, მართვის მოწმობის გამოცდისთვის საჭირო ბილეთები და ახალი ამბების კომბინირებული დაიჯესტი.

თემო ბარათაშვილი, რომელიც ინტერნეტის და მობილურის აქტიური მომხმარებელია, ამბობს, რომ არა მხოლოდ საბავშვო, არამედ უფროსებისთვის განკუთვნილი ქართულენოვანი აპლიკაციებიც საკმაოდ დეფიციტურია.

„რასაც მე ვიყენებ, არის ონლაინ ბანკინგის აპლიკაციები და ალბათ ამას იყენებს მომხმარებელთა უმეტესობა. ვიცი ასევე გოჩა, რომელიც მართალია არალეგალურია, მაგრამ მაინც ყველა მძღოლი იყენებს. რაც შეეხება სხვა აპლიკაციებს, იგივე თბილისის საინფორმაციო აპლიკაცია მაგალითად, გადმოვწერე, მაგრამ ძველი ინფორმაცია იყო, ახალი რესტორნები და ბარები არ იყო შიგნით და წავშალე." - ამბობს თემო ბარათაშვილი.

იმას, რომ ქართულენოვანი აპლიკაციები დიდი რაოდენობით არ იქმნება და ფინანსური მოგება არ მოაქვს, თავისი მიზეზები აქვს. მცირერიცხოვანი ბაზარი, ფასიანი სერვისების მოხმარების კულტურის არქონა და მთავარი, ეფლის ბაზარზე, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის არარსებობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG