Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერალური საგადასახადო სისტემა, ესტონური მოდელით


მეწარმე, რომელიც კომპანიის მოგებას თავად კი არ დაიტოვებს, არამედ ისევ კომპანიის შიგნით ინვესტირებისთვის გამოიყენებს, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება. ასე შეიძლება განიმარტოს ინიციატივა საგადასახადო კოდექსში ცვლილების თაობაზე, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეყრდნობა და ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე უნდა შევიდეს და, დამტკიცების შემთხვევაში, 1 ივლისიდან ამოქმედდეს, ექსპერტთა უმრავლესობა ინიციატივას დადებითად აფასებს.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, კანონპროექტი მოგების გადასახადის რეორგანიზებას ითვალისწინებს, რაც მოგების გადასახადის განაწილებული მოგების გადასახადით შეცვლას გულისხმობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ კომპანია მოგებას არ გაანაწილებს, არ გამოიყენებს მას დივიდენდების გასაცემად და მის სრულ ინვესტირებას მოახდენს კომპანიის შიგნით, გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან.

თუმცა, ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ცნობის თანახმად, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები არ გავრცელდება ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელზე - მაგალითად, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ბანკებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო სექტორზე.

ზოგი ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში - მათ შორის, იოსებ არჩვაძეც - ფიქრობს, რომ ეს ინიციატივა ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებას მოახდენს:

„შეზღუდული რესურსების პირობებში მეტი შინაგანი მობილიზაცია გაუკეთდეს რესურსებს და მეტ ეფექტიან გამოყენებას - ამის მთავარი დანიშნულებაა ის, რომ სახსრები წავიდეს არა მოხმარების და არა მწარმოებლური ხარჯებისთვის, არამედ სწორედ რეინვესტირებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“.

თბილისის ერთერთი ბაზრობა
თბილისის ერთერთი ბაზრობა

საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებები ძალაში 2016 წლის პირველ ივლისს შევა. ამიტომაც, 1 ივლისამდე, 6 თვის განმავლობაში, ძველი წესით მომუშავე საწარმოებისათვის დეკლარირების პერიოდად, სავარაუდოდ, 1 ნოემბრამდე პერიოდი განისაზღვრება. შესაბამისად, რეფორმების ასოციაცია „გრასის“ ეკონომისტის ბესიკ ნამჩავაძის თქმით, ეკონომიკური ეფექტი ცვლილებას 2017 წლის ბიუჯეტზე ექნება, თუმცა 2017 წლის ბიუჯეტის კონტურებიც კი არ არის ჯერ გამოკვეთილი და ის მარტის შუა რიცხვებისთვის გამოიკვეთება.

„მოგების გადასახადი შედის მიმდინარე შემოსავლებში, ანუ ჩვენ რადგანაც მოგების გადასახადიდან 2017 წელს ცოტა თანხა შემოგვივა, რადგან დაიბეგრება მარტო ის, ვინც მოგებას სახლში წაიღებს, ამის პირდაპირ პროპორციულად უნდა შევამციროთ მიმდინარე ხარჯებიც და მიმდინარე ხარჯები არის იგივე ადმინისტრაციული ხარჯები, სოციალური ხარჯები, სუბსიდიები, ვალის მომსახურება. ჩამოთვლილთაგან, ალბათ, სოციალურ ხარჯებს ვერ შევეხებით, პენსიას ვერ შევამცირებთ, ჯანდაცვის ხარჯებს და ა.შ., მაგრამ რჩება უფრო ადმინისტრაციული ხარჯი“.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებითაც, მოგების გადასახადისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში განსახორციელებელი რეფორმები ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილს, დაახლოებით, 400 მილიონი ლარით შეამცირებს, შემცირება კი ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხება.

ამ ცვლილების უნიკალობა გამოიხატება არა იმაში, რომ კონკრეტული შეღავათები უწესდება კოკრეტულ ბიზნესმენს ან ინვესტორს...
ლევან კალანდაძე

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში ლოგიკას ხედავს და კარგ იდეად მიიჩნევს რადიო თავისუფლებასთან საუბარში გიგა მიქაუტაძე, გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე:

„დღეს კომპანია იხდის როგორც მოგების გადასახადს, ასევე შემდეგი წლისთვის ყოველთვიურად წინასწარ იხდის ავანსს. ანუ თუ წელს მოგების გადასახადი ჰქონდა 1000 ლარი, ყოველ კვარტალში 250 ლარი ავანსად უნდა გადაიხადოს, ანუ დამატებითი წნეხია და საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა კომპანიებისთვის და თუ მათ მიეცემათ საშუალება, რომ ეს თანხა ისევ კომპანიების განვითარებისთვის გამოიყენონ, ეს მხოლოდ წაადგება ეკონომიკას და გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები, მეტი ბიზნესი ნიშნავს ნაკლებ სოციალურ პასუხისმგებლობას იგივე ხელისუფლებისთვის და პლუს მეტ შემოსავალს სხვა გადასახადებისგან, როგორიც არის ქონების, საშემოსავლო გადასახადი და ა.შ.“

ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და კომპანიებისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების თვალსაზრისით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში არასოდეს განხორცილებულა მსგავსი ცვლილებაო, ამბობს, ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე:

„ამ ცვლილების უნიკალობა გამოიხატება არა იმაში, რომ კონკრეტული შეღავათები უწესდება კოკრეტულ ბიზნესმენს ან ინვესტორს, არამედ იმაში, რომ ქვეყანაში კარდინალურად, ფუნდამენტურად იცვლება სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესისადმი“.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, შენარჩუნებულია მოგების გადასახადის 15 %-იანი განაკვეთი.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG