Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგონებებში დარჩენილი ახალი წლები


ხანდაზმულთა პანსიონატი
ხანდაზმულთა პანსიონატი

მუსინკა ვერ ხედავს. ძველ სავარძელში ზის და თავი აქვს დახრილი. იქვე ზის დონატაც. ყელზე მარგალიტის მძივი ჰკიდია და თმა წითლად აქვს შეღებილი. მარჯვნიდან ფერადი ჯონი დეპი დაჰყურებს, მარცხნიდან - შავ-თეთრი ვისოცკი. თაროზე შოკოლადის ცარიელი ყუთი დევს, მაგიდაზე - ლიმონი და მანდარინები. ტელევიზორში ინდური სერიალი გადის - ანანდის ყვითელი სარი აცვია და ქმარი ენატრება. რაფაზე ორი ქოთანი დგას. სარეცხის თოკზე ვარდისფერი პირსახოცი ფრიალებს. მუსინკა, რომელიც ვერ ხედავს, კატაა, დონატა, მარგალიტის მძივით, ანუ 75 წლის დონატა პანჩენკო - ხანდაზმულთა პანსიონატის ბინადარი. 19 წელია პანსიონატში ცხოვრობს. დონატა მულტიპლიკატორია. 25 წელი იმუშავა კინოსტუდიაში. ყველაზე ბედნიერი წლები სწორედ იქ გავატარეო, იხსენებს დონატა, რომელმაც სხვა ბევრ მულტიპლიკაციურ პერსონაჟთან ერთად ცნობილი „წუნა და წრუწუნა“ აამოძრავა.

მოგონებებში დარჩენილი ახალი წლები
please wait

No media source currently available

0:00 0:09:21 0:00
გადმოწერა

თითქმის 20 წელია საკუთარი ბინა აღარ აქვს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დონატა პანსიონატში ცხოვრობს. მისი ოჯახი ახლა უსინათლო მუსინკაა, რომლის გარეშე სიცოცხლე აღარ წარმოუდგენია. ამბობს, რომ პანსიონატში თავს კარგად გრძნობს. ჰყავს მეგობრები და ამ ახალ წელსაც მათთან ერთად შეხვდება საახალწლოდ მოწყობილ სადღესასწაულო სადილზე. ბევრი წელი აშორებს ბავშვობისგან და საახალწლო მოგონებებისგან, მაგრამ მაინც ახსოვს ის ახალი წლები, რომლებსაც ბებიასთან ერთად ატარებდა:

„ბებიაჩემი მენატრება. მე ახლა ბებიაზე უფროსი ვარ. ბებია რომ მოკვდა, 73 წლის იყო. ძალიან ხშირად ვიხსენებ ხოლმე. ახალი წლის დილას თვალს რომ გავახელდი, დავინახავდი მორთულ ნაძვის ხეს. და ნაძვის ქვეშ აწყვია მანდარინები, თხილი, ნიგოზი, ათასი რამ. ბებიაჩემი ისეთ კერძებს ამზადებდა, რომ მთელი ეზო, იტალიური ეზო, პეროვსკაიას 14-ში, მას სთხოვდა, რომ გაეკეთებინა მათთვის გოზინაყი. ძალიან მიყვარს ახალი წელი. ძალიან ლამაზი დღესასწაულია, მაგრამ, ამავე დროს, ფიქრობ, აი, კიდევ ერთი წელი მომემატა, კიდევ ერთი წელი... და აგერ, აქ რომ მოვედი, 56 წლის ვიყავი და ახლა 75-ის ვარ“.

ხანდაზმულთა პანსიონატი
ხანდაზმულთა პანსიონატი

​წლევანდელი ახალი წელი აღარ უხარია დონატას მეზობელს, ჟუჟუნას. ამის მიზეზი აქვს. მის ოთახში მზე დგას და კედელზე დიდი, მრგვალი სარკე კიდია. ამ კედლის მიღმა მისი მეგობარი ცხოვრობდა. მეგობარი, რომელიც პანსიონატში გაიცნო და მეგობარი, რომელიც წელს მოუკვდა. ჯერ გვეუბნება, წელს აღარ მოვრთავ ნაძვის ხესო. მერე ამბობს, არა, ალბათ, მაინც მოვრთავო. ნაძვის ხის მოსართავები 6 წლის წინ, პანსიონატში მისვლამდე გააჩუქა. იფიქრა, რომ პანსიონატში საახალწლო მოსართავები აღარ დასჭირდებოდა. თუმცა მერე ნელ-ნელა ისევ დაიწყო ნაძვის ხის მოსართავების შეგროვება. 77 წლის ჟუჟუნა გოცირიძე, პროფესიით ბიბლიოთეკათმცოდნე, არაფერს ჰყვება ბავშვობისა თუ ახალგაზრდობის ახალ წლებზე. უფრო ზუსტად, ჰყვება, რომ ყველა ახალი წელი ერთმანეთს ჰგავდა. საჩუქრების ჩუქების ტრადიცია არ ჰქონდათ, თუმცა იყო ბედნიერი, იმიტომ რომ ორივე შვილი ცოცხალი ჰყავდა. ცოცხალი იყო მისი ქმარიც. ჟუჟუნა ახლა იმ ახალ წლებზე ჰყვება, რომლებიც პანსიონატში გაატარა თავის საყვარელ მეგობართან ერთად:

„აგერ, ჩემს გვერდით ცხოვრობდა. და ერთად ვხვდებოდით ხოლმე ახალ წელს. მაგრამ ახლა, წელს, პირველად ვხვდები უიმისოდ ახალ წელს და ძალიან ცუდად ვარ. ძალიან კარგი ადამიანი იყო. ყოფილი სპორტსმენი. კაცი იყო, სხვათა შორის, ოღონდ ცუდად არაფერი იფიქროთ, ძმაკაცები ვიყავით. ერთად ვხვდებოდით ახალ წელს და თუ ხდებოდა ისე, რომ ძმასთან იყო წასული, ღამის 12 საათზე ყოველთვის მირეკავდა, მილოცავდა. აქაურ სიტუაციაში მეგობარს რომ გაიჩენ, დიდი ბედნიერებაა. საერთო ენა გამოვნახეთ. ერთნაირი ფილმები მოგვწონდა, მომღერლები - ელვის პრესლი, ჯო კოკერი. ტელევიზორი და ვიდეო გვქონდა, ჩავრთავდით მუსიკას, ვუსმენდით..."

82 წლის თეიმურაზ კერესელიძე წარმოდგენისთვის ემზადება. საახალწლოდ მოსული სტუმრების წინაშე სიმღერით უნდა წარდგეს. სიმღერა არ არის ახალ წელზე. სიმღერა ბატონებზეა. დედით გურულს, განსაკუთრებით ჩარჩა გულში გურიაში გატარებული ახალი წლები, კალანდა და მასთან დაკავშირებული ტრადიციები:

ხანდაზმულთა პანსიონატი
ხანდაზმულთა პანსიონატი

„მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვება იყო, სასმელ-საჭმელი მაინც იყო. გაავსებდნენ გობს მწვადებით, ხილით, ტკბილეულით, ღვინით და რა ვიცი, რა ჩამოთვლის. გავიდოდა გარეთ მეკვლე ამ გობით და დააკაკუნებდა კარზე და შიგნიდან გამოსძახებდნენ, რა მოგაქვს? რა მომაქვს და... მოჰყვებოდა დიდებულად, ჩამოთვლიდა ყველაფერ კარგს, რაც იდო გობზე, სიხარული მომაქვს, ჯანმრთელობა მომაქვს და გამიღეთ კარი და ა.შ. მერე დასხდებოდნენ, დალევდნენ ადესის ღვინოს და გაიმართებოდა სიმღერა“.

ახლა რომელი წელია? გვეკითხება თამარი. 2016, ვპასუხობთ ერთხმად, სკოლის მოსწავლეებივით. ტუჩების ცმაცუნს იწყებს, ნაოჭებში ღრმად ჩამჯდარი თვალებით ჭერს შეჰყურებს, რაღაცას ითვლის, ანგარიშობს, დაბნეული სკოლის მოსწავლესავით. და მერე თავის თავს ეკითხება, 37 წლის წინ? 32 ის, ააარაა, აქ 27 წლის წინ მოვედი. საბანს ნიკაპამდე იწევს. წვრილი ყვავილებით მოჩითული პერანგის სახელოები გალეულ მაჯებზე ეფარება. 93 წლის თამარ წიკლაური გეოგრაფიის პედაგოგია. მისი მეხსიერება ისევ ინახავს ბავშვობის კადრებს, როცა მის მშობლიურ სოფელში მისი თმის მსგავსი ქათქათა თოვლი მოდიოდა. ნამდვილი ახალი წლის ნამდვილი მოსართავი. და მამა ციგას უკეთებდა:

„ყველა წელი მახსოვს, ბავშვობისა და ახალგაზრდობის მხიარულება. ახალი წლისთვის მოამზადებდნენ ხოლმე ციგას. და თუ თოვლი მოვიდოდა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და მთელი დღე, დილიდან საღამომდე, ვსრიალებდით. ახალ წელს 12 საათს ველოდებოდით ხოლმე. დიდი ოჯახი ვიყავით - შვიდი ბავშვი ერთ დიდი სახლში - და ერთი ამბავი გვქონდა, სანამ 12 ჩამოჰკრავდა, რომ გავსულიყავით ქუჩაში ჟრიამულით. დღესასწაული ვის არ უყვარს, შვილო. არის ადამიანი, ვისაც დღესასწაული არ უყვარს? საჭმელი არის და ახალი წლისთვის ვინახავთ, ჩასაცმელი არის და ახალ წელს უნდა ჩაგვეცვა. ახლა სხვანაირადაა. ჩემთვის გუშინწინდელი დღე და ახალი წლის დღე აღარაფრით განსხვავდება. ახლა რაღას ველოდები? ახლა მიქელ გაბრიელს ველოდები“.

ხანდაზმულთა პანსიონატი
ხანდაზმულთა პანსიონატი

ეს მურმანის ოთახის კარი ჭრიალებს. მურმან ხაჭაპურიძე 76 წლისაა. 9 წელია, რაც ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს. პროფესიით ჟურნალისტია. ამბობს, რომ თავის პროფესიას სიბერეში ისევ დაუბრუნდა და პანსიონატში კედლის გაზეთის გამოცემას უდგას სათავეში. რამდენიმე ხნის წინ წიგნიც დაწერა პანსიონატის შესახებ. მის ოთახში საახალწლო განწყობა იგრძნობა. ტელევიზორის გვერდით პატარა, კოხტად მორთული ნაძვის ხე დგას, ბამბებით დაფენილი. იქვე დგას პატარა აკვარიუმი თევზებით და კიდევ ორი საწოლი. მურმანი პანსიონატში მეორედ დაქორწინდა. მოწყენის დრო აღარ აქვს. მით უმეტეს, საახალწლოდ. კარგად ახსოვს ბავშვობაში ქუთაისში გატარებული ახალი წლები, დიდ მაგიდასთან შეკრებილი ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს ბავშვობასა და ახალგაზრდობას, 76 წლის მურმანი მეტი გატაცებით მაინც სიბერეზე საუბრობს:

„დაბერება არ არის, ბაბუ, საშიში. რატომ არ არის საშიში, იცი? ყველა ასაკში სიცოცხლე არის ლამაზი. პირიქით, ასაკში როცაა ადამიანი და საინტერესოდ ატარებს თავის მოხუცებულობის წლებს და დიდი გამოცდილება რომ მოსდევს, უფრო მეტად იმედიანია ის. ჩვენ დღეს რომ ვართ, წარსულის მხრებზე ვდგავართ. და კარგი მომავლისთვის ჩვენ ვართ და ჩვენზე უნდა დადგნენ ისინი. სიბერის ნუ შეგეშინდებათ, ბაბუ..."

XS
SM
MD
LG