Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი შხვაცაბაიას სამყარო


გიორგი შხვაცაბაია
გიორგი შხვაცაბაია

სულ მალე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის წინ, დაიდგმება ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის მიხეილ მესხის ბრინჯაოს ქანდაკება, რომლის ავტორი ცნობილი მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი გიორგი შხვაცაბაიაა. ამჟამად ქანდაკება ავტორის სახელოსნოში დგას. სწორედ იქ ვეწვიე ცნობილ მხატვარსა და სკულპტორს, რომელიც, სიჭარმაგის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მიუხედავად, ახალგაზრდული შემართებით მუშაობს როგორც ახალ იდეებზე, ასევე წლების წინ დაწყებული პროექტების დასრულებაზე. 74 წლის მხატვრის სახელოსნოში დღესაც ხდება სასწაული და არაერთი მხატვრული სახე თუ აზრი ცოცხლდება ქვაში, ლითონსა თუ თიხაში.

გიორგი შხვაცაბაიას ჯადოსნურ სამყაროს ქაოსში ჩაძირული ქალაქისგან რკინის დიდი ჭიშკარი ყოფს. ზღურბლს აქეთ ხმაური და უწესრიგობაა, ზღურბლს იქით კი - მოულოდნელი იდილია, რომელშიც სხვადასხვა ზომისა და ფაქტურის ქანდაკებები სახლობენ. ხელმარჯვნივ, მაღალ კედელთან, ახალგაზრდა ქალის ფიგურა დგას, პირდაპირ, სახელოსნოს კარის წინ, მზის გულზე მიხეილ მესხის ბრინჯაოს ქანდაკება ელვარებს, უფრო შორიდან კი თაბაშირის აინშტაინი იმზირება. მასპინძელს დიდი ფიზიკოსის ბიუსტთან მივყავარ:

„ბავშვობიდან მიყვარდა ზუსტი მეცნიერებები, განსაკუთრებით ფიზიკა. საბჭოთა კავშირში მაშინ ძალიან მოდაში იყო ფიზიკოსებისა და ლირიკოსების დაპირისპირება, მაგრამ მე დავიბადე 15 აპრილს, 1940 წლის 15 აპრილს. იცით, ეს რას ნიშნავს? სკოლაში სწავლისას აღმოვაჩინე, რომ 15 აპრილი ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღეა. ამ აღმოჩენის შემდეგ ლენარდო გახდა ჩემი კერპი. საქართველოში (და, შესაძლოა, არამარტო საქართველოში), ალბათ, ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა მაქვს, რომელშიც თავმოყრილია ლეონარდოს წიგნები და ყველაფერი, მასთან დაკავშირებული. ერთი სიტყვით, ლეონარდოს გამო დავავადდი სახვითი ხელოვნებით“.

ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში ქანდაკებაზე. მოვარდნენ დედაჩემის დეიდები და ატეხეს ერთი ამბავი: ეს რა დაგვმართე, ეს რა დაგვმართეო. ჩვენი გიორგი უნდა შესულიყო ან საინჟინროზე, ან სამედიცინოზე...
გიორგი შხვაცაბაია

გიორგი შხვაცაბაიამ სახვითი ხელოვნების სამყაროში პირველი ნაბიჯები პიონერთა სასახლეში გადადგა, სადაც მისი პედაგოგი ზაქრო კრაწაშვილი იყო, თუმცა ოჯახის წევრები, მათ შორის, მეცნიერი მამაც, იმედოვნებდნენ, რომ სკოლის დასრულების შემდეგ გიორგი საინჟინრო ფაკულტეტზე შევიდოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, 18 წლის ბიჭი ლეონარდო-მეცნიერზე მეტად ლეონარდო-მახტვარმა მოხიბლა.

„ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში ქანდაკებაზე. მოვარდნენ დედაჩემის დეიდები და ატეხეს ერთი ამბავი: ეს რა დაგვმართე, ეს რა დაგვმართეო. ჩვენი გიორგი უნდა შესულიყო ან საინჟინროზე, ან სამედიცინოზე, რა უნდა სამხატვრო აკადემიაშიო. იყო ერთი ამბავი და ტირილი, მაგრამ მე ბედმა გამიღიმა - გენიოსთან მოვხვდი, ნიკოლოზ კანდელაკთან. როგორც ფერწერაში ფიროსმანი გვყავს გენიოსი, ასეთივე დონის არის კანდელაკი. მასთან გავატარე ექვსი წელიწადი. ბოლოს კიდევ უკეთესი პედაგოგი მოვიდა - გოგი ოჩიაური“.

გენიალური პედაგოგების ხელში ნიჭიერი ახალგაზრდა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი თაობის, ე.წ. 60-იანელების, ღირსეულ წარმომადგენლად ჩამოყალიბდა. 1975 წელს მოქანდაკე ქმნის ქალის შიშველ ფიგურას, "ახალგაზრდობას", რომელიც დაჯილდოვდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ვერცხლის მედლით და, როგორც სახვით ხელოვნებაში წლის საუკეთესო ნამუშევარი, ტრეტიაკოვის გალერეამ შეისყიდა. თუმცა გიორგი შხვაცაბაიას მრავალრიცხოვან და ჟანრული თვალსაზრისით მრავალფეროვან ნამუშევრებში გამორჩეულია „მშვიდობის ჩირაღდანი“ , რომელიც 1992 წლის 5 ივნისს საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში ბარსელონის ოლიმპიადის ცეცხლის დანთების ცერემონიალის დროს გაიხსნა. ბრინჯაოს ფრთოსანი ქალის ქანდაკება კაცობრიობას მოუხმობს მშვიდობისაკენ, თავისუფლებისა და ხალხთა შორის მეგობრობის მაღალი იდეალებისაკენ. ძეგლი დაიდგა სულ რაღაც ოთხას მეტრში იმ ადგილიდან, სადაც უკვდავი პრაქსიტელეს "ჰერმესი" დგას. გიორგი შხვაცაბაიას თქმით, სამი მეტრის ბრინჯაოს ფიგურა ორი მეტრი სიმაღლის ბერძნულ მარმარილოზეა აღმართული:

„ოლიმპიაში მთელი 2 ათასი წლის განმავლობაში არაფერი არ დადგმულა. ამ ტერიტორიას ახლაც პატრონობს კულტურის ცენტრი, რომელიც გერმანიაშია დაფუძნებული. ამ ცენტრის ვიზაც საჭირო იყო, საბერძნეთის კულტურის სამინისტროსიც, ოლიმპიის მერიისაც... ამ ძეგლს ქართული წარწერაც გავუკეთე, მეორე მხრიდან ბერძნული წარწერა ახლავს - საიდან არის, როგორ გაკეთდა და ა.შ. ამ სკულპტურის ფონზე არის კრონოსის მთა - ზევსის მამის სიმბოლური საფლავი“.

გიორგი შხვაცაბაიას ნამუშევრები
გიორგი შხვაცაბაიას ნამუშევრები

​გიორგი შხვაცაბაია მაჩვენებს საბერძნეთში გამომავალ გაზეთ „ეთნოსს“, რომლის პირველ გვერდზე დაბეჭდილია „თავისუფლების ჩირაღდანი“, ფონად აღებულია ტყის ხანძარი - ალში გახვეული კრონოსის მთა, ხოლო მსხვილი შრიფტით სათაურად გამოტანილია „საბერძნეთი შველას ითხოვს“:

„საბერძნეთი შველას ითხოვს ჩემი ქანდაკებით! „ეთნოსი“ მაგათი წამყვანი გაზეთია. გვერდით დაბეჭდილია მოწყენილი პრემიერ-მინისტრი... ამ ფოტომ მოიარა მთელი მსოფლიო. ფრანგულმა „მონდმაც“ დაბეჭდა“.

გიორგი შხვაცაბაიას შემოქმედებასა და ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სპორტს: სპორტსმენებსა და სპორტის თემატიკას. რამდენიმე წლის წინ სპორტის სასახლის წინ დაიდგა პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონის გივი კარტოზიას ქანდაკება, სულ მალე კი მოქანდაკის სახელოსნოს დატოვებს მიხეილ მესხის ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც დიდი სპორტსმენის სახელობის სტადიონის წინ დაიდგმება:

მიხეილ მესხის ბრინჯაოს ქანდაკება
მიხეილ მესხის ბრინჯაოს ქანდაკება

„უნდა დაიდგას ლოკომოტივის სტადიონის ტერიტორიაზე, შესასვლელთან. მყუდრო ადგილიც არის, თან კარგი ფონი აქვს, ხეებია, მწვანეა... დიდხანს მოვუნდით ქანდაკების შესაბამისი ქვის პოვნას. მთლიანი ქვა მინდოდა ყოველთვის და არა მოპირკეთებული ბეტონი... ვიშოვეთ შესაფერისი გრანიტის ქვა. 18 ნოემბერს სრულდება 50 წლისთავი ტაშკენტის გამარჯვებიდან, სსრკ-ის ჩემპიონი რომ გახდა პირველად „დინამო“. იყო სურვილი ამ თარიღს დამთხვეოდა ძეგლის გახსნა, მაგრამ ყველას ისე უყვარს მიშა მესხი, როგორც თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი, ილია და ა.შ. ყველას უყვარს, გამაერთიანებელი ძალა აქვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ოქტომბერში მოვაწყოთ მიშა მესხის ძეგლის გახსნა. ცალკე იყოს ეს ზეიმი, დავპატიჟოთ უცხოეთიდან ფეხბურთელები: იტალიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, არგენტინიდანაც შეიძლება და სხვა ქვეყნებიდანაც, სადაც ახსოვთ მიშა მესხის თამაში. დილით რომელიმე თეატრში იყოს მისი ფოტოების გამოფენა და სხვა, ხოლო საღამოსკენ კი ძეგლი გაიხსნას. „დინამოს“ გამარჯვების 50 წლისთავი კი ცალკე აღვნიშნოთ 18 ნოემბერს“.

მიშა მესხის დაწყნარება როგორი ძნელია, ხომ წარმოგიდგენიათ! ვულკანია ამოფრქვეული! ისეთი ეფექტურია ეს პატარა ნამუშევრები, მაგრამ ამას ვაწყნარებდი და ვაწყნარებდი...
გიორგი შხვაცაბაია

მიხეილ მესხის სკულპტურის შექმნას გიორგი შხვაცაბაიამ წლები შეალია. თავად მოქანდაკე ამბობს, რომ დრო უხდება სკულპტურას - შრომა და წვალება თანდათანობით გადადის დახვეწილობაში:

„ესკიზები გავაკეთე ზედმეტად ექსპრესიული, მოძრაობაგაძლიერებული... და მერე ვაწყნარებდი. მიშა მესხის დაწყნარება როგორი ძნელია, ხომ წარმოგიდგენიათ! ვულკანია ამოფრქვეული! ისეთი ეფექტურია ეს პატარა ნამუშევრები, მაგრამ ამას ვაწყნარებდი და ვაწყნარებდი... რატომ? გაიხსენეთ ბერძნული ქანდაკება, მირონის „ბადროს მტყორცნელი“... დროს გაუძლო. ზედმეტად არაფერი არ აქვს დაჭიმული. სახე ღმერთის სახე გეგონება. თვალები გაგიჟებული კი არ აქვს.., ამას ვებრძოლე. და რაც მთავრია, ტოლფასია ყველა მხრიდან. ყველა მხრიდან არის მიშა მესხი!“

გიორგი შხვაცაბაია ამბობს, რომ ქანდაკება ხელოვნების ყველა დარგთან შედარებით კონსერვატული დარგია. შესაბამისად, სიახლეებისა და ნოვატორული მიდგომების მიუხედავად, ადამიანის სხეული კვლავ რჩება სკულპტორის მთავარ ასპარეზად:

ეგრეთ წოდებული თავისუფალი ფორმის კეთებას ვერ ვბედავთ ხოლმე, იმიტომ რომ თავისუფალ ქვეყანაში არ გვიცხოვრია. პიკასოსი გვშურს, ჰენრი მურის, იტალიელების და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც ვბედავთ, რადგან ნიჭიერი ხალხი ვართ. ისე უნდა აკეთო, თითქოს ქეიფობ...
გიორგი შხვაცაბაია

„ყველაფერი მოვსინჯეთ მოქანდაკეებმა, რკინების შედუღებით რკინისგან რაღაც მოულოდნელი ფორმების კეთება, მაგრამ ისევ დავუბრუნდით ადამიანს. რაღაც უცნაურობაა. ქალის ტორსი კამერტონივით არის მოქანდაკისთვის. უცბად ჩანს დონე. ქალის ტორსი, რომელიც ამოუწურავია. ბუნებრივად ადამიანის ფიგურაში ამოცანები გაცილებით დიდია, ვიდრე აბსტრაქციებში. არადა, ვითომ თავისუფალი ხარ, მაგრამ არ არის ეგრე. სინამდვილეში ნატურა არის მთავარი. ნატურა არის ბუნება, ზოგს კი ჰგონია, რომ ნატურა ნატურალიზმს ნიშნავს. რაც ასე არ არის!“

ნიჭი, ცოდნა და შრომისმოყვარეობა - გიორგი შხვაცაბაიას თქმით, მხოლოდ ამ კომპონენტთა ერთობლიობა განაპირობებს შემოქმედებით წარმატებას. რაც შეეხება თავისუფლებას, ამასთან დაკავშირებით სკულპტორი ამბობს:

გიორგი შხვაცაბაია
გიორგი შხვაცაბაია

„ეგრეთ წოდებული თავისუფალი ფორმის კეთებას ვერ ვბედავთ ხოლმე, იმიტომ რომ თავისუფალ ქვეყანაში არ გვიცხოვრია. პიკასოსი გვშურს, ჰენრი მურის, იტალიელების და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც ვბედავთ, რადგან ნიჭიერი ხალხი ვართ. ისე უნდა აკეთო, თითქოს ქეიფობ, მაგრამ ქეიფშიც თავშეკავებულები ვართ, სადღეგრძელოებს ვამბობთ, ტრადიციებს ვიცავთ... აღვირახსნილობა მოსულა ახლა და რაც უფრო ცუდად ხატავენ, მით უფრო მეტი გამოფენები აქვთ. ზოგმა პატრიოტული თემებით გაითქვა სახელიც. ერთი სიტყვით, თავისუფლება ამ საქმეს არ უყვარს, როგორც რუსულ ბალეტს არ უყვარს თავისუფალი დირექტორი და თავისუფლება. რას ნიშნავს თავისუფლება? მონა უნდა იყო! რუსულ ბალეტში მონობაა ნამდვილი, მონათმფლობელობაა. ისინი მუშაობენ და ასე იბადება გენიოსი. ქანდაკებას ასეთი უცნაურობა აქვს: ფერწერაში უფრო „მოარტყამს“ ფერმწერი, უნიჭო პოეტსაც კი შეიძლება ერთი კარგი ლექსი ჰქონდეს, მაგრამ მოქანდაკე ვერ „მოარტყამს“. ამას დიდი შრომა უნდა“.

გიორგი შხვაცაბიას თქმით, სკულპტურის კეთება ძალიან ჰგავს შენებას, რის გამოც შეუძლებელია შემთხვევით რამე ღირებულის შექმნა. თავისუფლების განცდა და სითამამე კი, რაც სკულპტორს ტრადიციული გზიდან ოდნავი გადახვევისთვის სჭირდება, შეიძლება მოულოდნელმა შთაგონებამ, კარგმა ქართულმა ღვინომ ანდა მოცარტის მე-40 სიმფონიის ჰანგებმა მოიტანოს.

ფიროსმანის სკულპტურა
ფიროსმანის სკულპტურა

თუმცა ცნობილი ქართველი სკულპტორი ისედაც არ უჩივის მუზების წყალობისა და იდეების ნაკლებობას. გიორგი შხვაცაბიას, ფაქტობრივად, დასრულებული აქვს მუშაობა ლადო ასათიანის ძეგლზე, რომლის ჩამოსხმა და ქალაქში გადატანა ხან პოლიტიკურმა და ხანაც ბიუროკრატიულმა პრობლემებმა შეაფერხეს. რაც შეეხება ახალ იდეებს, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სახელოსნოს ცენტრში განთავსებული ნიკო ფიროსმანის ძეგლის მაკეტი, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. განსაკუთრებით საინტერესო მასშტაბური ზომის ვიტრაჟია, რომელიც ფიროსმანის ნახატებითაა გაფორმებული.

„მიმაჩნია, რომ ნიკალას ეკუთვნის ძეგლი. ის, რომელიც დგას, ამაშუკელის, უფრო ზოგადი გააზრებაა ფიროსმანის, ვედრებაა, მონანიებაა. ეს ვიტრაჟია, რომელიც უფრო შორს უნდა იყოს. ეს სუფრაა, ქვაა... რომელსაც ცოცხალი ადამიანები მიუჯდებიან... ეს პასკაა, ეს ღვინის ბოთლია... ეს ყველაფერი უნდა იყოს მისაწვდომი... ვისაც უნდა, კოკა-კოლას დაიდგამს, ღვინოს ან ჭაჭას და ფიროსმანთან იქეიფებს. მგონი, საინტერესოა. ეს ვიტრაჟი ჩაფიქრებული მაქვს, რომ უნდა იყოს რიყეზე (სადაც ახლა თეატრს აკეთებენ), ბარათაშვილის აღმართს რომ აკრავს, არადა, ერთ-ერთი თაღის წინ გაკეთდება, უკნიდან განათებით. ფუნიკულიორიდან გამოჩნდება და დომინანტა გახდება არა მარტო ძველი ქალაქის, არამედ მთელი თბილისისა“.

გიორგი შხვაცაბაია, რომლის ნამუშევრებიც წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლონეთსა და უზბეკეთში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფაქიზით ეკიდება ქანდაკების სივრცესთან დამოკიდებულების პრობლემას. „ბოლო, რაც ქალაქს ვაკადრე, გმირთა მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველ მეომართა მემორიალიაო, მითხრა სკულპტორმა, თბილისის საპატიო მაქალაქემ, რომელიც თავისი ცხოვრებითა და ნაყოფიერი შემოქმედებით ალამაზებს როგორც დედაქალაქს, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG