Accessibility links

საჯარო სამსახურის რეფორმის მონიტორინგისთვის იმერეთში პროექტი ხორციელდება


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა

იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში - ქუთაისში, ხონში, წყალტუბოსა და სამტრედიაში - ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „რეგიონალური ინიციატივების ცენტრმა – ნათელი მომავალი“ და „ნეოფილების კლუბმა“ - დაიწყო განხორციელება ათთვიანი პროექტისა, სახელწოდებით „საჯარო სამსახურის რეფორმის მონიტორინგი ადგილობრივ თვითმმართველობაში“.

მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი და ჩვენი თანამშრომლები კონკრეტულ თემებზე გაივლიან ტრენინგებს, ასევე პროექტის ავტორთა რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ და, ვფიქრობ, ძალიან მოგვეხმარება მომავალში...
ნიკოლოზ ლატარია

პროექტი დაფინანსებულია “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ“ , რომელიც, თავის მხრივ, კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით შექმნილი კონსორციუმის ერთ-ერთი წევრია. კონსორციუმი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებისა და მოქალაქეების მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდისთვის გასული წლიდან ახორციელებს 5-მილიონიან პროექტს- „ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, რომელიც ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული და 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს. პროექტის „საჯარო სამსახურის რეფორმის მონიტორინგი ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, იმერეთის ოთხი მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და თვითმმართველობათა ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიული სამსახურების თანამშრომლები გაივლიან ტრენინგს.კურსი მოიცავს ინფორმაციას „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ამოქმედებული იმ ნორმების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ კარიერულ პრინციპზე, დამსახურებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას. არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოფილების კლუბის“ ხელმძღვანელის, მაკა კაჭკაჭიშვილის, ინფორმაციით, სასწავლო კურსის შემდეგ, ყოველ ორ თვეში, ადგილობრივი თვითმმართველობებიდან გამოითხოვენ საჯარო ინფორმაციას, რომელსაც გააანალიზებენ და მუნიციპალიტეტების მერიებსა და საკრებულოებს რეკომენდაციებს მიაწვდიან:

„ორ თვეში ერთხელ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები ოფიციალურად გამოვითხოვთ ადგილობრივი თვითმმართველობებიდან ინფორმაციას საკითხებზე, თუ რამდენად მიეცემათ კარიერული წინსვლის საშუალება საჯარო მოხელეებს, მათი დანიშვნისა და გათავისუფლების საფუძვლებზე, ფინანსური დეკლარაციების შესახებ და ა.შ. მიღებული ინფორმაციების საფუძველზე მოვამზადებთ რეკომენდაციებს და მივაწოდებთ თვითმმართველობებს“.

საუბარი არის საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობაზე, რაშიც დაგვეხმარება პროექტი და მერიის და საკრებულოს მუშაობა მეტად გამჭვირვალე იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მოქალაქეებისთვის...
ვლადი ჯურხაძე

პროექტის მენეჯერის, არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონალური ინიციატივების ცენტრი – ნათელი მომავლის“ ხელმძღვანელის,მარიკა ვაჭარაძის, ინფორმაციით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ახალი რედაქცია გასული წლის ივლისიდან ნაწილობრივ ამოქმედდა. საჯარო სამსახურში რეფორმის განხორციელება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების მეოთხე მუხლშია გაწერილი და ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციასა და დაახლოებას ითვალისწინებს. მარიკა ვაჭარაძისავე განცხადებით, პირველი იანვრიდან კანონი სრულად შევიდა ძალაში და ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ, რადგან მათ ნაკლებად აქვთ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამსახურში მიღების, შეფასების, დაწინაურების, კარიერული მართვის, პროფესიული გადამზადებისა და თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შევსება:

„კანონში ახალი ცნებები შემოვიდა. მათ შორის არის „მობილობა“, რომელიც ერთ-ერთი კარგი ცვლილებაა და საჯარო მოხელეს საშუალებას აძლევს, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, სხვა სამსახურში გამოცხადებულ ვაკანსიაზე დასაქმდეს. კიდევ ერთი ცვლილება შრომის ანაზღაურებას ეხება, რადგან შეიცვალა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის წესი და მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი მოცულობა დანამატების გაუქმების ხარჯზე. ვფიქრობ, ამ ფონზე ჩვენი მონიტორინგი საინტერესო იქნება“.

პროექტის „საჯარო სამსახურის რეფორმის მონიტორინგი ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთი ხელმომწერის, ხონის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადი ჯურხაძის, განცხადებით, პროექტი საჯარო მოხელეებს საშუალებას აძლევს თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ცოდნა გაიღრმაონ და კარგად განახორციელონ კანონის იმპლემენტაცია. ვლადი ჯურხაძე მიიჩნევს ასევე, რომ პროექტი ხელს შეუწყობს მერიისა და საკრებულოს გამჭვირვალედ მუშაობას:

„საუბარი არის საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობაზე, რაშიც დაგვეხმარება პროექტი და მერიის და საკრებულოს მუშაობა მეტად გამჭვირვალე იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მოქალაქეებისთვის“.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და გაანალიზების შემდეგ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია, რომლის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულება მხარეებმა მემორანდუმზე ხელმოწერით აიღეს:

„მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი და ჩვენი თანამშრომლები კონკრეტულ თემებზე გაივლიან ტრენინგებს, ასევე პროექტის ავტორთა რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ და, ვფიქრობ, ძალიან მოგვეხმარება მომავალში“.

პროექტი, სახელწოდებით „საჯარო სამსახურის რეფორმის მონიტორინგი ადგილობრივ თვითმმართველობაში“ 10 თვეს გაგრძელდება და მისი ავტორები ყოველ ორ თვეში ქუთაისის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს მერიიდან და საკრებულოდან სხვადასხვა საკითხზე გამოითხოვენ საჯარო ინფორმაციას, რომელთა გაანალიზების შემდეგ რეკომენდაციებს მიაწვდიან ადგილობრივ თვითმმართველობებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG