Accessibility links

გალის შეხვედრაზე დადასტურდა, რომ დე ფაქტო მთავრობა ე. წ. გამშვები პუნქტების შემცირებას აპირებს


ენგურის ხიდი

24 იანვარს გალში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ხიდთან ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ. მისი თქმით, ძირითადად კვლავ იგივე საკითხები იქნა განხილული, რომლებზეც წინა შეხვედრისას ისაუბრეს. მათ შორის არის ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე.

კახაბერ ქემოკლიძემ განმარტა, რომ ამ კუთხით თბილისის პოზიცია არის უცვლელი და ისინი კვლავ ითხოვენ მკვლელის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემას, რათა მან შესაბამისი კანონმდებლობით აგოს პასუხი ჩადენილ ქმედებაზე. სუსის წარმომადგენლის თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. გადასასვლელები შეამციროს.

„დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან დაფიქსირებულ იქნა, რომ ე. წ. გამშვები პუნქტების - ორსანტია-ოტობაია და ხურჩა-ნაბაკევის - დახურვა იგეგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი პოზიციაც არის, რომ ეს უკიდურესად შეზღუდავს და გაართულებს ადგილობრივებისთვის გადაადგილების თავისუფლებას და ყოფა-ცხოვრებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მეშვეობით, ცენტრალური მთავრობის აქტიური მუშაობით ეს საკითხი გადახედილი იქნება“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

სუსის წარმომადგენლისავე განმარტებით, საუბარ იყო აფხაზეთის იზოლატორებში მყოფი ქართველი პატიმრების ბედზე, მათ შორის, გიორგი ლუკავაზე. კახაბერ ქემოკლიძემ თქვა, რომ საკითხის განხილვა მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, მისივე ცნობით, საუბარი ამ შეხვედრაზეც შეეხო დრანდის იზოლატორში გარდაცვლილი ზაზა წულუკიას ცხედრის გადმოსვენების საკითხს:

„გარკვეულ ტექნიკურ დეტალებზე იყო საუბარი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით გვექნება პროგრესი. თუ ამ კუთხით გვექნება რაიმე განვითარება, თქვენ ამას გაიგებთ პირველები“.

ზაზა წულუკიას, რომლის ბედიც 2012 წლიდან გაურკვეველი იყო, საბოლოოდ, გარდაცვლილი აღმოჩნდა. მისი ცხედრის გადმოსვენებაზე მოლაპარაკებები ქართულმა დელეგაციამ 11 ნოემბერს დაიწყო.

მანამდე „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფორმატში ბოლო შეხვედრა გალში 2016 წლის 11 ნოემბერს გაიმართა. სწორედ მისი დასრულების შემდეგ ამცნო ჟურნალისტებს ენგურის ხიდთან დელეგაციის ხელმძღვანელმა კახაბერ ქემოკლიძემ, რომ დეკემბერში შერეული შეხვედრა არ გაიმართებოდა, რადგან ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი იყო ჩანიშნული.

ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ გალის შეხვედრების ფორმატი 2016 წლის მაისის თვეში აღდგა. მას შემდეგ დღეს რიგით მეშვიდე შეხვედრა მიმდინარეობს. „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში შეხვედრების აღდგენის დაჩქარების მიზეზი სამეგრელო-აფხაზეთის საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად სოფელ ხურჩაში, მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობა გახდა.

მომდევნო შეხვედრა გალში 22 თებერვალს ჩაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG