Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის საქართველოსთვის მოსკოვის მიერ ჰააგის სასამართლოს საბოლოო უარყოფა


საქართველოში ძველებურად სჯერათ, რომ რუსეთი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოში მიმდინარე გამოძიების კვალდაკვალ. სახელმწიფო მოხელეებისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების რწმენით, ფაქტობრივად არაფერს შეცვლის რუსეთის საბოლოო გამიჯვნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებისგან, რომის სტატუტისგან, რადგანაც მოსკოვი არც მანამდე აღიარებდა ამ დოკუმენტს. მომხდარს რუსულენოვან მედიაში ძირითადად უკრაინის საკითხს უკავშირებენ, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არა უკრაინა, არამედ საქართველოა მოხსენიებული.

ვლადიმირ პუტინის განკარგულების საფუძველზე, 2016 წლის 16 ნოემბერს რუსეთი საბოლოოდ გაემიჯნა რომის სტატუტს, ანუ უკან გაიწვია (2000 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული) თავისი ხელმოწერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებაზე (რომის სტატუტზე) და ამით საბოლოოდ უარყო ჰააგის ტრიბუნალის სამართალი.

რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი ეროვნული ინტერესებით არის განპირობებული - ასეთია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის კომენტარი, ხოლო რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე 16 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, "ჰააგის სასამართლომ მოლოდინი ვერ გაამართლა და ვერ იქცა „ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და ავტორიტეტიან ორგანოდ“. ამის დასტურად, უწყება აღნიშნავს, რომ „საქმიანობის 14 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მხოლოდ 4 განაჩენი გამოიტანა და ამ დროს მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა“.

თუკი რუსულენოვანი მედიის შინაარსით ვიმსჯელებთ, რუსეთის ამ ბოლო გადაწყვეტილებას ძალიან ბევრი უკავშირებს ჰააგის ტრიბუნალის ყირიმის ანექსიის თემით დაინტერესებას. როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს პროკუკრორმა ფატუ ბენსუდამ ყირიმის ანექსია რუსეთ-უკრაინის ომს გაუთანაბრა, თუმცა უკრაინა საერთოდ არ არის მოხსენიებული რუსეთის საგარეო უწყების მიერ 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ჰააგის სასამართლოთი უკმაყოფილების დასაბუთებას ცდილობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იხსენებს აგვისტოს ომს, რომელთან დაკავშირებითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება, ხანგრძლივი წინასწარი მომზადების შემდეგ, თითქმის ერთი წლის წინათ დაიწყო:

„შეუძლებელია რუსეთს არ აწუხებდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისადმი. მშვიდობიან ცხინვალზე სააკაშვილის რეჟიმის თავდასხმისა და რუსი მშვიდობისმყოფელების დახოცვის ფონზე სასამართლოს ბრალდება მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის მებრძოლებისა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, ხოლო ქართველი თანამდებობის პირთა მოქმედებებისა და ბრძანებების გამოძიება მიზანმიმართულად არის მიშვებული ქართული მართლმსაჯულების ნებაზე და რჩება ჰააგის სასამართლოს ყურადღების მიღმა. მოვლენათა ასეთი განვითარება ყველაფერზე მეტყველებს. ასეთ პირობებში ძნელია ილაპარაკო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ ნდობაზე“.

რუსეთის გულისწყრომის მიუხედავად, საქართველოში კვლავაც სჯერათ, რომ მეზობელი ქვეყანა თავს ვერ აარიდებს სასჯელს, თუკი, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ჰააგის ტრიბუნალი დამნაშავეებად ცნობს რუსეთის ხელისუფლების ყოფილ თუ ამჯამინდელ კონკრეტულ წარმომადგენლებს. საქართველოს ხელისუფლებაში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის ბოლო ნაბიჯი ვერაფერს შეცვლის და სწორედ ამაზე ლაპარაკობს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთი ციხელაშვილი:

„რუსეთს არ ჰქონდა რატიფიცირებული რომის სტატუტი, მიერთებული არ გახლდათ და როგორც ადრე, ასევე მომავალში ეს ხელს ვერ შეუშლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროცესს... წინასასამართლო პროცესზე უკვე იქნა აღნიშნული, რომ ეს გამოძიება მათ შორის მოიცავს, დადგენის შემთხვევაში, რუსეთის პასუხისმგებლობას“.

იმაში, რომ რომის სტატუტისგან რუსეთის საბოლოო გამიჯვნა პრაქტიკულად ვერაფერს შეცვლის, დარწმუნებული არიან არასამთავრობო სექტორშიც. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ჰააგის ტრიბუნალთან აქტიური თანამშრომლობის დროს ცხადი გახდა, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯენიან - რომელ მხარესაც უნდა წარმოადგენდნენ ისინი:

„ისინი (ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები) თამამად ამბობენ, რომ არც ერთი დამნაშავე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და იშველიებენ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას, როდესაც სტატუტის ხელმომწერი არ იყო ქვეყანა და ამ ქვეყნის ხელისუფლება ომის დამნაშავეებს ხელს აფარებდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ომის დამნაშავე მაინც დააკავეს, მაგალითად - სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადასვლისას... მათ აქვთ სხვადასხვა მექანიზმი, რის მიხედვითაც ისინი შეეცდებიან შემდგომში გამოვლენილი დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას“.

ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიება, რომელმაც საქართველოში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენი პირები უნდა გამოავლინოს, წინასწარი ინფორმაციით, 2008 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. როგორც პროკურორის ოფისი იტყობინებოდა, ჰააგაში საქართველოდან გაიგზავნა შეფასებები ომის შედეგად დაზარალებული 7 ათასამდე ადამიანის სახელით. მასალების თავმოყრისა და ჰააგაში გაგზავნის პროცესში დიდი როლი შეასრულა მესამე სექტორმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG