Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში შეისწავლიან არჩევნების ბოიკოტისკენ ნავალნის მოწოდების კანონიერებას


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

კრემლი აცხადებს, რომ სამართალდამცველი უწყება „უეჭველად“ შეისწავლის, არღვევს თუ არა კანონს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსეი ნავალნი, როდესაც თავის მომხრეებს მოუწოდებს მთელი ქვეყნის მასტშაბით ბოიკოტი გამოუცხადონ 2018 წლის მარტში დანიშნულ პრეზიდენტის არჩევნებს. აღნიშნული კომენტარი კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, 28 დეკემბერს გააკეთა.

ნავალნიმ, რომელსაც რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ კვირაში საბოლოოდ აუკრძალა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, 28 იანვრისთვის დანიშნა ამომრჩეველთა გაფიცვის მხარდაჭერის აქცია. ნავალნიმ თავის საიტზე დაწერა, რომ აქციების მოწყობის შესახებ განცხადებებს დაუყოვნებლივ შეიტანენ რუსეთის ქალაქებში. ნავალნის მიერ გამოცხადებული ამომრჩეველთა გაფიცვა გულისხმობს კენჭისყრაში მონაწილეობის საწინააღმდეგო აგიტაციას და საარჩევნო უბნებზე მეთვალყურეობას, რათა „არ დაუშვან გამოცხადების ფალსიფიცირება“. ოპოზიციონერმა თავის მომხრეებს მოუწოდა, არ მოიხსენიონ „პუტინის კვლავ დანიშვნა“ არჩევნებად.

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

„ჩვენ გვყავს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც სწავლობენ ასეთ მოწოდებებს და განზრახვებს, რათა დადგინდეს, რამდენად არის ის კანონიერი“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, და დასძინა, რომ „ასეთი რამ უეჭველად მოხდება“. თავის მხრივ, ანტიკორუფციონერმა ბლოგერმა და ოპოზიციის წარმომადგენელმა, ალექსეი ნავალნიმ, განაცხადა, რომ შეაგროვებს ყველა საჭირო დოკუმენტს მსგავსი საერთო-ეროვნული ბოიკოტის 28 იანვარს გამართვის თაობაზე. მან მოუწოდა თავის მომხრეებს მაინც გამოვიდნენ ქუჩებში, თუ ხელისუფლება დათქმულ დღეს ბოიკოტის გამართვის ნებას არ დართავს.

ჩვენ გვყავს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც სწავლობენ ასეთ მოწოდებებს და განზრახვებს, რათა დადგინდეს, რამდენად არის ის კანონიერი...
დმიტრი პესკოვი

ალექსეი ნავალნი, რომელიც ხმამაღლა აკრიტიკებდა ვლადიმირ პუტინის თანაშემწეების - მათ შორის დმიტრი პესკოვის - კორუფციულ საქმიანობას, დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის ორი მუხლით, რასაც ნავალნი პოლიტიკური მოტივით შეთითხნილს უწოდებს.

რუსეთში სასამართლომ ხუთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, კორუფციასთან ბრძოლის აქტივისტს, ალექსეი ნავალნის, რომელიც დამნაშავედ ცნო სახელმწიფო კომპანია „კიროვლესის“ კუთვნილი ქონების მითვისებაში. ნავალნი ბრალდებას უარყოფს, ისევე როგორც მასთან ერთად გასამართლებული ბიზნესმენი პიოტრ ოფიცეროვი.

2017 წლის თებერვალში ალექსეი ნავალნის მეორედ შეუფარდეს პირობითი სასჯელი „კიროვლესის“ საქმეზე. პირველად ეს მოხდა 2013 წელს, მაგრამ რუსეთის სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც პირობით სასჯელს და ფულად ჯარიმას ითვალისწინებდა, არამართლზომიერად ჩათვალა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ. ამის შემდეგ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „კიროვლესის“ საქმე ხელახლა განეხილა.

ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი შეუფარდეს, რომლის ვადაც 2018 წლის აგვისტოში, ანუ პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, იწურება. სწორედ ამით იხელმძღვანელა 25 დეკემბერს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელმაც ნავალნის აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა. ევროკავშირმა გააკრიტიკა კომისიის ეს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ეს ჩრდილს აყენებს რუსეთში პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პერსპექტივას.

28 დეკემბერს საპატიმროდან გაათავისუფლეს ალექსეი ნავალნის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი ლეონიდ ვოლკოვი, რომელსაც სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა სექტემბერში ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში არასანქცირებული საპროტესტო აქციის გამართვისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG