Accessibility links

ალექსეი ნავალნი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს


ალექსეი ნავალნი

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი რუსი აქტივისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

საარჩევნო კომისიის უარი ნავალნის

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა ალექსეი ნავალნის კანდიდატურის წამოყენებაზე.
  • უარის მიზეზად დასახელდა მის მიმართ მძიმე მუხლით გამოტანილი სასჯელის ვადა.
  • წარდგენილ დანაშაულს ნავალნი არ აღიარებს და მას პოლიტიკური მოტივით შეთითხნილს უწოდებს.
  • სტრასბურგის სასამართლომ განაჩენში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაინახა.

25 დეკემბერს რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მისი კანდიდატურის წამოყენებაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზად რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასახელა ის გარემოება, რომ ნავალნის არ გასვლია მძიმე მუხლით გამოტანილი სასჯელის ვადა. თებერვალში რუსეთის კიროვის სასამრთლომ ნავალნის ხუთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა სახელმწიფო საწარმო „კიროვლესის“ ქონების დატაცების ფაქტზე. სასჯელის ვადა იწურება 2018 წლის აგვიტოში. ევროპის ადამიანის უფლებათა სასმართლომ ნავალნის მიმართ გამოტანილ განაჩენში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაინახა, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არა აქვს უფლება გააუქმოს რუსეთის სასამართლოს ხელისუფლების გადაწყვეტილება.

წარდგენილ დანაშაულს ნავალნი არ აღიარებს და მას პოლიტიკური მოტივით შეთითხნილს უწოდებს. 24 დეკემბერს ნავალნიმ და მისმა მომხრეებმა, მთელი რუსეთის მასშტაბით გამართული 20-მდე აქციის შედეგად, 15 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს, რაც საკმარისია პრეზიდენტის არჩევნებში რეგისტრაციისათვის.

მოსკოვში გამართულ მიტინგზე, 24 დეკემბერს, ალექსეი ნავალნიმ „ცუდი პრეზიდენტი“ უწოდა ვლადიმირ პუტინს, რომელმაც „ქვეყანა გასამდიდრებლად ჩაუგდო ხელში თავისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“. ოფიციალური ინფორმაციით, მიტინგზე მივიდა, დაახლოებით, 800-კაცი, რომელმაც საკუთარი ხელმოწერით დაუდასტურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მხარდაჭერა. ანალოგიური მეთოდით შეგროვდა მხარდამჭერთა ხელმოწერები სანკტ-პეტერბურგში, ვლადივოსტოკში, პერმში, ნოვოსიბირსკში, ომსკში, კრასნოიარსკსა და ეკატერინბურგში - სულ 20 ქალაქში.

ალექსეი ნავალნის მხარი საჯაროდ დაუჭირა ცნობილმა რუსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ილია იაშინმა, რომელმაც 24 დეკემბერს მოსკოვის ლომონოსოვის სკვერში გამართულ აქციაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, „მთავარი პოლიტიკური კორუფციონერი“ უწოდა. იაშინის მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათეულმა კაცმა.ილია იაშინი, მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონის თავკაცი, თავდაპირველად აპირებდა გაემართა საზეიმო ღონისძიება, სახელწოდებით „თავისუფალი არჩევნების დღე“.

წინა დღით პოლიტიკოსის სახლში მივიდნენ სამართალდამცველები და გააფრთხილეს მოსალოდნელი შედეგის შესახებ, თუ აქციის მონაწილეები კანონს დაარღვევდნენ - კერძოდ, აქციაზე არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული პოლიტიკური ხასიათის ატრიბუტიკა.

ილია იაშინმა ამის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და თავყრილობას „მოქალაქეთა კრება“ უწოდა. მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს იაშინმა აღნიშნა, რომ მათი შეკრების მიზანი არის არა იმდენად ნავალნისათვის მხარდაჭერის გამოცხადება, რამდენადაც „საკუთარი თავის, ქალაქისა და ქვეყნისათვის იმის შეხსენება, რომ გვაქვს უფლებები და მათზე უარის თქმას არ ვაპირებთ“.

ქსენია სობჩაკი
ქსენია სობჩაკი

ორშაბათს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ ორ მოქალაქეს უთხრა უარი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის კანდიდატურის რეგისტრაციაზე - საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულ ბიზნესმენ სერგეი პოლონსკისა და კრემლის მხარდამჭერ ჟურნალისტ ოლეგ ლურეს. კომისიის იმავე სხდომაზე ასევე უარი ეთქვა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის. ხელმოწერების შეგროვებაზე კომისიამ დაუშვა პარტიების მიერ წამოყენებული კანდიდატები - ბიზნესმენთა უფლებების დამცველი ბორის ტიტოვი და პარტია „იაბლოკოს“ დამაარსებელი გრიგორი იავლინსკი. მათ გარდა სახელმწიფოს მეთაურის პოსტისათვის ბრძოლას აპირებენ, აგრეთვე, ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი, კომუნისტური პარტიის წევრი პაველ გრუდინინი და, ასევე, მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც, თითქმის 18 წელიწადია, მართავს სახელმწიფოს.წინასწარი გამოკითხვის თანახმად, ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG