Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხეებში მრავალწლიანი წამების სურათი ერთ ანგარიშში გაერთიანდა


4 ნოემბერს სასტუმრო „ჰოლიდეინ ინნ“-ში ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ და ციხეების კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გამართეს პრეზენტაცია ანალიტიკური გამოკვლევისა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2003 წლიდან 2013 წლამდე არსებული ვითარების ანალიზს მოიცავს. როდის დაიწყო და რამდენად სისტემური იყო ციხეებში არაადამიანური მოპყრობის, დამცირებისა და წამების ფაქტები, რა მიზანი ჰქონდა წამების აქტების ფოტო თუ ვიდეოგადაღებას და, რაც მთავარია, იყო თუ არა ეს ოფიციალური პოლიტიკა - გამოკვლევის მიზანი სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობა იყო.

„ეს არ არის უბრალოდ ცემა. ცემის დროს ადამიანი ზომავს რაღაცას, აი, სად დაარტყას... იქ მსგავსი რამ არ არსებობს. წარმოიდგინეთ, ნაცემი რომ ხარ, ძირს აგდიხარ, განძრევის საშუალება არ გაქვს და 120-კილოგრამიანი ადამიანი საკმაოდ მაღალი სიმაღლიდან გახტება მკერდზე, ზურგზე, თავზე... სცემე, თუ გინდა, მოკალი, მაგრამ რეჟიმი უნდა იყოს ასეთი, როგორიც არის და ამას ეძახდნენ დისციპლინას. ბუზის გაფრენის ხმას გაიგებდით გლდანის ციხეში... იყო აბსოლუტური სიჩუმე“, - ეს ამონარიდია 44 წლის გენრიხის ისტორიიდან, რომელიც წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის მიერ მომზადებულ კრებულში „ისტორიები საქართველოს ციხეებიდან“ ამოვიკითხეთ. ამ გამოცემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არაერთ დეტალურ ამბავს ნახავთ. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ერთ-ერთი ორგანიზაცია იყო, სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველების გვერდით, ვინც საქართველოს ციხეებში არსებული ვითარება გააანალიზა. კვლევა უფლებადამცველებმა 2013 წელს დაიწყეს და 1200 მსჯავრდებული, მათგან კი 600 ყოფილი პატიმარი, გამოკითხეს.

გამოკითხულთა გამოკვეთილი უმრავლესობა, 74%, აცხადებს, რომ ციხეებში პატიმართა წამების შესახებ დანამდვილებით იცოდნენ მათ გამჟღავნებამდე. ასევე საინტერესოა, რომ ყოფილ პატიმრებს შორის ყოველი მეორე გამოკითხული, ანუ 51%, აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ყოველდღე ხდებოდა, სისტემატიურად, ხოლო ამჟამინდელი პატიმრების 76% აღნიშნავს, რომ საპატიმროებში ყოველდღიურად აწამებდნენ ადამიანებს.

გამოკითხულთა 75,4% აცხადებს, რომ მათ ფიზიკურად აწამებდნენ, ხოლო რესპონდენტთა 84,2% ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნიც იყვნენ.

როგორც „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი ბურჯანაძემ, რადიო თავისუფლების დილის პროგრამაში სტუმრობისას განაცხადა, ამ გამოკვლევამ წამების აღმოფხვრის შესახებ მთლიანი სურათი გვაჩვენა, ამ სურათმა კი, თავის მხრივ, რამდენიმე აუცილებელი ცვლილების საჭიროება გამოკვეთა, რაც გამოკვლევის ავტორთა რეკომენდაციებშიც აისახა:

„ამ გამოკვლევის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაა, რომელიც წამების კონკრეტულ ფაქტებზე საჩივრებს განიხილავს და ამ საქმეებს გამოიძიებს. რომ წარმოვიდგინოთ, ეს უნდა იყოს პატარა პროკურატურის მსგავსი ინსტიტუტი, რომელზე გავლენასაც ვერავინ მოახდენს, ის თავად გამოიძიებს კონკრეტულ ფაქტებს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხსაც დააყენებს“.

გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ მეორე და მთავარი პრობლემა, ამ გამოკვლევის თანახმად, ციხის მენეჯმენტს უკავშირდება. კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ ხშირად წამება ციხეში წესრიგის დამყარებას ისახავდა მიზნად. როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს პრაქტიკა?

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში საჭიროა ეთიკის კოდექსის მიღება ციხის თანამშრომლებისათვის და, რაც მთავარია, მათი გადამზადება - მათ უნდა ასწავლონ, როგორ მართონ ციხე, თუკი იქ სამუშაოდ წავლენ“.

კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ სანამ წამების დაუსჯელობის ფაქტები არსებობს, წარსული კვლავაც დღევანდელობის ნაწილად რჩება და ამ წარსულის გამოცდილების დაბრუნების საფრთხეც რეალურია:

„ეს არის წარსული, მაგრამ არა ისეთი წარსული, რომელიც აღარ დაბრუნდება, რადგან პრევენციული ზომები, რაც სახელმწიფომ უნდა გაატაროს იმისათვის, რომ ადამიანები ციხეებში აღარ აწამონ, ძალიან ნელა ან თითქმის არ ტარდება. ჩვენი მთავარი უმაყოფილება კი დღესაც იმას უკავშირდება, რომ წამების ფაქტები გამოძიებული არ არის, ამისათვის არავინ დასჯილა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭება საერთოდ პრობლემადაა ქცეული მაშინაც კი, როცა წამების ნიშნები აშკარადაა გამოკვეთილი. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ რეალურად ასეთი ტიპის საქმეები თაროზეა შემოდებული“.

ალეკო ციქიტიშვილი მოქმედი ხელისუფლების ერთი წლის წინანდელ გადაწყვეტილებასაც იხსენებს, რომლის თანახმად, ფაქტობრივად, უვადოდ გადავადდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის საქმიანობა და აღარც პატიმრების საქმეები შეუსწავლიათ ხელახლა.

„ვინც სასჯელს უკანონოდ იხდის, მათი უმრავლესობა, ამავე დროს, წამების მსხვერპლიცაა. მათ ჰქონდათ იმედი, რომ მათი რეაბილიტაციის პროცესში წამების საქმეებსაც გამოიძიებდნენ. ხელისუფლების მხრიდან არც ამ თვალსაზრისით შეინიშნება აქტიურობა. ჩვენ ვეჭვობთ, რომ წამების მსხვერპლთათვის მთავრობას, უბრალოდ, არ სურს კომპენსაციის გადახდა და არც მათ საქმეებს იძიებს“.

წარსულში არსებული პრობლემების ცოდნამ და გააზრებამ უნდა აღმოფხვრას ეს სირთულეები მომავალში - ასე ფიქრობს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომლისთვისაც უფლებადამცველების მიერ მომზადებულ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები კარგად არის ცნობილი. უჩა ნანუაშვილიც მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა დაუსჯელობის სინდრომს მოსპობდა:

„ამას ემატება მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერება - არა მხოლოდ პრევენციის ეროვნული მექანიზმის, არამედ საჭიროა საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნაც. კვლავაც დაუკმაყოფილებელია ჩვენი მოთხოვნა, რომელიც უკვე წარვუდგინეთ პარლამენტს, რომ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს მიეცეს ფოტოგადაღების უფლება“.

სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ მსოფლიოში არსებული სხვადასხვა მოდელიდან საქართველომ შეიძლება გაიზიაროს თუნდაც ბელგიიის მოდელი და მსგავსი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც წამების ფაქტებს შეისწავლის, პარლამენტს დაექვემდებაროს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG