Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო 1 მაისს აღნიშნავს


სტამბოლი
სტამბოლი

ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში აქტივისტები და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები მშრომელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

ამ დღის აღნიშვნა სათავეს იღებს აშშ-ში, სადაც მშრომელთა კავშირები მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში პირველად გამოვიდნენ რვასაათიანი სამუშაო დღის შემოღების მოთხოვნით. 1886 წლის 1 მაისს გამოცხადდა საყოველთაო გაფიცვა, ამ მოთხოვნების შესრულების მოწოდებით. ეს იდეა შემდგომში სხვა ქვეყნებსაც მოედო და მას შემდეგ 1 მაისი საერთაშორისოდ აღინიშნება, თუმცა საკუთრივ აშშ-ში შრომის დღეს სექტემბრის პირველ ორშაბათს აღნიშნავენ.

თბილისში აქციები გაიმართა პროფკავშირებისა და სტუდენტი აქტივისტების ორგანიზებით. მთავარი მოთხოვნები იყო მშრომელთა უფლებების დაცვა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

პროფესიული კავშირები და აქტივისტები საქართველოში დიდი ხანია ითხოვენ შრომის ინსპექციის აღდგენას და უსაფრთხო შრომით გარემოს შექმნას. პროფკავშირების მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, 2007 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში სამუშაო ადგილზე დაიღუპა 314, ხოლო მძიმედ დაშავდა 562 ადამიანი. განსაკუთრებით მძიმე პირობებია ენერგეტიკის, სამთო მოპოვების, მეტალურგიის, რკინიგზის, მშენებლობის და ტრანსპორტის სფეროებში.

პირველი მაისი დემონსტრაციებით აღინიშნა ბევრ სხვა ქვეყანაშიც - ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში - მათ შორის, გერმანიაში, სამხრეთ კორეაში, რუსეთში, კუბაში, ფილიპინებზე და საბერძნეთში.

აქციები ძირითადად მშვიდობიანია, თუმცა თურქეთში დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა - სტამბოლში ათასობით პოლიციელსა და დემონსტრანტს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა მას შემდეგ, რაც აქტივისტები არ დამორჩილდნენ მთავრობის აკრძალვას და აქციის გამართვა ტაქსიმის მოედანზე სცადეს. დემონსტრანტები პოლიციამ განდევნა, წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით. დემონსტრანტებმა ამას პოლიციისთვის ქვებისა და მაშხალების სროლით უპასუხეს. პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააპატიმრა. საპირველმაისო გამოსვლებს თურქეთში შარშანაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ირანში ათასობით მუშამ მიიღო მონაწილეობა თეირანში გამართულ დემონსტრაციაში, რომელიც შედგა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და უცხოელების მიერ სამუშაო ადგილების დაკავების შეზღუდვის მოთხოვნებით. ირანში უმუშევრობის მაჩვენებელი 10 პროცენტს აჭარბებს. ქვეყანაში იმყოფება მილიონზე მეტი ავღანელი მუშა. ისინი ძირითადად მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში არიან დასაქმებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG