Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ხარჯებს ამცირებს


მთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 140 მილიონი ლარით შემცირდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმით, ცვლილება არ შეეხება კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს. მეტიც, დამატებითი სახსრები გამოეყოფა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თბილისსა და მის შემოგარენში სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. რა მიმართულებით აპირებს მთავრობა ხარჯების შემცირებას და დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს?

საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების აუცილებლობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ 4 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა. უფრო ადრე საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ითხოვდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, 23 ივნისს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას ამგვარი ცვლილება აქამდეც უნდა მიეღო:

„ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ გააკეთა ბიუჯეტის კორექტირება იმის გამო, რომ სახეზეა სერიოზული კრიზისი მთელ რეგიონში, მათ შორის, რუსეთში, უკრაინაში... ყველგან რთული ვითარებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას“.

ახალი რეალობა კი, როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, მიმდინარე ხარჯების 140 მილიონი ლარით შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე სახის კაპიტალური ხარჯები შემცირდება. ამ მიმართულებით ნოდარ ხადურს დონორი ორგანიზაციების დიდი იმედი აქვს:

ცვლილება არ შეეხება არც ერთ პროექტს, რომელსაც ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო. კორეგირება დაწყებული გვაქვს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით...
დავით სერგეენკო

„71 მილიონი ლარით შემცირდება მიმდინარე ხარჯების მუხლები, ხოლო დაახლოებით 85 მილიონი ლარით გაიზრდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწერილი დანახარჯები. სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს სერიოზული თანხების გაღება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. 10 მილიონი ლარი უკვე გამოვყავით. დღესაც გამოვყავით 1 მილიონი ლარი წყლულეთისა და წყნეთი-ახალდაბის გზების რეაბილიტაციისათვის“.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 9 მილიარდზე მეტია. ყველაზე მეტად - 15 მილიონი ლარით - შემცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი, თავდაცვის სამინისტრო კი ბიუჯეტიდან 5 მილიონით ნაკლებს მიიღებს, მაშინ როცა ორივე სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 600-600 მილიონი ლარია. როგორც მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, ბიუჯეტის კორექტირება უმნიშვნელოდ შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

„ცვლილება არ შეეხება არც ერთ პროექტს, რომელსაც ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო. კორეგირება დაწყებული გვაქვს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით. რაც შეეხება ახალ ბიუჯეტს, ყველა პროექტი გრძელდება“.

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის სეკვესტრს დიდი ხანია ითხოვენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „თავისუფალ დემოკრატებს“ საკმარისად არ მიაჩნიათ ბიუჯეტის მხოლოდ 140 მილიონი ლარით შემცირება. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, დეპუტატ დავით ონოფრიშვილის კომენტარი:

ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ძალიან ოპტიმისტური იყო 5 %-იანი ზრდა იმის ფონზე, რაც ხდებოდა ქვეყნის ეკონომიკაში. აი, ამას ჰქვია არაკომპეტენტური და უნიათო მთავრობა. ვფიქრობ, რომ 200 მილიონამდე იქნება სეკვესტრი გასაკეთებელი...
მიხეილ მაჭავარიანი

„თუ მთავრობა თვლის, რომ მშპ მცირდება 5%-დან 2%-მდე, მაშინ 140 მილიონი ნამდვილად არ არის საკმარისი. ბიუჯეტი, ჩემი გათვლებით, უნდა შემცირდეს 200-300 მილიონი ლარით, რათა დაბალანსებული იყოს და არ მოხდეს წლის ბოლოს ბიუჯეტის გარღვევა“.

საპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ 140 მილიონი ლარი არაა საკმარისი იმისათვის, რომ საბიუჯეტო დეფიციტი შემცირდეს და შეიქმნას ლარისთვის სტაბილური გარემო. ამასთან, დაიკარგა ძვირფასი დრო და ბიუჯეტიდან დაიხარჯა მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხა, რომლის კომპენსირება ხდება ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბიუჯეტების შემცირების ხარჯზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ მაჭავარიანი, იხსენებს 2014 წლის დეკემბერს, როცა პარლამენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

„ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ძალიან ოპტიმისტური იყო 5 %-იანი ზრდა იმის ფონზე, რაც ხდებოდა ქვეყნის ეკონომიკაში. აი, ამას ჰქვია არაკომპეტენტური და უნიათო მთავრობა. ვფიქრობ, რომ 200 მილიონამდე იქნება სეკვესტრი გასაკეთებელი. კორექტირებულ ბიუჯეტს არც ერთ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს. უბრალოდ, გვაინტერესებს, რამდენი გამოიყოფა სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციაზე“, უთხრა მიხელ მაჭავარიანმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის შემცირების მასშტაბზე გალენა იქონია სტიქიური უბედურებით გამოწვეულმა ზარალმა, რომლის სავარაუდო მოცულობა 100 მილიონ ლარზე მეტია. ეკონომისტ ლევან კალანდაძის კომენტარი:

„ბიუჯეტის კორექტირება - განსაკუთრებით ხარჯების შემცირება - ისედაც საკმაოდ რთული საკითხია, მით უფრო რთული საკითხია იმ პირობებში, როცა 100 მილიონი ლარით გაეზარდა ბიუჯეტს აუცილებელი ხარჯი, ანუ უნდა გამოყოს თანხა სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად. ალბათ, ყოველივე ამის გამო ვერ მოხერხდა ბიუჯეტის მეტად კორექტირება“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG