Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინება მცირდება


ბოლო დროს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში, უცხოური ვალუტის შემოდინების თვალსაზრისით, სიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება. ყველა ძირითადი წყაროდან, იქნება ეს ინვესტიციები, ფულადი გზავნილები თუ ექსპორტი, შემოსავალი შემცირებულია. ეს საკმაოდ არასახარბიელო პროგნოზის წინაპირობას ქმნის. კერძოდ, ამ დღეებში ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის ნოემბერში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 18.3 %-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში ჩარიცხული თანხის მოცულობა $85 მილიონი ლარი იყო, რაც, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, $19.1 მილიონით ნაკლებია.

რუსეთიდან და უკრაინიდან, ასევე საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ამ ქვეყნებში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობებით, კერძოდ, იქაური ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციითაა განპირობებული.

უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია კი, ნოემბერში ფულადი გზავნილების მიხედვით, ასე გამოიყურება: რუსეთი - $33 მილიონი, საბერძნეთი - $8.7 მილიონი, იტალია - $8.6 მილიონი, აშშ - $8.2 მილიონი, თურქეთი - $5.0 მილიონი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული 11 თვის განმავლობაში გზავნილების მოცულობა 26 %-ით შემცირდა. ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში $14.7 მილიონი გაიგზავნა.

გზავნილების პარალელურად, შემცირებულია ინვესტიციებიც: მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 33 %-ით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის მე-2 კვარტალის მონაცემებს 38 %-ით აღემატება. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის მე-3 კვარტალში 489 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 33 %-ით ნაკლებია. ვეღარც ექსპორტი ასრულებს ფინანსების მაქსიმალურად მობილიზების ფუნქციას, რაც, ცხადია, ასევე მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული საერთაშორისო ბაზრებზე - განსაკუთებით რუსეთსა და უკრაინაში - არსებული მოთხოვნის კლებასთან, რადგან ევროკავშირის მიმართულებით ექსპორტი მუდმივად იზრდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8 მილიარდ 892 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2019 მლნ. აშშ დოლარი იყო (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 6873 მლნ. აშშ დოლარი (11 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ნოემბერში 4854 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა. საგარეო ვაჭრობის უფრო დეტალური მონაცემები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

შესაბამისად, უცხოური ვალუტის შემოდინებების შემცირება აშკარად აისახება როგორც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ისე მთლიანად ეკონომიკაზე, ლარის კურსზე და ა.შ. განსაკუთრებული ზომებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების გარეშე ამ სიტუაციის გამოსწორება და არსებული პრობლემების დაძლევა ხელისუფლებისთვის საკმაოდ ძნელი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG