Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან მურუსიძე ისევ მოსამართლეა


ლევან მურუსიძე
ლევან მურუსიძე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. 14 წევრიდან მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 10-მა. ლევან მურუსიძეს 2016 წლის აპრილში ეწურებოდა მოსამართლეობის ათწლიანი ვადა. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეების თქმით, სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილისა და სხვა საქმეებზე გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებების გამო ლევან მურუსიძეს მოსამართლეობის უფლება არ აქვს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილება გააპროტესტეს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა. ლევან მურუსიძის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო პოლიციამ დააკავა ირაკლი კაკაბაძე, რომლის თქმითაც, ყველა სინდისიანი კაცის მოვალეობაა, რომ დაარღვიოს მურუსიძის კანონი:

„დღეიდან ჩვენ მათ კანონებს აღარ ვემორჩილებით. ჩვენი ადგილი ციხეშია!“

ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში, გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემ მიერ დანიშნულმა წევრმა დატოვა კენჭისყრა...
გიორგი მარგველაშვილი

საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი, რომლის თქმითაც, ლევან მურუსიძე არის მოსამართლე, რომელმაც სასჯელი შეუმსუბუქა გირგვლიანის მკვლელებს; ლევან მურუსიძე იყო მოსამართლე, რომელმაც ნაწამები გიორგი მიქიაშვილის საქმეში 24 საათში ჩასატარებელი ექსპერტიზა 40 დღის დაგვიანებით დანიშნა; ლევან მურუსიძე ფიგურირებდა სულხან მოლაშვილის საქმეში, სადაც ეჭვის ქვეშ არ დააყენა წამებით მოპოვებული ჩვენებების კანონიერება. ზაზა ხატიაშვილის ვარაუდით, ლევან მურუსიძის არჩევა შეთანხმებული იყო ბიძინა ივანიშვილთან, სხვა შემთხვევაში საბჭოს ის წევრები, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იყვნენ დანიშნულები, მხარს არ დაუჭერდნენ:

„შოკირებული ვარ, რომ მურუსიძე აირჩიეს! ევა გოცირიძემ, სოფრომაძემ და თორდიამ მისცეს ხმა, ანუ „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა მხარი. ეს არის მარგინალი ძალა და ძალიან ცუდი რაღაცები მოხდება. მურუსიძის არჩევა ნიშნავს სამართლიანი სასამართლოს დასამარებას, არჩევნების გაყალბებას და უბედურებას“.

ლევან მურუსიძის არჩევას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, გასაკვირი არაა, რომ ლევან მურუსიძის კანდიდატურა მიუღებელია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის:

„ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში, გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემ მიერ დანიშნულმა წევრმა დატოვა კენჭისყრა. სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. პრეზიდენტს ამ თვალსაზრისით აქვს შესაძლებლობა წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რასაც მე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით განვახორციელებ და ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან“.

პრეზიდენტის ამ განცხადებას ლევან მურუსიძემ სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა უწოდა და გიორგი მარგველაშვილს შეახსენა, რომ 2013 წელს, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად დაინიშნა, გირგვლიანის საქმე უკვე განხილული ჰქონდა:

„მაშინ პრეზიდენტს ასევე ეკავა მაღალი თანამდებობა, თუმცა არც მას და არც სხვა რომელიმე პოლიტიკოსს არ გახსენებია აღნიშნული საქმე და არავის არ გამოუხატავს მძაფრი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძე არჩეული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. ამიტომ, ჩემი მოწოდებაა, რომ სასამართლო არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო, ის თავად იღებს გადაწყვეტილებებს და, შესაბამისად, ამ სასამართლოს დამოუკიდებლობას ყველამ უნდა სცეს პატივი“.

უმაღლეს საბჭოში კენჭისყრის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრალდებების პასუხად, ლევან მურუსიძემ და სხვა მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შესაცვლელია არა ცალკეული მოსამართლეები, არამედ ეგრეთ წოდებული „უკანონო კანონები“:

„ეს იყო კანონები, რომელიც თავს მოახვიეს სასამართლო ხელისუფლებას და ამ კანონების უმრავლესობა დღესაც მოქმედებს“, განაცხადა მოსამართლე თამარ ალანიამ.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, რომლის თქმითაც, 2012 წელს მართლმსაჯულების სისტემაში დაწყებული პოზიტიური რეფორმები უდღეური აღმოჩნდა იმის გამო, რომ არსებითად არაფერი შეიცვალა, მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლების წესის შემუშავების თვალსაზრისით:

„ხმების განაწილებამ აჩვენა, რომ საბჭოში არ ზის ერთი ლევან მურუსიძე. საბჭოში ზის ათი ლევან მურუსიძე და მისი მხარდაჭერით დღეს ეს ადამიანები გახდნენ თანამონაწილეები გირგვლიანის საქმისა და ყველა იმ უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებების, რომლებიც გამოტანილი აქვს მურუსიძეს და რომლებსაც გამოიტანს საქართველოს სახელით მას შემდეგ, რაც გააგრძელებს საქმეების განხილვას. ეს არის ძალიან საგანგაშო სიგნალი სასამართლო სისტემისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც კეთილსინდისიერად ცდილობენ ემსახურონ მართლმსაჯულებას. მათთვის ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი“, უთხრა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ლევან მურუსიძე და 25 დეკემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ კენჭისყრაში გამარჯვებული სხვა მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG