Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერალი ქალი - პოზიტიური დისკრიმინაცია?


თუკი ქიმიკოსი, კაციც და ქალიც, უბრალოდ, ქიმიკოსია; თუკი ექიმი, კაციც და ქალიც, მხოლოდ ექიმია; თუკი მასწავლებელი, კაციც და ქალიც, ჩვეულებრივი მასწავლებელია, მაშინ რატომ გამოვყოფთ მწერალ ქალებს ცალკე ფენომენად? როდესაც მწერლების შემოქმედებას განვიხილავთ, რატომ ვუსვამთ ხაზს, რომ ესა თუ ის მწერალი ქალია ან ქალი იყო? ეს კითხვა და ამ კითხვაზე პასუხების ძიება ჰაინრიხ ბიოლის ფონდში შეკრებილი საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა. მწერლები, ექსპერტები გენდერის საკითხებში, ჟურნალისტები, სტუდენტები ორ საათზე მეტხანს ცდილობდნენ გაერკვიათ, რატომ გამოაცალკევებს საზოგადოება მწერალთა შორის ქალ მწერლებს. სალომე ცოფურაშვილი, დოქტორანტი გენდერის კვლევებში, იხსენებს დეილ სპენდერს, ავსტრალიელ მწერალსა და ფემინისტს, და მის ერთ მნიშვნელოვან ესეს, ”ქალები და ლიტერატურის ისტორია”, სადაც ის წერს, რომ დასავლურ ლიტერატურულ ტრადიციაში ქალის როლი უფრო მამაკაცი მწერლის დახმარებასა და მუზას წარმოადგენდა, თუმცა ის იქვე იმასაც დასძეს, რომ, მაგალითად, მეთვრამეტე საუკუნეში საკმაოდ მრავლად იყვნენ მწერალი ქალები და, კიდევ, იყვნენ მწერალი კაცებიც, რომლებიც ქალის ფსევდონიმით ამჯობინებდნენ საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნებას, რაც მწერალი ქალების პოპულარობაზე მიუთითებდა. გენდერული დისბალანსი - ასე უწოდებს სალომე ცოფურაშვილი მწერალთა შორის მწერალი ქალების გამოყოფას და პრობლემას საზოგადოების ქვეცნობიერში ეძებს.

”სიტყვა მწერალს ჩვენს არაცნობიერში აქვს სქესი და ეს სქესი მამრობითია. მწერალი მამაკაცი, რაკი ასეთი სიტყვათშეთანხმება არ არსებობს მწერალი ქალის გვერდით, ამას უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ გენდერული დისბალანსი”, - მიაჩნია სალომე ცოფურაშვილს.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, მწერლის სქესის ხაზგასმა ხდებოდეს, ეს არის მწერლის ენა - უფრო ზუსტად კი, ქალური და მამაკაცური ენა და მათი განმასხვავებელი მახასიათებლები. სალომე ცოფურაშვილი სწორედ ამ ორი მიმართულების დახასიათებას ცდილობს და ერთგვარ მოსაზრებასაც გამოთქვამს: იმისათვის, რომ საზოგადოებამ ქალი მწერალი შემდგარ მწერლად აღიაროს, იქნებ მას ქალური ენის, ე.წ. ”ქალური კრუსუნის” დამსხვრევა სჭირდება?

”მამაკაცურ თხრობას ახასიათებს ლინიარულობა, თანმიმდევრულობა, რაციონალიზმი. ის, ენის თვალსაზრისით, ემოციებისგან სრულიად დაცლილია, ქალური ენა კი ამ ჩამონათვალისგან სრულიად განსხვავდება, სრული ანტიპოდია: არათანმიმდევრულობა, დატეხილი წინადადებები, დატეხილი სინტაქსი. ენა უნდა დავამტვრიოთ, - ამას ჯერ კიდევ ვირჯინია ვულფი ამბობდა ”საკუთარ ოთახში”. ის ამბობდა, იმისათვის, რომ ქალი შემდგარი მწერალი გახდეს, მას ახალი ენა სჭირდება, მას სჭირდება ძლიერი ფალოცენტრული წინადადებები, რათა სივრცეში გაიჭრასო“, - ამბობს სალომე ცოფურაშვილი.
თუ არ ხარ გერმანიაში დაბადებული და თუკი გერმანული შენი მშობლიური ენა არ არის, ამასთანავე, თუკი ხარ ახალგაზრდა და, იდეალურ შემთხვევაში, ლამაზი, მაშინ კიდევ უფრო დიდი შანსი გაქვს, რომ თავი კარგად წარმოაჩინო ...
ნინო ხარატიშვილი

ახალგაზრდა დრამატურგსა და მწერალს ნინო ხარატიშვილს გერმანიაში კარგად იცნობენ. ის ჰამბურგის თეატრალური აკადემიის კურსდამთავრებულია. მისი პიესები სისტემატურად იდგმება გერმანიის თეატრალურ სცენებზე. აქვს მიღებული არაერთი პრემია. ნინოს პირველმა რომანმა ”ჟუჟამ” კი გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. როგორ იღებს დასავლური, უფრო კონკრეტულად კი, გერმანული საზოგადოება მწერალ ქალს, რომელსაც, თუკი ნინოს სიტყვებს გავიმეორებთ, ე.წ. ეგზოტიკური სურნელი დაჰკრავს? აქვე ვთქვათ, რომ ნინო ხარატიშვილმა თავიდანვე უარი თქვა სახელი ნინო ნინად გადაეკეთებინა. მერე რა, თუკი დასავლეთში ნინო ყველას კაცის სახელი ჰგონიაო, ამბობს ის და ყურადღებას ამახვილებს ერთ დაკვირვებაზე და, მისივე თქმით, პრობლემაზე, რომელიც მან ევროპის ლიტერატურის ბაზარზე აღმოაჩინა:

”ეს არის ეგზოტიკის პრობლემა, რაც ნიშნავს, რომ თუ შენ ხარ ქალი, მით უმეტეს, თუ არ ხარ გერმანიაში დაბადებული და თუკი გერმანული შენი მშობლიური ენა არ არის, ამასთანავე, თუკი ხარ ახალგაზრდა და, იდეალურ შემთხვევაში, ლამაზი, მაშინ კიდევ უფრო დიდი შანსი გაქვს, რომ თავი კარგად წარმოაჩინო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შემდეგ დრო ახარისხებს, ორი-სამი წელი ვიღაცა გახდება ვარსკვლავი, მაგრამ თუკი ის არ არის ნაღდი, ეს იმას ნიშნავს, რომ ორ-სამ წელში მას ყველა დაივიწყებს.”

პოზიტიურ დისკრიმინაციად მიიჩნევს ნინო მწერლების სქესის მიხედვით გამორჩევას და ამბობს, რომ შემოქმედის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია, მისთვის მიუღებელია:

”ამას მე ფარისევლურ ძმობას ვეძახი. ერთი მხრივ, გვიცხადებენ ერთობას, გვაძლევენ შანსს, მაგრამ მაინც ამას, პირველ რიგში, გვაძლევენ იმიტომ, რომ - ვერ ვიტან ამ სიტყვას - ვართ სუსტი სქესის წარმომადგენლები. ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ მე არ შევდგები მარტო ჩემი წარმომავლობით და მარტო ჩემი ბიოგრაფიული ფონი არ ქმნის იმას, რაზეც მე ვწერ, რაც მე მაინტერესებს და რაც მე ვარ”, - ამბობს ნინო.

ემოციური - ეს არის სიტყვა, რომელსაც გერმანიაში ხშირად გამოიყენებენ ნინო ხარატიშვილის შემოქმედების დასახასიათებლად. ამ დახასიათებას კი ნინო იმას მიაწერს, რომ ის ქალია და მას სწორედ მწერალ ქალად მოიხსენიებენ. თუმცა იქვე იმასაც ამბობს, რომ წერის პროცესში მას ამგვარი დახასიათება არ უშლის, უბრალოდ, მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, თუკი კრიტიკოსები მწერლებს შეაფასებენ არა მათი სქესისა და წარმომავლობის, არამედ რეალური შესაძლებლობების მიხედვით.
თავიდან, როცა ამბობდნენ, რომ ჩემი ტექსტი კაცის დაწერილი ეგონათ, მე ძალიან მაგარი გოგო მეგონა ჩემი თავი. მოგვიანებით ჩემი თავისა და ჩემი დამოკიდებულებისადმი გამიჩნდა პროტესტი ...
თამთა მელაშვილი

დრამატურგისა და ლიტერატურის კრიტიკოსის დათო გაბუნიასთვის საინტერესო საკვლევი აღმოჩნდა ენა, რომელსაც თანამედროვე ქართველი, მოდით ვთქვათ, მწერალი ქალები იყენებენ. ის იხსენებს მწერლისა და ფემინისტის მონიკ ვიტიგის აზრს იმის თაობაზე, რომ გრამატიკა, როგორც სისტემა, უნდა დაინგრეს. სწორედ ამიტომ მონიკ ვიტიგი თავის რომანებსა და ექსპერიმენტულ ტექსტებში ხშირად უარყოფდა წერტილს, არღვევდა სინტაქსს. ამ გადასახედიდან, დათო გაბუნია თანამედროვე ქართველ მწერლებს ორ კატეგორიად ყოფს - კლასიკად და ბაროკოდ:

”მწერლები, რომლებიც მისდევენ გაკვალულ, სწორ გზას (მე ამას ცუდი და კარგი ნიშნით არ ვყოფ,), და მეორენი, რომლებიც არღვევენ ამ ფორმას და ხშირად უმწიფარი ექსპერიმენტებით, მაგრამ მაინც ცდილობენ იარონ სხვა გზით - მე ამას პირობითად ბაროკო დავარქვი.”

როცა თამთა მელაშვილმა წერა დაიწყო, მკითხველს ხშირად უჭირდა გარკვევა, ტექსტის ავტორი ქალი იყო თუ კაცი. მას მერე მის ნაწერებში ქალურმა მხარემ იმძლავრა, დღესდღეობით კი ის განსაკუთრებულ ტრაგიზმს ვერ ხედავს იმაში, თუკი მკითხველი მის მოთხრობებს ქალის ენით დაწერილს, ქალურ პროზას უწოდებს. ”რატომაც არა”, ამბობს თამთა:

”თავიდან, როცა ამბობდნენ, რომ ჩემი ტექსტი კაცის დაწერილი ეგონათ, მე ძალიან მაგარი გოგო მეგონა ჩემი თავი. მოგვიანებით ჩემი თავისა და ჩემი დამოკიდებულებისადმი გამიჩნდა პროტესტი და ვიკითხე, რატომ? მერე, როცა დავწერე ”გათვლა” და ის ბევრმა კაცმა მოიწონა, თან განმარტება მივაყოლე, ეს ფემინისტური ტექსტია-მეთქი. და სწორედ იმავე კაცებს, ვისაც ჩემი წიგნი მოეწონა, ამ ჩემმა განმარტებამ შეუქმნა დისკომფორტი, როგორ, ჩვენ ფემინისტური ტექსტი მოგვეწონაო? მე ახლაც ვამბობ, კი, ჩემი ტექსტი არის ქალური ტექსტი, მე ქალი ვარ და უწოდე ჩემ ნაწერებს ქალური ენით დაწერილი, ქალური პროზა, მე არ მაქვს ამის პრობლემა”, - ამბობს თამთა მელაშვილი.
XS
SM
MD
LG