Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატალია მარტიროსიანი: რუსეთი არის მოცემულობა, რომელთან ცხოვრებაც უნდა მოვახერხოთ


ნატალია მარტიროსიანი
ნატალია მარტიროსიანი

დასრულდა კიდევ ერთი რაუნდი სემინარისა, რომელიც საკმაოდ ამბიციურ თემას - „სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირებას“ - მიეძღვნა. ამჯერად სემინარს უმასპინძლა ჩერნოგორიამ, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე სახელმწიფომ, რომელიც 2006 წლის რეფერენდუმის საფუძველზე გამოეყო სერბიისა და ჩერნოგორიის კონფედერაციულ, სახელმწიფოებრივ კავშირს და სულ რაღაც 4 წელიწადში ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი მიიღო. სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელთა შეხვედრა ჩერნოგორიაში „კავკასიური სახლის“, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული. ჩვენს შეკითხვებს პასუხობს ნატალია მარტიროსიანი, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტის თავმჯდომარე.

საუბარი ნატალია მარტიროსიანთან
please wait

No media source currently available

0:00 0:11:01 0:00
გადმოწერა

კობა ლიკლიკაძე: ნატალია, თუ გულწრფელები ვიქნებით, ასეთი არქიტექტურის ფორმირება არათუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, არამედ თვით ყველა ზემოჩამოთვლილი სახელმწოფოსა და სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ლიდერებს და, უფრო მეტიც, საერთაშორისო საზოგადოებასაც კი არ შეუძლია. მაგრამ თქვენ, ორგანიზატორებმა, სწორედ ასეთი თემა მოიფიქრეთ ჩერნოგორიაში გამართული სემინარებისათვის. რამ გიბიძგათ ასეთი არჩევანისათვის? ეს მხოლოდ კეთილი სურვილია, თუ მართლა გჯერათ, რომ ასეთი რამ რეალურადაც შესაძლებელია?

ნატალია მარტიროსიანი: დიდი მადლობა შეკითხვისათვის. დიახ, ჩვენ მართლაც დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, თუ რა თემა შეგვერჩია ჩვენი ამჟამინდელი შეხვედრისა და იმ პროექტისათვის, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან მცირეა. ჩვენ შევეცადეთ გადმოგვეცა ჩვენი შეშფოთება და, ცხადია, თითოეულ ნათქვამ სიტყვასაც აზრობრივი დატვირთვა ჰქონდა. რატომ ვამბობთ „ახალი არქიტექტურის ფორმირებას“? ცხადია, გეთანხმებით, ჩვენ არც ისეთი მიამიტები ვართ, ვფიქრობდეთ, რომ ჩვენ თვითონ შევძლებთ ასეთი არქიტექტურის ფორმირებას, ვინაიდან დემოკრატიული კულტურა და მოქალაქეთა გავლენა განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური კურსის ფორმირებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაზე, სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში საკმარისად ძლიერი არ არის. და მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი განსაზღვრების მიცემა თავისთავად უკვე ნიშნავს ყურადღების მიპყრობას ჩვენი შეშფოთებისადმი.

ჩვენ ყველანი ვართ სამხრეთ კავკასიიდან და ჩვენ, პირველ ყოვლისა, შეშფოთებული ვართ საკუთარი და საკუთარი შვილების ბედითა და ამ, მართლაც, ძალიან ლამაზი ადამიანებით, კულტურითა და ბუნებით მდიდარი რეგიონის მომავლზე ფიქრით...
ნატალია მარტიროსიანი

„არქიტექტურის ფორმირებას“ აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადგილი, რადგან სპორადული ქმედებები, რაოდენ კეთილშობილური ჩანაფიქრითაც უნდა იყოს ნაკარნახევი, გარკვეული სისტემურობის გარეშე ვერანაირ პრაქტიკულ შედეგს ვერ მოიტანს. ესე იგი, საჭიროა მართლა რაღაცის ფორმირება, რაღაცის შექმნა და გარკვეული სქემის შემუშავება. და მაინც რატომ „ახალი არქიტექტურა“? იმიტომ რომ, ჩვენდა საუბედუროდ და სამწუხაროდ, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სისტემები, როგორსაც დღეს ვხედავთ, არათუ ვეღარ მუშაობს, არამედ მთლიანად მოიშალა. იგივე შეიძლება ითქვას ფასეულობათა კატეგორიასა და ურთიერთობათა უზრუნველყოფის არსებულ სისტემებზე. ამიტომ, როგორც ჩანს, დადგა დრო შეიქმნას მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი ალგორითმი და ახალი არქიტექტურა, რომელთა ცხოვრებაში გატარებასაც შესაბამისი სტრუქტურები უნდა ემსახურებოდნენ. ანუ მთელი შენობა ხელახლაა შესაქმნელი და სწორედ ამიტომ ავირჩიეთ თემის სახელწოდებად „არქიტექტურა“. თუმცა აქ კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. ზემოხსენებულ ტრიადაში - მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება - რომელია უმთავრესი? ეს ძალიან კონცეპტუალური კითხვაა. არის კი მშვიდობა დომინანტური ამ ტრიადაში? და ყოველთვის უზრუნველყოფს თუ არა უსაფრთხოებას და სტაბილურობას? აი, ეს არის დილემა.

კობა ლიკლიკაძე: აპრილის ოთხდღიანი ესკალაცია აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღს შორის და საბრძოლო მოქმედებები, როლის გამოც მყიფე მშვიდობა ლამის ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, ამ დილემასა და კონცეპტუალურ შეკითხვაზე, ალბათ, ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა.

ნატალია მარტიროსიანი: სამწუხაროდ, დიახ. და სწორედ ამიტომ, როდესაც მშვიდობაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ სტაბილურობაც. მშვიდობას და სტაბილურობას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ეფექტი, თუ ისინი ხელჩაკიდებული მიაბიჯებენ და ფოკუსირებული არიან თითოეული ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, იმისდა მიუხედავად, თუ სად იმყოფება იგი. ჩვენ ყველანი ვართ სამხრეთ კავკასიიდან და ჩვენ, პირველ ყოვლისა, შეშფოთებული ვართ საკუთარი და საკუთარი შვილების ბედითა და ამ, მართლაც, ძალიან ლამაზი ადამიანებით, კულტურითა და ბუნებით მდიდარი რეგიონის მომავლზე ფიქრით.

კობა ლიკლიკაძე: მაგრამ ძალიან პესიმისტური სურათი იკვეთება სწორედ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და მშვიდობაზე საუბრის დროს. სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკა საკმაოდ შორსაა იმ მოდელისაგან, რასაც ჩერნოგორიის მაგალითი წარმოადგენს და რაზეც ჩვენი ერთ-ერთი მასპინძელი, ლეონ ჯოკაი, საუბრობდა ზემოთ. არსებული კონფლიქტები არ იძლევა შესაძლებლობას ისეთი ფორმულის შესამუშავებლად, რომელიც, როგორც თქვენც აღნიშნეთ, მშვიდობასაც უზრუნველყოფდა და სტაბილურობასაც. რაღაც წრეზე ვტრიალებთ და არ ვიცით, რა ვქნათ, როგორ შევქმნათ წარმატების მოდელი.

რუსეთი არსებობს, როგორც მოცემულობა, ისევე როგორც მთვარე, რომელიც, გვინდა ეს თუ არა, არსებობს. და უნდა შევეცადოთ, რომ რაღაცნაირად ვიცხოვროთ ამ მოცემულობასთან ერთად ...
ნატალია მარტიროსიანი

ნატალია მარტიროსიანი: დიახ, ჩერნოგორიაში ჩვენ ეს ვნახეთ და ეს, მართლაც, საკმაოდ საინტერესო გამოცდილებაა. თუმცა აქ არის ერთი მომენტი. პირველ ყოვლისა, გეოგრაფიულად და გეოპოლიტიკურად ჩერნოგორია არ იმყოფება დიდი სახელმწიფოების და დიდი ძალების ინტერესთა დაპირისპირების ზღვარზე. მეორე მხრივ, როგორც ჩვენმა კოლეგებმა აგვიხსნეს, ინიციატივა ზემოდან წამოვიდა და ამ ინიციატივას, როგორც ამბობენ, მხარი დაუჭირა საერთაშორისო თანამეგობრობამ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. როდესაც პროცესი მიდის საერთაშორისო საზოგადოების კონტროლისა და დახმარების ქვეშ, მისი მფარველობითა და შემაკავებელი ზემოქმედებით, მაშინ უფრო უკეთ არის შესაძლებელი პრობლემური ვითარებიდან გამოსვლა. რა თქმა უნდა, ჩერნოგორიაში არსებობს მთელი რიგი წვრილმანი პრობლემა და ყველაფერი არც ისე ლამაზად და წარმატებულად გამოიყურება, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩერნოგორიელებმა შეძლეს ომის თავიდან აცილება. თუმცა ჩვენი რეგიონი, სამხრეთ კავკასია, საუბედუროდ, დასავლეთის სამყაროსა და სხვა სამყაროს უმწვავესი დაპირისპირების პირაპირზე იმყოფება და რაც უფრო მწვავდება დაპირისპირება ამ ორ სისტემას შორის, მით უფრო სახიფათო ხდება ჩვენი მდგომარეობა. და ამ შემთხვევაში ძალიან დიდი დიპლომატიური უნარების გამოჩენა, სხვადასხვა სვლის მოფიქრებაა საჭირო იმისათვის, რომ არ აღმოვჩნდეთ სასიკვდილო დარტყმების ქვეშ და არ ვიქცეთ სხვადასხვა კატაკლიზმების მსხვერპლად. გარდა ამისა, და მე ამას ვამბობ ყოველგვარი ემოციური შეფასების გარეშე, აქ, როგორც პოლიტოლოგიური კატეგორიები, თავს იჩენს უნიტარიზმისა და სეპარაციის პრობლემა. ამას სამხრეთ კავკასიაში ჰქონდა გარკვეული საფუძველი, არსებობდა გარკვეული ეთნიკური და ენობრივი ჯგუფების ინტერესები, რაც, როგორც მესმის, არ იყო ჩერნოგორიაში, მაგრამ ადგილი ჰქონდა ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ყოფილი იუგოსლავიის სხვა ადგილებში, სადაც ვერ იქნა თავიდან აცილებული შეიარაღებული კონფლიქტები. შესაბამისად, ჩვენ უნდა ავიღოთ ის დადებითი ელემენტები, რომელთა გარკვეული თვალსაზრისით გამოყენება ჩვენშიც არის შესაძლებელი და რაც კვანძის გახსნის საშუალებას მოგვცემდა. იცით, ჩერნოგორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმის გაცნობირება იყო, რომ საერთაშორისო საზოგადოება იყო დაინტერსებული არსებული პრობლემების არაძალადობრივი გადაწყვეტით, რაც ჩვენი რეგიონის მაგალითზე არ მინახავს. მსოფლიო საზოგადოებას - მხედველობაში მაქვს, ევროპული სტრუქტურები, გაერო და სხვები - არ აქვს სურვილი, რომ სამხრეთ კავკასიაში რაღაცნაირად შენელდეს დაძაბულობა და მშვიდი ვითარება შეიქმნას.

უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენ შორის არსებული პრობლემები და წინააღმდეგობები ჩვენზე წინ კი არ იდგნენ და ჩვენ კი არ მივყვებოდეთ მათ, არამედ ჩვენ შევძლოთ მათი მართვა. ...
ნატალია მარტიროსიანი

კობა ლიკლიკაძე: ნატალია, იქნებ ეს იმის ბრალია, რომ ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეზე და, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის გავლენა უფრო დიდია, ვიდრე ზემოხსენებული საერთაშორისო ინსტიტუტებისა?

ნატალია მარტიროსიანი: უდავოდ! მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთი არსებობს, როგორც მოცემულობა, ისევე როგორც მთვარე, რომელიც, გვინდა ეს თუ არა, არსებობს. და უნდა შევეცადოთ, რომ რაღაცნაირად ვიცხოვროთ ამ მოცემულობასთან ერთად. რა თქმა უნდა, არასწორია ის გზა, როდესაც საკუთარი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო საკითხების გადაწყვეტას ვინმე სხვას ანდობ, მაგრამ, მეორე მხრივ, ღია კონფრონტაციაზე წასვლა თვითმკვლელობის ტოლფასია. შესაბამისად, უნდა მოიძებნოს გზა, რომელიც შენ დაგიცავს და ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას მოგცემს. და, რაც მთავარია, საჭიროა და ეს ყველამ უნდა მოვახერხოთ, რომ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონი ვაქციოთ საინტერესოდ მსოფლიოს სხვა კუთხეებისათვის და არა მხოლოდ რუსეთისათვის. საინტერესოდ არა იმ თვალსაზრისით, რომ ერთმანეთს დავუპირისპიროთ დასავლეთისა და რუსეთის ინტერესები, არამედ საინტერესოდ უფრო ფართო მნიშვნელობით, როგორიცაა სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარება, კულტურის მიღწევებით ურთიერთგამდიდრება, რაც წარმოადგენს კაცობრიობის და მთელი სამყაროს აკვანს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენ შორის არსებული პრობლემები და წინააღმდეგობები ჩვენზე წინ კი არ იდგნენ და ჩვენ კი არ მივყვებოდეთ მათ, არამედ ჩვენ შევძლოთ მათი მართვა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG