Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გელაპის“ თანახმად, საქართველოში უმრავლესობა ნატოს დამცველად აღიქვამს


კრწანისის სასწავლო ცენტრი
კრწანისის სასწავლო ცენტრი

იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, „მორალურად მოძველებულს“ უწოდებს ნატოს, როგორც გაირკვა, ალიანსში შემავალი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა ალიანსს თავის დამცველად მიიჩნევს. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია „გელაპის“ მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2016 წელს ნატოს თავდაცვით შესაძლებლობებზე ყველაზე მაღალი წარმოდგენა ჰქონიათ კოსოვოში, სადაც გამოკითხულთა 90 % მიიჩნევს ალიანსს თავისი ქვეყნის დამცველად. 70 %-ით მეორე ადგილზეა ალბანეთი, მესამეზე კი -პოლონეთი, სადაც გამოკითხულთა 62 %- ის თვალში ნატო დაცვასთან ასოცირდება.

გამონაკლისს შეადგენს ბალკანეთის ორი სახელმწიფოს, ჩერნოგორიისა და სერბიის, მოსახლეობა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სერბების 64 % მიიჩნევს საფრთხედ და მხოლოდ 6 % - დამცველად. ასეთი შედეგი არ უკვირთ „გელაპის“ მკვლევრებს, რომლებიც სერბების დამოკიდებულების განმსაზვრელ ფაქტორად ასახელებენ 1990-იანი წლების ბოლოს ნატოს სამხედრო ოპერაციას, რომლის ძირითადი სამიზნე სწორედ დღევანდელი სერბიის ტერიტორიაზე განლაგებული ყოფილი იუგოსლავიის ყოფილი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის, მომხრე არმიის ობიექტები იყო. თუმცა ნატოს როგორც საფრთხედ აღქმა მაღალი აღმოჩნდა ჩერნოგორიაშიც, რომელიც წლის ბოლოს ოფიციალურად გახდება ნატოს წევრი. „გელაპის“ თანახმად,ალიანსს საფრთხედ მიიჩნევს გამოკითხულთა 29 %, დამცველად კი - 21 %.

რაც შეეხება ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, აქ ნატოს მიმართ დამოკიდებულება, ტრადიციულად, ნეგატიურია და რომ არა რამდენიმე ქვეყანა, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ამ სივრცეზე ალიანსს კვლავ მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ. აშკარად დადებითი ბალანსი ამ მხრივ მხოლოდ საქართველოში აღმოჩნდა. თანახმად გამოკითხვისა, რომელიც „გელაპმა“ 2016 წლის განმავლობაში ტელეფონის საშუალებით ჩაატარა, საქართველოს მოსახლეობის 37 % ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დამცველად მიიჩნევს, 8 % - საფრთხედ, თუმცა საკმაოდ მაღალი, 35%-ია მათი რიცხვი, ვინც ნატოს არც დამცველად მიიჩნევს და არც საფრთხედ.

მოულოდნელად პოზიტიური დინამიკა გამოიკვეთა აზერბაიჯანში, რომელიც არ ესწრაფვის ნატოში გაწევრიანებას და სადაც სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მძიმე მდგომარეობაა. გამოკითხულთა 21 % აზერბაიჯანში ნატოს მიიჩნევს დამცველად, 16 %- საფრთხედ. სამაგიეროდ, 44 %-ს შეადგენს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებისთვისაც ალიანსი არც დაცვასთან ასოცირდება და არც საფრთხესთან.

ჯერჯერობით უარყოფითი ბალანსია უკრაინაშიც. 2016 წელს იქ გამოკითხულთა 29 % მიიჩნევდა ნატოს დამცველად, 35 % კი - საფრთხედ. თანაც, „გელაპის“ გამოკითხვაში უკრაინის სტატისტიკა წლების განმავლობაში წარმოდგენილია დიაგრამით, რომლის თანახმად, უკრაინაში, დაახლოებით, 5 %-ით გაზრდილა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ნატოს საფრთხედ აღიქვამენ.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე უფრო ნეგატიურად ალიანსის მიმართ განწყობილნი არიან რუსეთსა და ბელორუსიაში. „გელაპის“ კვლევების თანახმად, ნატოს საფრთხედ რუსეთში 67 % მიიჩნევს, ბელორუსიაში კი - 54 %. როგორც „გელაპის“ ოფიციალურ საიტზეა მითითებული, ნატოსთან დაკავშირებით აღნიშული გამოკითხვაც 2016 წელს ტელეფონის საშუალებით ჩატარდა. მკვლევრებმა თითოეულ ქვეყანაში, შემთხვევითი შერჩევის წესით, 15 წელს ზევით ასაკის 1 000-მდე რესპონდენტი გამოკითხეს. ასეთი მეთოდით გამოკითხვის დროს მიღებულ მონაცემებში, როგორც „გელაპის“ საიტზეა მითითებული, ცთომილება 2.7-3,9 %-ს შორის მერყეობს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG