Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო, უკრაინა, საქართველო და რუსეთის მოთხოვნილი გარანტიები


რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ წევრი ქვეყნები არ დაუშვებენ უკრაინის გაწევრიანებას ნატოში და რომ ალიანსი თავს დაანებებს რუსეთთან მიახლოებასა და კრემლის განერვიულებას. ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამ შინაარსის მოსაზრებებში, რასაც ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წარმომადგენელი ახმოვანებს, უკრაინასთან ერთად იგულისხმება საქართველოც – მით უფრო, ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებების ფონზე. უკრაინაში სამხედრო დაპირისპირებაა. რას შეიძლება მოელოდეს საქართველო მოსკოვისგან?

რუსეთს სჭირდება „100%-იანი გარანტია“ იმისა, რომ არც ერთი ქვეყანა არ ფიქრობს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, უთხრა BBC–ს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა და იქვე დაამატა, რომ რუსეთს ასეთ გარანტიას არავინ აძლევს. შედეგად კი, რუსეთი ნერვიულობს და სიფრთხილისთვის წინასწარ ზომებს მიმართავს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დასავლეთს „ძალთა ბალანსის დარღვევაში“ ადანაშაულებს და, როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, აქ იგულისხმება ნატოს „ისტორიული დაპირება“, რომ ის აღარ მოუახლოვდება რუსეთის საზღვრებს. თუმცა დასავლელ ლიდერებს, როგორც მათ არაერთხელ უთქვამთ, ასეთი შეთანხმება ბუნებაში არც ადრე ეგულებოდათ და არც ახლა ეგულებათ.

უკრაინას 2010 წელს, ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის ძალისხმევით, ნატოში გაწევრიანებაზე პრაქტიკულად უარი აქვს ნათქვამი, ხოლო საკანონმდებლო ბაზის გადახედვისთვის სამხედრო დაპირისპირებაში ჩართულმა ქვეყანამ ჯერ ვერ მოიცალა, თუმცა, როგორც პესკოვის განცხადების კვალდაკვალ ინტერფაქსს განუცხადეს უკრაინის საგარეო უწყებაში, უკრაინა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მხოლოდ უკრაინის მოქალაქეების გადასაწყვეტია, რომელ ბლოკსა თუ გაერთიანებას დაუკავშირონ თავიანთი ქვეყნის ბედი.

მათთვის მიღწევა იქნება ის, თუ ისინი მთლიანად საქართველოზე დაამყარებენ კონტროლს და საქართველოს შეითრევენ უკან თავიანთი გავლენის ორბიტაში, დაახლოებით ისევე, როგორც, ვთქვათ, სომხეთი ჰყავთ შეთრეული, ან სხვა ქვეყნები, რომლებიც პერსპექტივაში ევრაზიულ კავშირში მოიაზრებიან...
ზაალ ანჯაფარიძე

როდესაც უკრაინაზე ლაპარაკობს, რუსეთი, ცხადია, საქართველოსაც გულისხმობს, უთხრა რადიო თავისუფლებას მოსკოველმა ექსპერტმა სამხედრო საკითხებში ალექსანდრ გოლცმა. მისთვისაც ცხადია, რომ ნატოს მიახლოება რუსეთს აღელვებს, თუმცა ეს მღელვარება სამხედრო დაპირისპირების შიშით არ არის გამოწვეული. მოსკოვი დასავლეთის მაღალ სტანდარტებს უფრთხის:

„რუსეთის ხელმძღვანელებს აღელვებთ ის, რომ ქვეყნები და ხალხები, რომლებსაც თითქმის ერთნაირი ისტორიული ბედისწერა ჰქონდათ, ახლა გამოხატავენ მზადყოფნას დააკმაყოფილონ ევროატლანტიკური თანამეგობრობის კრიტერიუმები კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით. ეს ბევრად უფრო არსებითია კრემლისთვის, ვიდრე სამხედრო საფრთხე, რადგანაც რუსეთის მართვის მთელი სისტემა ეყრდნობა შეფასებას, რომ რუსი ხალხი ვერ მომწიფდა თავისუფლებისთვის და სწორედ ამიტომ არის საჭირო ხელით მართვის სისტემა“.

რუსეთი „უსაფრთხოების სარტყლის“ შექმნას ცდილობს, – ამბობს ჩვენთან საუბრისას დამოუკიდებელი ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ზაალ ანჯაფარიძე და აზუსტებს, რომ ეს სარტყელი, მოსკოვის გაგებით, დემოკრატიული განვითარების შიშის შემაკავებელიც იქნება და იმ საფრთხეებისაც, რაც კრემლს სამხედრო, ენერგეტიკულ, კულტურულ თუ საინფორმაციო სფეროებში ეგულება. ზაალ ანჯაფარიძე არ ეთანხმება აზრს, თითქოს რუსეთმა საქართველოსგან მიიღო ყველაფერი, რაც მას უნდოდა და ახლა წასართმევი აღარაფერი დარჩა. დამოუკიდებელი ექსპერტი ფიქრობს, რომ მოსკოვს ჯერ არ მიუღწევია მთავარი მიზნისთვის:

„მათთვის მიღწევა იქნება ის, თუ ისინი მთლიანად საქართველოზე დაამყარებენ კონტროლს და საქართველოს შეითრევენ უკან თავიანთი გავლენის ორბიტაში, დაახლოებით ისევე, როგორც, ვთქვათ, სომხეთი ჰყავთ შეთრეული, ან სხვა ქვეყნები, რომლებიც პერსპექტივაში ევრაზიულ კავშირში მოიაზრებიან. ეს არის მისი საბოლოო გეგმა“.

ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ, თუკი საჭიროდ ჩათვლის, მოსკოვი ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალითაც დაუპირისპირდება საქართველოს, მაგრამ ეს, ექსპერტის აზრით, უფრო საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაშია მოსალოდნელი. უფრო ახლო მომავლის სადამსჯელო ბერკეტებს კი ზაალ ანჯაფარიძე ეკონომიკას უკავშირებს და ამბობს, რომ თუკი რუსეთი კვლავ აკრძალავს ქართული პროდუქციის დაშვებას თავის ბაზარზე, ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის.

ნოდარ ჭიჭინაძე
ნოდარ ჭიჭინაძე

თუკი ეს ასე მოხდება, საკმაოდ დიდ უარყოფით შედეგებს მოელის ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით აღრიცხული 212 მილიონი დოლარის ექსპორტი საკმაოდ აღემატება რუსეთის მხრიდან ემბარგოს დაწესებამდე არსებულ (2005 წლის) საუკეთესო მაჩვენებელს, როდესაც რუსეთში განხორციელებულმა ექსპორტმა 153 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სარგებელი ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია ქართველი მეწარმეებისთვის:

„საქართველოს გაუჩნდა ძალიან კარგი ალტერნატივა ევროკავშირის ბაზრის თვალსაზრისით, თუმცა ამ ბაზრის სრულად ათვისებამდე საკმაოდ დიდი დრო და მანძილია. აქედან გამომდინარე, ვიდრე წარმოების კულტურა ავა იმ დონემდე, რომ ევროკავშირის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ჩემი აზრით, გარდამავალი პერიოდისთვის კარგი იქნებოდა რუსეთის ბაზრის გახსნილობა, რადგან იქ შედარებით დაბალი მოთხოვნებია“.

ნოდარ ჭიჭინაძეს თავიდანვე არამართებულად მიაჩნდა გრძელვადიანი გათვლის გაკეთება რუსეთის არამდგრად და არასანდო ბაზარზე პროდუქციის გატანის თვალსაზრისით, თუმცა მისთვის ნათელია, რომ რიგითი ფერმერი ნაკლებად ფიქრობს ხანგრძლივ გათვლებზე და ის ორიენტირებულია ოჯახის საარსებო შემოსავლის მიღებაზე. აქვე აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში ბოსტნეულის, ციტრუსის და სხვა კულტურების ექსპორტი 92%-ით არის გაზრდილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG