Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ნაციონალური მოძრაობა” აჭარის მთავრობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს


ბათუმი
ბათუმი

საქმე ეხება ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის, 2005 წელს ჩამორთმეულ ქონებას, რომელიც 2016 წელს გოგიტიძის ნათესავმა, ენვერ ცეცხლაძემ, სასამართლოს გზით დაიბრუნა.

2014 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცეცხლაძის სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჯერ გაასაჩივრა, შემდეგ კი მომჩივანს მოურიგდა, რითაც სასამართლო დავა შეწყდა. სწორედ ამ დავის გარიგებით დასრულებას არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“წევრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე:

„აღმოჩნდა, რომ აჭარის მთავრობასა და ცეცხლაძეს შორის გაფორმდა მორიგება, რომელიც დაამტკიცა სასამართლომ. ანუ, თუ არ მორიგდებოდნენ, ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა სააპელაციო სასამართლოში სასამართლო დავა. ამ მორიგების საფუძველზე, მას გადაეცა მიწის ნაკვეთი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. აქ არის გზისა და ტროტუარის ნაწილი და მორიგებაში წერია, რომ იგი სერვიტუტით უნდა დაიტვირთოს“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება - ამ შემთხვევაში კი აჭარის მთავრობა - აძლიერებს რეგიონში რუსულ გავლენებს. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის უკან დგანან რუსეთის მაღალჩინოსნები და მათი ინტერესებია ამაში...
გია აბულაძე

ბათუმის ახალი ბულვარის ტერიოტირიაზე, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოს, მდებარე 8 ათას კვ/მ-ზე მეტ ფართობზე, რომელიც ასლან აბაშიძის ყოფილი მაღალჩინოსნის ნათესავმა, ენვერ ცეცხლაძემ, დაიბრუნა, 100-ნომრიანი სასტუმროს აშენება იგეგმება. კომპანია კი, რომელიც სასტუმრო კომპლექსს ააშენებს, „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენია“, რომელიც 2017 წლის ივნისში ბათუმშია დარეგისტრირებული და რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი და 45 %-ის მფლობელი ზემოთ ნახსენები ენვერ ცეცხლაძეა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. კომპანიის კიდევ ერთი დირექტორი და 50 %-ის მფლობელი რუსეთის მოქალაქე მაგომედ ჩაბიევია. აღნიშნულ კომპანიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, k2 კოეფიციენტის გაზრდაზე მიმდინარე წელს ბათუმის მერიაში უშუამდგომლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დასაშვებზე უფრო მაღალი სიმაღლის შენობის აშენება შეუძლია.

„ეს კი ხელისუფლების მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე შეუძლებელია. აქ ორი რამ იკვეთება. პირველი, ეს არის კორუფციული გარიგება და მეორე ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება - ამ შემთხვევაში კი აჭარის მთავრობა - აძლიერებს რეგიონში რუსულ გავლენებს. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის უკან დგანან რუსეთის მაღალჩინოსნები და მათი ინტერესებია ამაში“, - ამბობს გია აბულაძე, ჭარის უმაღლესის საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლოში დავა იმ მიზეზით შეწყვიტეს, რომ, ერთი მხრივ, სასამართლომ აღიარა ენვერ ცეცხლაძის კანონიერი უფლება საკუთრებაზე, მეორე მხრივ კი, მასთან მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ, რომ დაბრუნებული ქონებიდან, რომელიცგზისა და ახალი ბულვარის ტერიტორიის ნაწილს - საერთო ჯამში, 4800 კვ მ ფართობის საჯარო სივრცეს - მოიცავს, მეპატრონე სახელმწიფოს გადასცემს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას რუსულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა:

ბათუმი
ბათუმი

„ჩვენთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ყველას, მიუხედავდ იმისა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს წარმოადგენენ, შეეწყოთ ხელი, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების განხორციელება, აგრეთვე დაწყებულ თუ საწყის ეტაპზე მყოფ პროექტებს ხელი არ შეეშალოთ, პირიქით, ხელი შეეწყოთ და მოხდეს რეგიონის ეკონომიკური განვითარება, მეტი ინვესტიციის გაბხორციელება და დასაქმების ადგილების შექმნა“.

ვიდრე შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე კომპანია „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“ 100- ნომრიან სასტუმროს ააშენებს, მანამდე ამ ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განკარგავს. სწორედ ამ სამსახურს ეკუთვნოდა ეს ტერიტორია და იქ არსებული შენობა მას შემდეგ, რაც ვარდების რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ იგი ასლან აბაშიძის ყოფილ უშიშროების მინისტრს, სოსო გოგიტიძეს, ჩამოართვა.

თავად სოსო გოგიტიძე კი ამ დროისთვის იძებნება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 2016 წელს ადამიანის გატაცების ნაწილში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სხვა დანაშაულებისთვის - 15-წლიანი პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG