Accessibility links

რუსეთში ისევ დააკავეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი


ალექსეი ნავალნი

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში საპროტესტო აქციაზე გამოსვლას აპირებდა. 41 წლის ნავალნიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ დააკავა, როცა სახლიდან გადიოდა, რათა მატარებლისთვის მიესწრო. ფილმებში რომ არის, ისეთი სცენა იყო: მანქანა გაჩერდა და პოლიციელები გადმოვიდნენო, წერს ნავალნი. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა ნიჟნინოვგოროდელებისადმი: თხოვნა, მაინც მივიდნენ მიტინგზე. ნავალნიმ ეს მოწოდება მოსკოვში, პოლიციის „დანილოვსკის“ განყოფილებაში, ჩაწერა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ნავალნი დააკავეს არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისაკენ განმეორებით მოწოდებისათვის, რაც რუსეთში ადმინისტრაციულ დარღვევად ითვლება. თავად ნავალნი უარყოფს, რომ კანონს არღვევს. ის აცხადებს ასევე, რომ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელთა საფუძველზეც 2013 წელს გაასამართლეს, პოლიტიკურად არის მოტივირებული - კრემლი ცდილობს არ დაუშვას არჩევნებში ოპოზიციონერის კანდიდატურის წამოყენება და დამაჯერებლობა მოაკლოს მის ბრძოლას რუსეთის მმართველ ელიტაში გავრცელებული კორუფციის წინააღმდეგ.

კრემლი უზარმაზარ საფრთხედ და შეურაცხყოფადაც კი აღიქვამს ამომრჩევლებთან ჩემს შეხვედრებს: მათთან შეხვედრებზე ხომ უფასოდ არავინ მიდის...
ალექსეი ნავალნი

2013 წელს მოსკოვის მერის არჩევნებში ნავალნი მეორე ადგილზე გავიდა, ახლა კი 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება. რუსეთის სხვადასხვა კუთხეში მოქმედებს მისი 60-ზე მეტი საარჩევნო შტაბი, მიუხედავად რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებისა, რომ ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს არა აქვს კანდიდატად რეგისტრაციის უფლება ნასამართლეობის გამო.

„კრემლი უზარმაზარ საფრთხედ და შეურაცხყოფადაც კი აღიქვამს ამომრჩევლებთან ჩემს შეხვედრებს: მათთან შეხვედრებზე ხომ უფასოდ არავინ მიდისო“, წერს ნავალნი ტვიტერში. ნიჟნი ნოვგოროდის - რუსეთში სიდიდით მეხუთე ქალაქის - ადგილობრივ ხელისუფლებას გაცემული აქვს 29 სექტემბერს მიტინგის ჩატარების სანქცია, მაგრამ, როგორც ნავალნის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, ლეონიდ ვოლკოვი, ასევე ტვიტერში წერს, ის ნიჟნი ნოვგოროდში დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, ხოლო მისი გუნდის წევრებმა გაავრცელეს ცნობა, რომ პოლიციამ დაშალა კარავი, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდში იყო მომზადებული ნავალნის მხარდამჭერი აქციისთვის განსაზღვრულ ადგილას.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ჰიუმან რაიტს უოჩმა“, მიმდინარე თვეში გამოაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება „სისტემატურად“ უშლის ხელს ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში - აწყობს რეიდებს მის საარჩევნო შტაბებში, „თვითნებურად“ აკავებს კამპანიაში მონაწილე მოხალისეებს და მიმართავს „სხვა ზომებს, რომლებითაც გაუმართლებლად ერევა კამპანიაში“.

27 სექტემბერს ნავალნიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქტ-პეტერბურგის მთავრობამ რამდენჯერმე უარყო მისი თხოვნა ქალაქის ცენტრში 7 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრის შესახებ. 7 ოქტომბერი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეა. რუსეთის ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, სანქტ-პეტერბურგში ამ აქციის შესახებ ნავალნის განცხადებები მიიჩნია „არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისაკენ განმეორებით მოწოდებად“, რომელთა გამოც ოპოზიციონერი 29 სექტემბერს დააკავეს.

ნავალნი აქამდეც მრავალჯერ დაუკავებიათ: ასე მოხდა, მაგალითად, წელს ივნისში, როცა ის მოსკოვში საპროტესტო აქციისაკენ მოწოდებით გამოდიოდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG