Accessibility links

როგორ ემზადება ნავალნი პუტინის დაბადების დღისთვის


ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ სანკტ-პეტერბურგის მთავრობამ რამდენჯერმე უარყო მისი თხოვნა ქალაქის ცენტრში 7 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრის შესახებ. 7 ოქტომბერი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეა. ალექსეი ნავალნიმ 27 სექტემბერს დაწერა თავის ვებსაიტზე, რომ მას ალტერნატივად შესთავაზეს სანკტ-პეტერბურგის განაპირა ადგილები, რომლებიც, ოპოზიციონერის აზრით, ფართომასშტაბიანი აქციისათვის არ გამოდგება.

ნავალნის თხოვნაზე უარის მიზეზი, სავარაუდოდ, უნდა ვეძიოთ პოზიციაში, რომელიც რადიო „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში გამოხატა კანონიერებისა და მართლწესრიგის საკითხებში საქალაქო კომიტეტის წარმომადგენელმა, ანდრეი კრასნოვმა: ნავალნის მხარდამჭერები „პროვოკატორები“ არიან და საჭირო არ არის ქალაქის ცენტრში იკრიბებოდნენო.

თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ნავალნი მხარდამჭერებს ატყობინებს, რომ კიდევ ერთხელ აპირებს სთხოვოს სანკტ-პეტერბურგის მთავრობას ცენტრში, მარსის ველზე, აქციის გამართვის ნებართვა. თუ ამჯერადაც უარს მიიღებს, მხარდამჭერებს შეხვდება სხვა ადგილას, ასევე ცენტრში მდებარე სასახლის მოედანზე, და გამართავს „მშვიდობიან მსვლელობას“ მარსის ველისაკენ.

თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებული მიმართვის ბოლოს ნავალნი მხარდამჭერებს ეკითხება, სწორად მიიჩნევენ თუ არა ასეთ გეგმას. მომდევნო დღის, 28 სექტემბრის, დილას გამოხმაურებების რიცხვი 1430-ს აღემატებოდა.

მას შემდეგ, რაც ალექსეი ნავალნიმ გასულ წელს გამოაცხადა, რომ 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, რუსეთის სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა მისი 60-ზე მეტი საარჩევნო შტაბი. ისინი მოქმედებს მიუხედავად რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებისა, რომ ნავალნის არა აქვს კანდიდატად რეგისტრაციის უფლება ნასამართლეობის გამო. საქმე ეხება მის გასამართლებას ფინანსურ დანაშაულში ბრალდებით, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

როგორც ცნობილია, მარტო ნავალნი არ ფიქრობს, რომ რუსეთის ხელისუფლება მის და მისი მხარდამჭერების უფლებებს ზღუდავს. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ მიმდინარე თვეში გამოაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება „სისტემატურად“ უშლის ხელს ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში - აწყობს რეიდებს მის საარჩევნო შტაბებში, „თვითნებურად“ აკავებს კამპანიაში მონაწილე მოხალისეებს და მიმართავს „სხვა ზომებს, რომლებითაც გაუმართლებლად ერევა კამპანიაში“.

ნავალნისაგან განსხვავებით, მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა არჩევნებისათვის საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას, თუმცა, საყოველთაოდ გავრცელებული ვარაუდით, ის კანდიდატურას წამოაყენებს და იოლად გაიმარჯვებს მორიგი - მეოთხე - ვადითაც.

7 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინს 65 წელი შეუსრულდება. მთავარმა ოპოზიციონერმა მას, შესაძლოა, სანკტ-პეტერბურგში არასანქცირებული მიტინგით „მიულოცოს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG