ოვაციების ხანგრძლივობით - პირველი ოფიციალური სეანსის დასრულების შემდეგ მაყურებელი ტაშს 25 წუთის განმავლობაში უკრავდა - “ნაზამ” ორი წუთით მოუგო შარშანდელ რეკორდსმენს, ტუნისელი რეჟისორის, კაუთერ ბენ ჰანიას „ჰინდ რაჯაბის ხმას“, რომელიც ღაზის სექტორში მოკლული პალესტინელი გოგონას ამბავს ეძღვნება.
წელს კაუთერ ბენ ჰანია თავად ვიხილეთ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურიში. გაჩნდა მოლოდინი, რომ რეჟისორი ქალი აუცილებლად იბრძოლებდა “ნაზასთვის” იმ “ოქროს ლომის” მოსაპოვებლად, რომელიც ტრიუმფალური პრემიერის მიუხედავად, შარშან ვერ მოიპოვა - ”ჰინდ რაჯაბის ხმა” მხოლოდ ფესტივალის გრან-პრით დაჯილდოვდა. მაგრამ მიუხედავად ხანგრძლივი ოვაციებისა, “ნაზა”, ვენეციის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი ერთადერთი დოკუმენტური ფილმი, ჟიურიმ ყველაზე “მცირე წონის” პრემიით, სპეციალური პრიზით აღნიშნა.
კინოფესტივალის დირექტორმა, ალბერტო ბარბერამ, ვენეციის კინობიენალეს პროგრამა ფესტივალის გახსნამდე ერთი თვით ადრე გაგვაცნო. საკონკურსო ფილმებს შორის მას “ნაზა” არ უხსენებია. ისრაელელი კინემატოგრაფისტების ნამუშევარი პროგრამაში ფაქტობრივად ბოლო წუთებში ჩართეს, ფილმის პრემიერა კი ფესტივალის ფინალისკენ დაიტოვეს. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური სკანდალების და საპროტესტო აქციების თავიდან აცილებას ემსახურებოდა. თუმცა ვენეციის ფესტივალის დირექცია სკანდალს მაინც ვერ გადაურჩა; ბარბერას გუნდს ორი მხრიდან დაარტყეს - “ნაზას” ჩვენებამ გააბრაზა აბრაჰამის და სზორის თანამემამულეები ისრაელში, ჟიურის გადაწყვეტილებამ კი - სწორედ ის ხალხი, რომელმაც ფილმის ავტორებს 25-წუთიანი ოვაციები მოუწყო. “ვენეციის ფესტივალმა ისევე შეირცხვინა თავი, როგორც შარშან. მისი ჟიური ისეთივე გაუბედავი აღმოჩნდა, როგორც შარშან” - წერდა “გარდიანის“ კინომიმომხილველი ვიქტორ ფრაგა.
სხვათა შორის, ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ფილმის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი და თანაპროდიუსერია, ხოლო “ნაზაში” მოყვანილი მასალები და ისრაელის არმიის 24 ანონიმური სამხედროს ჩვენება ეყრდნობა იუვალ აბრაჰამისა და “გარდიანის” ჟურნალისტების მიერ ერთობლივად ჩატარებულ ხანგრძლივ საგამოძიებო სამუშაოებს. “ნაზა” არ არის დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ პარტიზანულად გადაღებული ფილმი (როგორც ზოგჯერ ამტკიცებენ), პირიქით, მის უკან საკმაოდ ძლიერი მედიამხარდაჭერა და ჰოლივუდის წამყვანი ფიგურები დგანან, მათ შორის ჯონათან გლეიზერი, “ოსკაროსანი” ფილმის, “ინტერესთა ზონის” რეჟისორი. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ფილმს ოფიციალურ პრემიერაზე ასეთი ტრიუმფი ხვდა წილად. თუმცა ეს, თავისთავად, არანაირად არ ნიშნავს, რომ ვენეციის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ჩართულ ფილმს განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებები აქვს.
“ნაზას” პირველი ჩვენება ფილმის ოფიციალურ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე, ფესტივალზე აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის გაიმართა. სეანსმა სრულიად მშვიდად ჩაიარა. ფინალური ტიტრების გამოჩენას მოჰყვა ტაში, თუმცა ასეთი ოვაციები თითქმის ჩვეულებრივი ამბავია მედიისთვის განკუთვნილი სეანსის დასრულების შემდეგ.
მეორე დღეს (ფილმის ოფიციალურ პრემიერამდე კრიტიკოსებს არა აქვთ პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების უფლება) „გარდიანსა“ და უფრო მეტად ევროპულ, მემარცხენე პრესაში გამოქვეყნებულ დადებით შეფასებებთან ერთად, ფილმის კრიტიკაც ბევრგან შემხვდა.
აბრაჰამი და სზორი უკვე ცნობილი დოკუმენტალისტები არიან. სულ რაღაც ერთი წლის წინ მათ „ოსკარზე“, საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვეს თავიანთი ფილმით „სხვა მიწა არ არსებობს“, რომელიც პალესტინელებით დასახლებული ერთი სოფლის ყოველდღიურობას ასახავს. Naza სრულიად განსხვავებული ფორმატის ფილმია. აქ 24 ინსაიდერი თელ-ავივის ცათამბჯენის სახურავზე, კამერის წინ, მაგრამ დაფარული სახეებით და შეცვლილი ხმით, დეტალურად აღწერს იმ სამხედრო-ტექნოლოგიურ მექანიზმებს, ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, რომლებსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში იყენებენ. საუბარია, ერთი მხრივ, სამიზნეების გენერატორზე, ე.წ. ლავანდაზე, ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე მომუშავე მონაცემთა სისტემაზე, რომლის მიზანი ღაზის სექტორის მოსახლეობის მასობრივი სკანირებაა (პოტენციური სამიზნეების ე.წ. სიკვდილის სიების შექმნა) და სისტემაზე, სახელად „სად არის მამიკო?“, რომელიც რეალურ დროში აკონტროლებდა ეჭვმიტანილთა გადაადგილებას, ვინაიდან არმია არ ცდილობდა მტრის განადგურებას სამხედრო ობიექტზე, პრიორიტეტი ეჭვმიტანილთა სახლებში განადგურება იყო.
პრეტენზია, რომელიც ყველაზე ხშირად გამოითქმის „ნაზას“ ავტორების მიმართ, სწორედ რესპონდენტთა ანონიმურობაა. ფილმის კრიტიკოსები კითხულობენ: „თუკი მაყურებელს არ შეუძლია დაადგინოს, ეს 24 ადამიანი მართლაც სამხედრო ოფიცერია თუ უბრალოდ მსახიობი, მაშინ რატომ უნდა ვენდოთ ფილმს, როგორც დოკუმენტს?“
შეიძლება ამ ხალხმა არ იცის, რომ საგამომძიებლო ჟურნალისტიკაში ანონიმური წყაროების გამოყენება ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ანდა, უბრალოდ, ისინი არ ენდობიან ფილმის ავტორებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კარგად იცნობენ რესპონდენტების ბიოგრაფიას(3 წელი ამოწმებდნენ მათ). ამ უნდობლობას, ვფიქრობ, ქმნის „ნაზას“ ავტორების მეტისმეტად ღია და მკვეთრი პოზიცია, რომელიც ფილმში ადგილს უტოვებს მხოლოდ ერთ ნარატივს... როდესაც არ არსებობს წყაროების გადამოწმების დამოუკიდებელი მექანიზმი, ზღვარი დოკუმენტალისტიკას და ფაბრიკაციას შორის სრულიად იშლება ხოლმე.
შეიძლება ვენდობოდეთ ფილმის ავტორებს (და „გარდიანის“ ლოგოს), გვჯეროდეს იმის, რასაც ჰყვებიან ისრაელის არმიის ოფიცრები... შეიძლება შოკივით იმოქმედოს ფილმში ჩართულმა საზარელმა ქრონიკამ. მაგალითად, კადრმა, რომელშიც ღაზის სექტორში, ნანგრევებში მოყოლილი მამა სასოწარკვეთილი ეძებს თავის შვილებს... თუმცა რამდენიმე ძლიერი ეპიზოდი ვერანაირად ვერ გადაფარავს ფილმის ნაკლს, უკიდურეს სწორხაზოვნებას. თელ-ავივის მაცხოვრებელთა ყოფის გამოხატვა განათებული, კარგად მოწყობილი ბინებით და მათი დაპირისპირება ლამის ჯოჯოხეთად ქცეულ ღაზასთან იმდენად ხშირად მეორდება, რომ კარგავს მხატვრულ ძალას და იქცევა მაყურებლის ემოციებით ზედაპირული მანიპულირების ინსტრუმენტად, რათა ხელოვნურად შეიქმნას კონტრასტი სხვის ტრაგედიასა და თელ-ავივის სიმშვიდეს შორის. ეს კონტრასტი ემოციურად ეფექტურია, მაგრამ ანალიტიკურად ზედაპირული, რადგანაც გვერდს უვლის კონფლიქტის წინაპირობებს, 7 ოქტომბრის ტრაგედიის მასშტაბებს (მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე რამდენჯერმე ნახსენებია ფილმში) და ტერორისტულ ინფრასტრუქტურას, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკანაა აშენებული.
თვით „გარდიანის“ კინომიმომხილველი პიტერ ბრედშოუც კი იხსენებს, რომ ფილმში ერთ-ერთი სპიკერი ღაზის დაბომბვას „ნაციზმს“ ადარებს, რაც ბრედშოუს აზრით, არის „ზედაპირული, არასწორი, ესაა glib parallel-ი (ზედაპირული პარალელი), რაც აზიანებს კინოს და უფრო ათამამებს ფილმის ოპონენტებს მის ავტორებზე თავდასხმის პროცესში. ალბათ, სწორედ ამ ზედაპირულობამ და სწორხაზოვნებამ იმოქმედა, მაგალითად, აჰმად მანსურის გამოსვლაზე. ცნობილი ისრაელელი და გერმანელი ფსიქოლოგი იხსენებს იმ თვალცრემლიან ხალხს, რომელმაც ვენეციის პრემიერაზე „ნაზას“ ავტორებს 25-წუთიანი ოვაცია გაუმართა: „ისინი, ვინც ისრაელის საწინააღმდეგო ფილმს 25 წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს, არიან თუ არა მზად, უყურონ 47-წუთიან დოკუმენტურ ფილმს, რომელიც 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტების ტანზე დამაგრებული კამერებითაა გადაღებული?“ - კითხულობს აჰმად მანსური.
არსებითად ეს მიმართვა ეხება ვენეციის კინოფესტივალის დირექციასაც, რომელსაც არსად აუხსნია, რატომ ჩართეს „ნაზა“ ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მხატვრული ფილმების გვერდით და არ ჩართეს ვენეციის კინობიენალეზე ნაჩვენები სხვა დოკუმენტური ფილმები - უკრაინელ დოკუმენტალისტთა ახალი ნამუშევრები, ანდა თუნდაც სერგეი ლოზნიცას სამსაათიანი „იმპერია“, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლების საბჭოთა ყოფის სურათებს აღადგენს... ეს მიმართვა შეიძლება იმ თვალცრემლიან მაყურებელსაც ეხება, რომელიც აქტიურობს სიონიზმის წინააღმდეგ მოწყობილ აქციებზე, მაგრამ არასდროს სიტყვა არ დასცდენია უკრაინაზე, ანდა თუნდაც ირანის რეჟიმზე.
პირადად მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი დოკუმენტური ფილმის ჩართვის მხატვრული ფილმების კონკურსში (მგონი, ბევრს გადაავიწყდა და ისტორიას ჩაბარდა მაიკილ მურის შიშველი პუბლიცისტიკა „ფარენჰაიტი 9 11“, რომელიც 2004 წელს კანის ფესტივალის „ოქროს პალმით“ აღნიშნა კვენტინ ტარანტინოს ჟიურიმ), მით უმეტეს ისეთი ტიპის ფილმისა (რეალურად უფრო ჟურნალისტური გამოძიებისა), როგორიც „ნაზაა“. მაგრამ ვენეციის კინოფესტივალმა, მგონი, გაითვალისწინა ფილმის მთავარი ღირსება - მისი ავტორების გაბედულობა და დისკუსიის დაწყების სურვილი. ჯერ ერთი კვირაც არ გასულა ვენეციის 83-ე ფესტივალის დახურვიდან და უკვე ცხადი გახდა - იუვალ აბრაჰამი და რახელ ცური უაღრესად გულადი, თავგანწირული ახალგაზრდები არიან. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული კინემატოგრაფისტები, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან, მზად არიან სიცოცხლეც კი გაწირონ, ოღონდ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში სისხლიანი დაპირისპირება დასრულდეს.
ვენეციის ფესტივალის პრემიერის და ჯილდოს შემდეგ “ნაზას” ავტორების უსაფრთხოება სრულიად დარღვეულია. ისრაელის მთავრობამ (რომლის წევრებს “ნაზა” არ უნახავთ) ეს ადამიანები ქვეყნის მტრებად გამოაცხადა. კულტურის მინისტრის მოთხოვნას, აბრაჰამს და სზორს ჩამოერთვათ ისრაელის მოქალაქეობა, გამოეხმაურა ბენიამინ ნეთანიაჰუც. იგი საჯაროდ დაჰპირდა საზოგადოებას, რომ მიიღებს სპეციალურ კანონს, რომელიც მოქალაქეობას ჩამოართმევს ყველას ისრაელის ჯარის შეურაცხყოფისთვის. “მათი ადგილი ჩვენ გვერდით არ არის!” - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ხელისუფლების განცხადებებმა მწვანე შუქი აუნთო “ნაზას” გადაღებით უკმაყოფილო ისრაელელებს, რომლებმაც ფაქტობრივად “კუდიანებზე ნადირობა” გამოაცხადეს. არ დაინდვეს არც ის ათასზე მეტი ისრაელის მოქალაქე, რომლებიც აბრაჰამის და სზორის მხარდამჭერ კინემატოგრაფისტებს შეუერთდნენ და სოლიდარობის პეტიციას მოაწერეს ხელი. ადამიანები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან ობსკურანტულ სიძულვილში და ცენზურის აღდგენას, “ნაზას” ავტორებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, ქონების კონფისკაციას, სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგენასა და ღაზაში დეპორტაციისაც კი მოითხოვენ.
მიუხედავად ასეთი აგრესიისა კინოს მიმართ, რომელიც ისრაელში არავის უნახავს, ფილმის და მისი ავტორების დამცველები ამბობენ, რომ „ნაზამ“ უკვე შეასრულა თავისი როლი - დისკუსიას ნეთანიაჰუს მთავრობის პოლიტიკაზე დაემატა ახალი კითხვები: რამდენადაა შესაძლებელი დემოკრატია მილიტარიზირებულ საზოგადოებაში? შეიძლება თუ არა საჯაროდ იმ არმიის კრიტიკა, რომელიც ტერორისტებს ებრძვის?
ცნობილმა ისრაელელმა პოლიტიკოსმა, პარტია „დემოკრატიული არჩევანის“ დამფუძნებელმა და ლიდერმა რომან ბრონფანმა თავის ფეისბუკგვერდზე დაწერა:
„ჩემი აზრით, ფილმი „ნაზა“ საუკეთესო რამაა, რაც ისრაელს საერთაშორისო ასპარეზზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავს გადახდენია.
ფილმი მსოფლიოს უჩვენებს, რომ არსებობს სხვა ისრაელიც — ჰუმანისტური, თანასწორობაზე ორიენტირებული, მშვიდობისა თუ თანაცხოვრების მომხრე ქვეყანა სისხლისღვრით გაჟღენთილ ახლო აღმოსავლეთში; და რომ ქვეყნის შიგნით არსებობენ მნიშვნელოვანი ძალები, რომლებიც მზად არიან, ადამიანური ღირებულებებისთვის იბრძოლონ...
ამავდროულად, ეს სულაც არ აკნინებს იმ ტკივილსა და მწუხარებას, რომელიც 7 ოქტომბრის კატასტროფის მსხვერპლთა გამო არსებობს.“
ფორუმი