Accessibility links

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი საერთო სასამართლოების მიმართ ბოიკოტის რეჟიმში გადადის და ადვოკატებს აცილებას აძლევს. ვანო მერაბიშვილის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის დასკვნას: 28 ნოემბერს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლთან ერთად.

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის დასკვნით, ვერ დადგინდა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი იყო მისი პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება.
  • სასამართლომ დამაჯერებლად მიიჩნია მტკიცება ვანო მერაბიშვილის გვიან ღამით საკნიდან გაყვანის ფაქტის შესახებ.
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქართველოს სახელმწიფოს ვანო მერაბიშვილისთვის 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატები საერთო სასამართლოებში მიმდინარე პროცესებს ჩამოშორდებიან, პროცესებს არ დაესწრება არც თავად ბრალდებული. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ბოიკოტის რეჟიმში გადავიდეს ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესის დაწყებისას გამოაცხადა. ადვოკატის თანახმად, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადასტურა ვანო მერაბიშვილის ბრალდება მისი ციხიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ საწყის ეტაპზე საერთოდ არ ჩაატარა გამოძიება, შემდგომ პერიოდში ჩატარებული გამოძიებით კი დანაშაულის არარსებობის ფაქტი დაადგინა:

“სტრასბურგმა მიიჩნია, რომ მერაბიშვილი საკნიდან იყო გაყვანილი და მისგან ხელისუფლება ითხოვდა აბსოლუტურად სხვა მიზნებს და შეფარული მიზნები არსებობდა - ჟვანიას საქმეზე ჩვენებას, მიხეილ სააკაშვილის ეგრეთ წოდებულ ანგარიშებთან დაკავშირებით ინფორმაციას. ამ გარემოებებთან დაკავშირებით მერაბიშვილისთვის ცნობილია და იგი, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, უნდობლობას უცხადებს საქართველოს საერთო სასამართლოებს“.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად აღიარა. შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოების მიმართ ნდობის არარსებობის პირობებში ვანო მერაბიშვილი ქართულ მართლმსაჯულებას პროტესტს ბოიკოტის ფორმით უცხადებს. თავის მხრივ, სასამართლო პროცესზე განმარტებები გააკეთა სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელმა, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმაც. კერძოდ, მან ვანო მერაბიშვილი და მისი დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას 7 ნოემბრის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს:

“სასამართლომ ცალსახად აღნიშნა თავის გადაწყვეტილებაში, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს საქმეში ბრალდებული ივანე მერაბიშვილის მიმართ არ ყოფილა პოლიტიკური მოტივით განხორციელებული დევნა, მის მიმართ შეფარდებული მისი დაკავება, მის მიმართ შეფარდებული პატიმრობა შესაბამისი იყო კონვენციის მე-5 მუხლთან“.

სტრასბურგის სასამართლოში განხილული საქმე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებასა და წინასწარ პატიმრობას შეეხებოდა. კერძოდ, საჩივარში იგი მიუთითებდა, რომ ამ ზომების მიღმა არსებობდა ფარული მიზანი - პოლიტიკიდან ჩამოეშორებინათ. საჩივარში მერაბიშვილი აცხადებდა, რომ დაკავებიდან რამდენიმე თვეში მთავარმა პროკურორმა ის ღამით საკნიდან მალულად გაიყვანა იმისთვის, რომ მისი პატიმრობა გამოყენებული ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის უცხოური საბანკო ანგარიშებისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას, გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლისთვის.

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო სტრასბურგში
ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო სტრასბურგში

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ უცვლელად დატოვა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2016 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილება. კერძოდ, დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები), მეხუთე მუხლის პირველ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება). კონვენციის მე-18 მუხლი ადგენს, რომ შეზღუდვების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლის გამოც ეს შეზღუდვები დაწესდა. დიდი პალატის დასკვნით, ვერ დადგინდა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი იყო მისი პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება, თუმცა სასამართლომ დამაჯერებლად მიიჩნია მისი მტკიცება გვიან ღამით საკნიდან გაყვანის ფაქტის შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქართველოს სახელმწიფოს ვანო მერაბიშვილისთვის 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

ძალიან მეეჭვება, რომ მინისტრთა კომიტეტი დათანხმდეს სხვა რომელიმე ღონისძიების გატარებას ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ მოსთხოვოს სახელმწიფოს გათავისუფლება...
დავით ჯანდიერი

ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, თუ რა სამართლებრივ შედეგებს გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება, რთულია ექსპერტისთვის საერთაშორისო სამართლის საკითხებში, დავით ჯანდიერისთვის. იგი ამბობს, რომ მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოსთან ერთად უნდა განსაზღვროს იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. დავით ჯანდიერი ვარაუდობს, რომ მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება იქნება:

“ძალიან მეეჭვება, რომ მინისტრთა კომიტეტი დათანხმდეს სხვა რომელიმე ღონისძიების გატარებას ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ მოსთხოვოს სახელმწიფოს გათავისუფლება, იქიდან გამომდინარე, რომ მას ასეთი პრაქტიკა აქვს ყველა იმ საქმესთან მიმართებაში, რომელზეც მე-18 მუხლის დარღვევა მოხდა“.

ვანო მერაბიშვილი, დავით ჯანდიერის შეფასებით, კონვენციის საწინააღმდეგო პატიმარია. რაც შეეხება საქართველოს საერთო სასამართლოებისა და პროკურატურისადმი გამოცხადებულ ბოიკოტს, იგი ფიქრობს, რომ ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო. დავით ჯანდიერის აზრით, ის უნდა ცდილობდეს შიდა ინსტანციებში მიმდინარე პროცედურები გამოიყენოს, რათა, დარღვევების შემთხვევაში, განმეორებით მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

29 ნოემბერს კი, ადვოკატების აცილების გამო, ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე ერთი კვირით გადაიდო. მომავალ პროცესზე მის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG