Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპა 2015 და 2016 წლებში


ბერლინის კედელი
ბერლინის კედელი

ყოველკვირეულ პროგრამა „ახალ ევროპაში“ დღეს შევეცდებით განვლილი წლის შეჯამებას და ვისაუბრებთ მომავალი წლის მთავარ ამოცანებზე, რომელთა წინაშეც ევროკავშირი და ევროპის დანარჩენი ქვეყნები დგანან.

ბერლინის კედლის დაცემიდან 25 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, 2015 წელს, ევროპის ზოგ ქვეყანაში კვლავ აღიმართა ბარიერები მიგრანტების ნაკადის გამო, რომლის მსგავსიც ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ უნახავს. 2016 წელს ბრიუსელს მოუწევს არამარტო გაარკვიოს, როგორ შეიკედლოს ან ვინ შეიკედლოს ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან, აზიიდან ომებსა და სიღარიბეს გაქცეული ასიათასობით მიგრანტიდან. მას მოუწევს მუშაობა მიგრაციის ნაკადთან დაკავშირებულ საკითხებზეც - მაგალითად, მსჯელობა ევროპის დიდ ნაწილში - შენგენის ზონაში - აღარარსებული სასაზღვრო კონტროლის ისევ შემოღების შესაძლებლობაზე. სასაზღვრო კონტროლის აღდგენის მოწოდებები უფრო ხმამაღლმა გაისმის მას შემდეგ, რაც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა 13 ნოემბერს პარიზში 130 ადამიანი დახოცეს.

საკუთრივ ევროკავშირის წევრებს რაც შეეხება, ბრიუსელის განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული ბრიტანეთისაკენ, სადაც 2016 წელს გაიმართება რეფერენდუმი ევროკავშირიდან გასვლა-არგასვლის საკითხზე. ბრიტანეთის გასვლის, ანუ ე. წ. ბრექსიტის შემთხვევაში ევროკავშირს სიდიდით მეორე ეკონომიკა გამოეცლებოდა. მძიმე გამოწვევაა მოსკოვთან ურთიერთობაც - ევროკავშირის ზოგ ქვეყანას იმდენად ძლიერი ინტერესი აქვს აღადგინოს ვაჭრობა რუსეთთან, მის 140 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომ ბრიუსელში მოელიან მზარდ დაპირისპირებას მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელების მომხრე და მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის. ასეთია მოკლედ ევროპის მთავარი პრობლემები, მთავარი თემები. ახლა უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ სამ მთავარ გამოწვევაზე, რომლებზე მუშაობაც ბრიუსელს 2016 წელს მოუწევს.

დავიწყოთ მიგრაციით: 22 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, მილიონს გადააჭარბა წელს ევროკავშირში საზღვაო და სახმელეთო გზებით ჩასული ლტოლვილებისა და მიგრანტების რიცხვმა. მოელიან, რომ 2016-ში მათი ნაკადი არათუ არ შემცირდება - სავარაუდოდ, გაიზრდება კიდეც. ევროკომისიამ ნოემბერში გამოთქვა ვარაუდი, რომ 2016 წლის ბოლოსთვის სამ მილიონამდე გაიზრდება ევროკავშირში ჩასული ლტოლვილებისა და დანარჩენი მიგრანტების რიცხვი.

არადა, ბრიუსელი ოპერატიულობით ვერ დაიკვეხნის მის წინაშე მდგომ ამ, ბევრის აზრით, ურთულეს ამოცანასთან გამკლავების მცდელობისას. ნელა რეაგირების მთავარი მიზეზია აზრთა სხვაობა თავად ევროკავშირის რიგებში: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - მათ შორის, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი - უარს ამბობენ დიდი რაოდენობით ლტოლვილების მიღებაზე: როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განმარტა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში, „ქრისტიანული ევროპა უნდა დავიცვათო“. როგორც ჩანს, ამ მიზნით უნგრეთმა ბარიერი აღმართა თავის საზღვარზე, რომლის გავლითაც ცდილობდა მიგრანტების უმრავლესობა შენგენის ზონაში მოხვედრას. საზღვრებზე ბარიერების აღმართვის უნგრეთის მაგალითს მიბაძა მაკედონიამ, ავსტრიამ, სლოვენიამ...

ამასობაში, ბრიუსელი სამ მილიარდ ევროს დაჰპირდა თურქეთს, თუ ისსირიიდან ევროკავშირისაკენ მიმავალ ლტოლვილებს შეაჩერებს თავის ტერიტორიაზე, ბანაკებში მათთვის რიგიანი პირობების შექმნით. პოლიტოლოგი ჯუდი დემპსი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ მთავარ გარემოებაზე, რომელზეც დამოკიდებულია მიგრანტთა კრიზისის მოგვარება:

სირიელი მიგრანტები მაკედონიაში
სირიელი მიგრანტები მაკედონიაში

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ლტოლვილთა კრიზისს, სირიის ომია. უნდა მოველოდეთ თუ არა შეთანხმებას ყველა დაპირისპირებულ ძალასა და სხვა ჯგუფებს შორის იმაზე, როგორ დაასრულონ ომი? ვფიქრობ, ეს მეტად რთული საკითხია. როგორია საუდის არაბეთის ინტერესები? როგორია ირანის ინტერესები? ან რუსეთის ინტერესები? ევროპის, ამერიკის ინტერესები? ეს პრობლემა კიდევ კარგა ხანს იარსებებს“ - და თუ ვენდობით ჯუდი დემპსის ამ პროგნოზს, რომ სირიის კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემა კიდევ კარგა ხანს იარსებებს, ვერ მოგვარდება ვერც ევროკავშირში მიგრაციის ნაკადით გამოწვეული კრიზისი.

ახლა შემდეგ გამოწვევაზე, რომლის მოგვარებაზე ზრუნვაც ევროკავშირს 2016 წელს მოუწევს - ეს არის შენგენის ზონის საკითხი.

მიგრაციის კრიზისი - უწინარეს ყოვლისა, საბერძნეთის უუნარობა, გააკონტროლოს თავისი საზღვრები, რომლებსაც ზღვის გავლით კვეთს ასიათასობით მიგრანტი, უწინარეს ყოვლისა, ევროკავშირის სხვა, ჩრდილოეთში მდებარე ქვეყნებში მოსახვედრად - სადავოს ხდის შენგენის ზონის არსებობის მიზანშეწონილობას. როგორც უკვე ვთქვით, პარიზში 13 ნოემბრის სისხლისმღვრელი ტერაქტების შემდეგ კიდევ უფრო ხმამაღლა გაისმის მოწოდებები, გაუქმდეს ევროკავშირის 22 წევრის და კიდევ ოთხი ქვეყნის მომცველი ზონა, რომელშიც სასაზღვრო კონტროლი გაუქმებულია.

ეს დისკუსია განსაკუთრებით საყურადღებო იქნება საქართველოსთვისაც მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 18 დეკემბერს გამოაქვეყნა დადებითი ანგარიში საქართველოს მიერევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე და, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რეალურად შეექმნათ 2016 წლის შუა პერიოდიდან ევროკავშირში, შენგენის ზონაში, უვიზოდ გადაადგილების პერსპექტივა.

ევროკავშირის წინაშე მდგომ გამოწვევებს შორის არის ულტრამემარჯვენეების გაძლიერებაც.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის არსებობას უკავშირდება ამ კონტინეტზე არნახული კეთილდღეობა და მშვიდობა, ბრიუსელს ბევრი აკრიტიკებს გადაწყვეტილებების მიღების, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესის გამო, ფართოდ არის გავრცელებული მიგრანტების საწინააღმდეგო განწყობებიც - ამ ყველაფრით განვლილი წლის მანძილზე კარგად ისარგებლეს ქსენოფობებმა, ფაშისტებმა და სხვა ულტრამემარჯვენეებმა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი გაძლიერების ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდება.

პარიზი ტერაქტების ღამეს
პარიზი ტერაქტების ღამეს

პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ, ახალი მხარდამჭერები შეემატა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულ ფრონტს“. 6 დეკემბერს რეგიონალური არჩევნების პირველ რაუნდში მან სარეკორდო მაჩვენებლები აღრიცხა - მას ერგო ყველაზე მეტი ხმა საფრანგეთის ექვს რეგიონში. თუმცა არჩევნების მეორე რაუნდი უკვე წარუმატებელი გამოდგა... პოლიტოლოგ ჟან-ივ კამიუს თქმით, ულტრამემარჯვენეები ევროპაში ჩასულ მიგრანტებს აღიქვამენ და წარმოსახავენ არა როგორც ლტოლვილებს ან მიგრანტებს, არამედ როგორც ევროპაში შეჭრილ ძალებს.

ულტრამემარჯვენეები ძლიერდებიან სკანდინავიაშიც კი, რომლის ქვეყნებიც, ჩვეულებრივ,ტოლერანტულებად ითვლებიან.

„ამავე დროს, ვხედავთ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის რენაციონალიზაციას. ასე იყო ბოლო წლებში, მომავალში ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება. ევროპის კავშირის შიგნით ბევრ საკითხზე საერთო პოზიცია, სამწუხაროდ, კიდევ უფრო შესუსტდება და არა პირიქით“, - ვარაუდობს ექსპერტი ჯუდი დემპსი.

XS
SM
MD
LG