Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულინგი - სასკოლო ოინი თუ ნორმად ქცეული ძალადობა?


თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლა
თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლა
ერთი თვის წინ გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომლის თანახმად, კვლევაში მონაწილე მოსახლეობის თითქმის ნახევარი ბავშვთა მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს. ცოტა უფრო ადრე, 2008 წელს, ამავე ფონდმა სკოლებში არსებული ძალადობის - ბულინგის - შემთხვევებიც შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ბავშვების 80%-მა თანატოლების მხრიდან ერთხელ მაინც განიცადა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა. რამდენად სერიოზულად დგას ბულინგის პრობლემა საქართველოში და რა კეთდება იმისათვის, რომ ბულინგი საზოგადოებისათვის მისაღებ ქმედებად, ნორმად არ იქცეს?

თინა 11 წლისაა. ის სამი თვეა სათვალეს ატარებს. სამი თვეა დღეგამოშვებით მოდის და ამბობს, რომ კლასელები ბრუციანს ეძახიან. ასლანი მისი ტოლია. ასლანი ცელქია და მასწავლებელი, როცა მასზე ბრაზდება, თათარს ეძახის და კუთხეში აყენებს. ნინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, გაკვეთილებს კარგად ვერ იმახსოვრებს. სოფო, ანა და თამუნა ეუბნებიან, რომ მას სკოლის ჟურნალის მომზადების პროცესში ვერ ჩართავენ, რადგან „დებილია“. თინა ამბობს, რომ ყოველდღე უწევს იმის მტკიცება, რომ სათვალე დასაცინი არ არის. ეს მხოლოდ ნინის ესმის. ნინიმ თინას მიმართ სოლიდარობის ნიშნად მისნაირი სათვალე გაიკეთა, ოღონდ უნომრო. ეს თბილისის ერთ-ერთი სკოლის შიდა სამზარეულოა. ბავშვებმა სიტყვა ბულინგის მნიშვნელობა ჯერ არ იციან, მაგრამ თანატოლების აგრესიით გამოწვეულ დისკომფორტს აშკარად განიცდიან. ბულინგი პრობლემაა მსოფლიოში და პრობლემაა საქართველოშიც.
ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც ძირითადად მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის დაჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება. შესაძლოა, ერთი ბავშვი ძალადობდეს მეორეზე ან ჯგუფი - ჯგუფზე, ანდა ჯგუფი - ერთ კონკრეტულ ბავშვზე. ბულინგის მიზეზი კი შეიძლება გახდეს ვიღაცის განსხვავებულობა, ფიზიკური ნაკლი, განსხვავებული აზრი და სხვ.

კავშირ "საფარის" სამედიცინო დირექტორი სოფო ტაბაღუა ბულინგს თბილისის ერთ-ერთ სკოლაში 2007 წელს იკვლევდა. ამ კონკრეტულ სკოლაში თანატოლებმა ორჯერ დაჭრეს ერთმანეთი ცივი იარაღით. რამდენიმე მოზარდი მათი ქცევის გამო სკოლიდან გარიცხეს კიდეც. სოფო ტაბაღუა იხსენებს, რომ 2008 წელს, „უსაფრთხო სკოლის“ კონცეფციასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მანდატურის სამსახური შემოიღო, რის შემდეგაც ფიზიკური ძალადობით დასრულებულმა ბულინგის შემთხვევებმა სკოლებში იკლო, თუმცა მას შემდეგ, ბულინგთან ბრძოლის თვალსაზრისით, სახელმწიფოს აქტიურობა აღარ ჩანს. ამ პრობლემის გადაწყვეტა, სოფო ტაბაღუას აზრით, სკოლებზეა მინდობილი, თუმცა ამომწურავი კვლევა, თუ რა ხდება ჩვენთან ბულინგის თვალსაზრისით, საქართველოში არ ჩატარებულა.

ხშირად ბავშვები, რომლებიც სხვის მიმართ ავლენენ აგრესიას, უფრო მეტად არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი, თავად აქვთ სადღაც ნანახი ბევრი აგრესია, ან ოდესღაც მათ მიმართ იძალადა ვინმემ და დღეს უკვე მათ შეუძლიათ სხვაზე განავრცონ იგივე...
სოფო ტაბაღუა
„სკოლების გარდა, არსებობს არაერთი სხვა ინსტიტუციაც, სადაც შესაძლებელია ბულინგი გავრცელდეს: ბავშვთა დაწესებულებები, მაგალითად, სკოლა-პანსიონები, იგივე სამტრედიის სკოლა-პანსიონის ტიპის დაწესებულებები, სადაც ბავშვები ერთად ცხოვრობენ. სკოლა, თავისთავად, მოზარდთა შორის ძალადობისათვის რამხელა სივრცეა... ერთიანი სურათი, თუ რა ხდება ამ დაწესებულებებში, არ არსებობს“.

ბულინგში ხშირად ფიზიკური ზიანის მიყენებაზე სახიფათო ფსიქოლოგიური ზიანია. მოძალადის მიერ მსხვერპლის მიმართ ნასროლი ფრაზები ხშირად ისე მტკივნეულად აღიქმება, რომ მსხვერპლის ისედაც მყიფე თვითშეგნება კიდევ უფრო დაბლა იწევს. სოფო ტაბაღუას ვკითხეთ, ვინ ხდება, როგორც წესი, ბულინგის მსხვერპლი ან თავად ე.წ. ბულერი:

„ხშირად ბავშვები, რომლებიც სხვის მიმართ ავლენენ აგრესიას, უფრო მეტად არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი, თავად აქვთ სადღაც ნანახი ბევრი აგრესია, ან ოდესღაც მათ მიმართ იძალადა ვინმემ და დღეს უკვე მათ შეუძლიათ სხვაზე განავრცონ იგივე. მსხვერპლი კი არის ხოლმე ის, ვინც რაიმე ნიშნით სუსტია, ან გამორჩეულია გარეგნული სისუსტით ან ავადმყოფობით და ა.შ.“.

ახალი სასწავლო წლის დასაწყისი, 2010 წელი.
ახალი სასწავლო წლის დასაწყისი, 2010 წელი.
სოფო ტაბაღუა მიიჩნევს, რომ ბულინგი არ არის, უბრალოდ, სასკოლო ოინი, როგორც ეს მშობელთა უმრავლესობას ჰგონია. მათ არ იციან, რომ ცნობილი ფსიქოლოგის, ბულინგის მკვლევარის დან ოლვეუსის გამოკვლევის თანახმად, ბულინგის ინიციატორი ბიჭების 40 პროცენტი მოზარდობის შემდეგ კრიმინალურ გზას ირჩევს. ოპტიმისტური სურათი არც ბულინგის მსხვერპლთა შემთხვევაშია:

„მაგალითად, ბიჭმა, რომელიც წლები ბულინგის მსხვერპლი იყო მისი კლასელის მხრიდან, ერთ დღესაც აიღო და დანა დაარტყა მას. კოლონიაში მყოფმა კი მოგვიანებით თქვა, ყელში ამომივიდა მისგან ჩემი დაჩაგვრაო. ამ გზით, თავისი ჭკუით, ბიჭმა პრობლემა გადაწყვიტა. ისიც საკითხავია, სად წაიღებს მსხვერპლი ამ დაგროვილ აგრესიას. აუცილებლად გამოავლენს სადმე - ან ცხოველს დაუწყებს წვალებას, ან თავისზე სუსტის ძებნას შეუდგება, ძალადობის ეს ენერგია უკვალოდ არ ქრება“.

ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) 2007-2008 წლებში ჩაატარა. მაშინ შეისწავლეს ამ მხრივ სკოლებში არსებული ვითარებაც. „იუნისეფის“ საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე გვეუბნება, რომ ამ გამოკვლევის თანახმად, ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო - ბავშვების დაახლოებით 80% განიცდიდა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას:

„გამოკვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მთლიანობაში, ბავშვთა 80% განიცდიდა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას. სკოლებში უფრო ხშირია ბავშვებს შორის ძალადობა. ბულინგი ყველგან ხდება - სკოლის ეზოში, სკოლისაკენ მიმავალ გზაზე, უფრო ისეთ ადგილებში, სადაც მათ ვერავინ გააკონტროლებს“.

მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება არის უფრო შედეგიანი, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდები...
არცთუ იშვიათად, ბავშვი, რომელიც თავადაა ძალადობის მსხვერპლი და მის მიმართ თუნდაც მშობლები იყენებენ ძალადობრივ მეთოდებს, იმასვე იმეორებს სხვა სივრცეში. დასჯა ამ შემთხვევაში ვერ იქნება გამოსავალი, გვეუბნება მაია ქურციკიძე. საჭიროა ისეთი პოლიტიკა ოჯახშიც და სკოლებშიც, რომელიც ისეთ ნორმებს წაახალისებს, როგორიცაა კონფლიქტის არაძალადობრივი მეთოდებით გადაჭრა, მოსმენა, ტოლერანტობა და ა.შ. იუნისეფმა 2012-2013 წლებში კიდევ ერთი გამოკვლევა გამოაქვეყნა, რომელიც უკვე ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას სწავლობდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ბავშვთა მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს:

„მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება არის უფრო შედეგიანი, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდები“.

ამავე გამოკვლევის თანახმად, საზოგადოების 94%–ს ესმის, რომ ბავშვისთვის საზიანოა, თუ ის ოჯახში ძალადობის მომსწრეა. ამის მიუხედავად, უმეტეს შემთხვევაში საზოგადოება ოჯახის „შიდა საქმეებში“ გარეშე პირთა ჩარევის წინააღმდეგია.

სოციალურ ქსელ ფეისბუკში გახსნილია ერთი გვერდი, რომლის მთავარი პერსონაჟი ერთი პატარა ბიჭია, რომელსაც არც ხელები აქვს, არც ფეხები და, საერთოდაც, ძალიან მახინჯია. ამ ბიჭს ყველა უბედურება ემართება, რაც კი ადამიანს შეიძლება დაემართოს და, რაც მთავარია, მას სულ დასცინიან. დასცინიან იმიტომ, რომ შიდსი აქვს, იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, იმიტომ, რომ კიბო აქვს და ა.შ. გვერდი მოსწონს დახლოებით 12 000 ადამიანს. ყველა აღფრთოვანებულია იმ ახალ-ახალი შავი იუმორით, რომლითაც ამ ვირტუალურ ბიჭს დასცინიან. ამ გვერდის მომხმარებლები ფიქრობენ, რომ რადგან ბიჭი სინამდვილეში არ არსებობს, არც მის მიმართ ბულინგია პრობლემა. სინამდვილეში, ამას კიბერბულინგი ჰქვია. მისი განვითარება სოციალური ქსელების/ინტერნეტსივრცის აქტიურ გამოყენებას მოჰყვა შედეგად. სოფო ტაბაღუა განმარტავს, რომ კიბერბულინგი, ტრადიციული ბულინგის მსგავსად, აგრესიას, ძალადობას და ჩაგვრის გავრცელებას უწყობს ხელს. მას, განსხვავებით ტრადიციული ბულინგისგან, ფსიქოლოგიური ძალადობის კიდევ უფრო მეტი გამოხატვის საშუალება აქვს. აქ მაღალია ანონიმურობა, ანუ უფრო მეტი საშუალება გაქვს გამოხატო ის, რასაც პირისპირ არ გამოხატავ, ხელი იოლად მიგიწვდება ყველა იმაზე, ვისზეც გინდა გაავრცელო აგრესია. დამამცირებელი მოპყრობა შესაძლოა გახდეს "მთელი სამეგობრო ჯგუფისთვის" დასანახი. კიბერბულინგი მოზარდის მიერ მძაფრად აღიქმება და, შესაბამისად, ემოციური ზიანი მაღალია.

ბულინგი არ არის მხოლოდ ინციდენტები და ცალკეული შემთხვევები. ყველაზე დიდი პრობლემა კულტურაა. ის იმ კონტექსტისგან შედგება, სადაც ის ხდება. ბულინგს ქმნიან ის ადამიანები, ვისთვისაც მისაღებია აგრესიაზე დაფუძნებული ურთიერთობა...
აბა არგანაშვილი
სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი, ფსიქოლოგი ანა არგანაშვილიც მიიჩნევს, რომ პრობლემაა, როცა სიძულვილის გამომხატველი ენით დაწერილ ხუმრობებზე ხალხი იცინის:

„თუ შენ სიძულვილის ენით ლაპარაკობ, თუნდაც ხუმრობ და ამაზე ხალხი იცინის, ესე იგი ძალიან ცუდად არის საქმე. მაგალითად, კიბოს მქონე ბავშვს, რომელიც წაიკითხავს მაგ ანეკდოტს, არა მგონია, გაეცინოს. ბულინგის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია, მიმღები მაინც არ ვიყოთ და არ დავუშვათ, რომ შენი თანდასწრებით იხუმრონ, მაგალითად, ქალებზე, როგორც სუსტ თუ უტვინო არსებებზე, ან სხვა რასის წარმომადგენელზე და ა.შ., რადგან ამით ამკვიდრებ ასეთ კულტურას“.

ანა არგანაშვილი, რომელიც ამჟამად წარმოადგენს ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, მოზარდებს შორის ბულინგის საკითხს ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა. ბულინგის პრობლემა არაერთხელ მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშებშიც. ანა გვეუბნება, რომ ბულინგი ყველაზე საშიში იმიტომაც არის ბავშვებსა და მოზარდებში, რომ ის ხშირად ჩვევაში გადაიზრდება ხოლმე და უკვე ზრდასრული ადამიანები ვერც კი ხვდებიან, რომ ეს განსხვავებული ქცევაა. აი, რა დაადგინა ანამ წლების განმავლობაში ამ საკითხის შესწავლის შედეგად:

„ბულინგი არ არის მხოლოდ ინციდენტები და ცალკეული შემთხვევები. ყველაზე დიდი პრობლემა კულტურაა. ის იმ კონტექსტისგან შედგება, სადაც ის ხდება. ბულინგს ქმნიან ის ადამიანები, ვისთვისაც მისაღებია აგრესიაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ადამიანები, რომლებიც ამართლებენ რაღაცის მოპოვებას ჩაგვრით, და ის ადამიანებიც, რომლებსაც არ შეუძლიათ ხმა აიმაღლონ და შეეწინააღმდეგონ ბულინგს, თუნდაც მათ ეს არ ეხებოდეთ“.

პრობლემა არის ის, ამბობს ანა არგანაშვილი, რომ ბავშვები ბულინგს ხედავენ ტელევიზორში და ეს მათთვის მისაღებია. დიდები ამას ბავშვობის დროს შეეჩვივნენ. შესაბამისად, მიღებულია ასეთი აგრესიული და ჩაგვრასა და ღირსების შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ქცევა. ამის წინააღმდეგ კი ადამიანები ხმას მანამ არ იმაღლებენ, სანამ ეს პრობლემა თავად არ შეეხებათ. ანა არგანაშვილი ასევე შენიშნავს, რომ ბულინგმა შესაძლოა ადამიანს სუიციდისკენ უბიძგოს. თუმცა ყველაზე სახიფათო ტენდენციად ანა არგანაშვილს ბულინგის ნორმად ქცევა მიაჩნია.

იდენტიფიკაცია, გარკვეული შემთხვევების მედიაცია და კონფლიქტის მოგვარება და, ცხადია, დანაშაულის ან დანაშაულებრივი ქმედების თავიდან არიდება...
ლევან ზარდალაშვილი
იმას, რაც სკოლაში ყოველდღიურად ხდება, პედაგოგებისა და მოსწავლეების გარდა, მანდატურის სამსახურიც ხედავს, კერძოდ კი, ამ სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის თანამშრომლები. ცენტრის ხელმძღვანელი ლევან ზარდალიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სკოლებში ბულინგის ფაქტების საკმარისად საგანგაშო რაოდენობას ვხვდებით. ხანდახან მისი მსხვერპლი არის მასწავლებელიც ან, სულაც, მისი მხრიდან ხორციელდება ეს, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად მოზარდებზე.

სხვათა შორის, სამიოდე კვირის წინ ამერიკელმა კონსულტანტებმა სწორედ ბულინგის იდენტიფიცირების შესახებ და მსხვეპლთან მუშაობის კუთხით 40 მანდატურს ჩაუტარეს ტრენინგი. თუ აქამდე მანდატურის ფუნქცია მხოლოდ დარღვევების აღრიცხვა იყო და აქ მისი საქმე სრულდებოდა, ამბობს ლევან ზარდალიშვილი, ამიერიდან მანდატურის ფუნქცია იცვლება - მას ერქმევა ბავშვთა დაცვის ოფიცერი და მის ფუნქციებში შევა:

„იდენტიფიკაცია, გარკვეული შემთხვევების მედიაცია და კონფლიქტის მოგვარება და, ცხადია, დანაშაულის ან დანაშაულებრივი ქმედების თავიდან არიდება“.

ლევან ზარდალიშვილი, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვეუბნება, რომ ყველაზე გავრცელებული დღეს სკოლებში ბავშვების ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ ერთი რომელიმე ბავშვის (ან, შესაძლოა, რამდენიმე ბავშვის) დაჩაგვრაა. თუმცა, მისივე თქმით, მათი ცენტრისთვის ბულინგის შემთხვევები მხოლოდ მათი გამწვავების შემდეგ ხდება ცნობილი:

„ეს ძალიან გავრცელებულია სკოლებში. მაგალითად, აითვალწუნებენ ხოლმე ახალგადმოსულ ბავშვს ან გამორჩეულად წესიერ ბავშვს. საბედნიეროდ, ძალიან ცოტაა შემთხვევები, როცა რომელიმე პედაგოგი რომელიმე ბავშვს გამუდმებით ჩაგრავდა. შეიძლება, რომ პატარებშიც იყოს ბულინგის მარტივი ფორმები, მაგრამ უფრო საშიშ სახეს ის მოზარდებში იღებს“.

ბულინგის პრობლემის გამოვლენაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს აკისრია. ბულინგის თემაზე პედაგოგებისათვის ტრენინგების ჩატარება უახლოეს მომავალში იგეგმება. ზოგადად, ბულინგი კომპლექსური პრობლემაა, გვეუბნება ლევან ზარდალიშვილი. მისი პრევენციის ერთ-ერთი გამოცდილი მეთოდია ლაშქრობები. ამ ტრადიციის აღდგენა სკოლებში უახლოეს მომავალში იგეგმება. ზარდალიშვილს იმედი აქვს, რომ ეს მეთოდი, როცა ლაშქრობაში ერთად წაიყვანენ ბულინგის გამტარებელს და მსხვერპლს, ამ პრობლემის მოგვარებაში თავის წილ როლს შეასრულებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG