Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: ადვოკატები დაკავებულ დეკანოზს ვერ იცავენ


უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან 5 დღის შემდეგ, გაუთქმელობის ხელწერილის გამო, მის დაცვის მხარეს ისევ არა აქვს საქმის დეტალებზე ლაპარაკის უფლება, მაშინ როცა მთავარმა პროკურატურამ დაკავებული მამალაძე უკვე საჯაროდ დაადანაშაულა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ნატრიუმის ციანიდით მოწამვლის დაგეგმვაში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე ლაპარაკის უფლება არც სახალხო დამცველს ჰქონდა, თუმცა უჩა ნანუაშვილი, რომელმაც გიორგი მამალაძე 14 თებერვალს საპატიმროში მოინახულა, აცხადებს, რომ ამის უფლება მას კანონით ენიჭება, ხოლო დაცვის მხარის შეზღუდვა „სერიოზულ დარღვევას“ წარმოადგენს. პროცესი კვლავაც პოლიტიკოსთა და სასულიერო პირთა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

გადმოწერა

ხმაურიანი მითქმა-მოთქმისა და კამათის ფონზე, საქმის დეტალების გარშემო პრაქტიკულად ხმას ვერ იღებს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარე. ადვოკატები გიორგი ფანცულაია და ია ნოზაძე ამბობენ, რომ მოსაყოლი ბევრი აქვთ, მაგრამ ისინი დასმულ შეკითხვებს ვერ პასუხობენ და ხშირად ახსენებენ გაუთქმელობის ხელწერილს, რომელიც მათ პროკურატურამ ჩამოართვა. გიორგი მამალაძის დაცვის მხარემ პროკურატურას გაუთქმელობის ვალდებულების უმოკლეს დროში გაუქმების მოთხოვნით 14 თებერვალს მიმართა, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი რადიო თავისუფლებასთან გამოხატავს მზაობას, რომ კვალიფიციურ ადვოკატებს - ფანცულაიასა და ნოზაძეს - მისი ორგანიზაცია ყოველმხრივ ამოუდგეს მხარში და არ დაუშვას „სამარცხვინო“ პროცესის გაგრძელება:

„ეს არის, ვფიქრობ, უწესო გადაწყვეტილება პროკურატურის მხრიდან, რომ დაცვის მხარე ჩააყენოს არათანაბარ პოზიციაში - თვითონ, რაზეც უნდათ, გააკეთონ განცხადება და დაცვის მხარე, ფაქტობრივად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეზე არის გაჩუმებული. ამით ხდება ადვოკატის დისკრედიტაცია. ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო, რასაც ამკვიდრებს საქართველოს პროკურატურა“.

ბრალდების მხარეს აქვს სრული უფლება ისაუბროს საქმის დეტალებზე, ხოლო დაცვის მხარეს რაღაცის თქმის უფლება არ გააჩნია. ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული, დარღვევა და მე ვფიქრობ, რომ ეს დარღვევა გამოსწორდება ძალიან მალე...
უჩა ნანუაშვილი

ე.წ. „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებული დეტალები საზოგადოებას ამ დრომდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდების მხარემ მიაწოდა. სწორედ მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 10 თებერვალს დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გეგმავდა „ნატრიუმის ციანიდით“ მოეწამლა მაღალი წოდების სასულიერო პირი და სწორედ ამის გამო მიემგზავრებოდა გერმანიაში, ანუ იქ, სადაც იმ დროისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თანმხლებ პირებს უკვე ჩაყვანილი ჰყავდათ სამკურნალოდ. მთავარ პროკურატურას სავარაუდო მსხვერპლის ვინაობა არ დაუსახელებია, მაგრამ 13 თებერვლის საგანგებო პრესკონფერენციის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში როგორც სასულიერო პირები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები აშკარად მიანიშნებდნენ, რომ ციანიდის სამიზნე თავად პატრიარქი იყო.

ის ფაქტი, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს დაცვის საშუალება პრაქტიკულად არ ეძლევათ, სერიოზულ დარღვევად მიაჩნია სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, თუმცა, როგორც მან ოთხშაბათს განაცხადა, აქვს იმედი, რომ დაცვის მხარე მალე შეძლებს თავისი უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებას:

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაცვის მხარეს უნდა მიეცეს საშუალება დაიცვას კონკრეტული ბრალდებული, რადგანაც ჩვენ ვიხილეთ სიტუაცია, როდესაც მათ რეალურად ეს უფლება წართმეული აქვთ იმ გაგებით, რომ ბრალდების მხარეს აქვს სრული უფლება ისაუბროს საქმის დეტალებზე, ხოლო დაცვის მხარეს რაღაცის თქმის უფლება არ გააჩნია. ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული, დარღვევა და მე ვფიქრობ, რომ ეს დარღვევა გამოსწორდება ძალიან მალე“.

ამ დღეებში შენიშვნა თავად უჩა ნანუაშვილმაც მიიღო. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ომბუდსმენს გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ საპატიმროდან ამბის გამოტანა არ მოუწონა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელი ასევე თვლის, რომ პროკურატურამ სათქმელი და არსათქმელი დეტალები თავად უნდა შეარჩიოს:

ეკა ბესელია
ეკა ბესელია

„ველოდებით, რა დოზითაც იქნება შესაძლებელი მასალების გასაჯაროება, იმ დოზით მოახდენენ ისინი საზოგადოების ინფორმირებას... მე არა მგონია, რომ პირადი საუბრების შინაარსი უნდა გამოეტანა გარეთ უჩას (ნანუაშვილს), სახალხო დამცველს“.

„თუკი უფლებების დარღვევას აღმოაჩენს, სახალხო დამცველი არავის შეეკითხება, რა გაახმოვანოს და რა არა“ - ასეთი პასუხი მიიღო ეკა ბესელიამ უჩა ნანუაშვილისგან, რომელიც თავისი მართებული ქმედებების გარანტად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს სახალხო დამცველის შესახებ. სამშაბათს, გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, არ აღიარებს, რომ მას ციანიდი აღმოუჩინეს და, საერთოდ, მთელ ამ ამბავს დეკანოზი მის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად მიიჩნევს. ომბუდსმენმა ილაპარაკა ასევე დაკავებულის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზეც და ამ საკითხს 15 თებერვალს გამოეხმაურა სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილიც. მან განაცხადა, რომ ბრალდებულის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში, ცნობილი გახდა, რომ გიორგი მამალაძე რუსთავიდან თბილისში, ე. წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

პარალელურად, კვლავაც გრძელდება დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის. მთავარი თემები კვლავაც გავლენების გადანაწილებისა და საპატრიარქოს ქონების გაფლანგვა-განკარგვის გარშემო ტრიალებს. სასულიერო პირების ერთი ნაწილი თვლის, რომ გიორგი მამალაძე სწორედ ამ დარღვევების მხილების მსხვერპლი გახდა. სწორედ ამ კონტექსტში ილაპარაკა 14 თებერვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ (ცაავამ). მან დეკანოზ მამალაძის თავდებით გათავისუფლება მოითხოვა და ძალიან მძიმე ბრალდებებით გამოვიდა საპატრიარქოში დაწინაურებული პირების მისამართით. 15 თებერვალს მას ბერლინიდან უპასუხა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილმა), რომელიც თვლის, რომ საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებული ამბები გამოგონილია პატრიარქის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მძიმე საკითხის გადასაფარად.

რადგან სასულიერო პირთა მწვავე დაპირისპირებაში საპატრიარქოს ქონების დატაცებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციული გარიგებების თემა ფიგურირებს, რესპუბლიკური პარტია კიდევ ერთხელ ახმაურებს სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსების თემის გადახედვის აუცილებლობას. როგორც 15 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს პარტიის ლიდერებმა, საპატრიარქოს უკვე მიღებული აქვს სახელმწიფოსგან 200 მილიონ ლარზე მეტი და ცალკეა კიდევ გადაცემული მასშტაბური ღირებულების უძრავი ქონება. რესპუბლიკური პარტია სვამს შეკითხვას - რატომ არის საქართველოს მოსახლეობა ვალდებული, რომ ასეთი სიმდიდრით მოამარაგოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG