Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსურად ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი და მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის


მწერლების შეხვედრა ახალგაზრდებთან
მწერლების შეხვედრა ახალგაზრდებთან

ლილი ბესტაევი-კასრაძე აგვისტოს ომის მუზეუმში ოსურად გამოცემული ვეფხისტყაოსნით მივიდა. ბიძამისი, გიორგი ბესტაუთი, ცნობილი ოსი პოეტი და მთარგმნელი იყო, რომელმაც ვეფხისტყაოსანი ოსურად თარგმნა და გამოსცა. ოჯახში შემორჩენილი ეს წიგნი ლილი ბესტაევმა ქართველ მწერლებს აჩუქა და საკუთარი ისტორიაც უამბო. ათი წლის წინ მას შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად სცემეს - შერეული ოჯახის შვილობა მაშინ დანაშაულად ჩაუთვალეს.

ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმში თანამედროვე მწერლები - დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი - საოკუპაციო გამყოფი ხაზის სამი სოფლის - ერგნეთის, მეღვრეკისისა და ტირძნისის - ახალგაზრდებს შეხვდნენ, წიგნები საჩუქრად გადასცეს და ევროპული ღირებულებების შესახებ ესაუბრნენ. „მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“- ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ევროპის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და თანამედროვე ქართველი მწერლების ახალგაზრდებთან შეხვედრებს ითვალისწინებს. რეგიონებში ისინი უკვე ასეულობით ახალგაზრდას შეხვდნენ. მწერლების აზრით, რუსული პროპაგანდის გავლენის ზრდის პირობებში ახალგაზრდების ინფორმირება და მათთვის სიმართლის თქმა მნიშვნელოვანი საკითხია. ლაშა ბუღაძის აზრით, საოკუპაციო ხაზის სოფლებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

მეღვრეკისის სკოლის მოსწავლე ოლიკო მაისურაძე ამბობს, რომ ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებში წიგნის კითხვისა და განათლების მიღების სურვილი იზრდება, რადგან ქართველი მწერლები საკუთარ ლექციებში ახალგაზრდების მოტივირებას ახდენენ.

დავით ტურაშვილის თქმით, ყველაზე კარგად ახალგაზრდებს ესმით, რომ ევროპული არჩევანი საქართველოს ისტორიული არჩევანია და საბჭოთა წარსული თავს მოხვეული არჩევანი იყო, ამიტომ, მისი აზრით, ეს განწყობა სულ უფრო მეტად ძლიერდება, განსაკუთრებით - საზოგადოების ახალგაზრდულ ნაწილში.

აგვისტოს ომის მუზეუმი გასული წლის ზაფხულში ერგნეთის მცხოვრებმა ლია ჩლაჩიძემ საკუთარი დამწვარი სახლის სარდაფში მოაწყო. მთელ სოფელში ომისგან ნახევრად განადგურებული ექსპონატები შეაგროვა სწორედ იმის სათქმელად, რომ ომს ტრაგედიისა და უბედურების მეტი არაფერი მოაქვს.

მეღვრეკისის სკოლის მოსწავლე ოლიკო მაისურაძე ამბობს, რომ ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებში წიგნის კითხვისა და განათლების მიღების სურვილი იზრდება, რადგან ქართველი მწერლები საკუთარ ლექციებში ახალგაზრდების მოტივირებას ახდენენ.

განათლება, წიგნიერება, განვითარება, სახელმწიფოს გაძლიერება და სწრაფვა დასავლური ღირებულებებისკენ - მხლოდ ასე შეიძლება რუსულ პროპაგანდას ნიადაგი გამოეცალოს. მწერლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კიდევ არაერთ შეხვედრას გეგმავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG