Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპი საქართველოში


საქართველოს ეწვია რომის პაპი ფრანცისკე
საქართველოს ეწვია რომის პაპი ფრანცისკე

საქართველოს ესტუმრა რომის პაპი ფრანცისკე. 30 სექტემბერს ის შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური საქართველოს კათოლიკეებისთვის ლოცვას აღავლენს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დაათვალიერებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, რის შემდეგაც, 2 ოქტომბერს, ბაქოში გაფრინდება.

პაპი საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:51 0:00
გადმოწერა

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო შეძახილებით დახვდნენ. პაპ ფრანცისკეს კათოლიკე სასულიერო პირებსა და მორწმუნეებთან ერთად აეროპორტში შეეგებნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოსა და ვატიკანის სახელმწიფო ჰიმნების მოსმენის შემდეგ რომის პაპის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაემგზავრა, გზად კი რამდენიმე ათეული მართლმადიდებელი სასულიერო პირისა და მრევლის აქცია დახვდა ლოზუნგებით: „ვატიკანი სულიერი აგრესორია“, „შორს საქართველოდან, ანტიქრისტე“.

სიყვარულთან ერთად, რომელიც აღგვამაღლებს, აქ განსაკუთრებული ადგილი უკავია მეგობრობას. „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“, კვლავ შეგვახსენებს პოეტი. მინდა გულწრფელად ვემეგობრო თქვენს ქვეყანასა და ხალხს...
პაპი ფრანცისკე

ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ მედიისთვის დახურულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ისაუბრა საქართველოს როლზე მსოფლიოში უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარების საკითხში; შეეხო, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს:

„ორ დღეში კაცობრიობა თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას - გერმანიის გაერთიანებას - აღნიშნავს. კაცობრიობამ მოახერხა ძალადობის გარეშე გადაეჭრა ურთულესი პოლიტიკური პრობლემა და აღედგინა ისტორიული სამართლიანობა. ეს მაგალითი შთამბეჭდავია ჩემი ქვეყნისთვისაც და მე მჯერა, რომ საერთაშორისო ჩართულობით, ერთიანობით, არაღიარების მტკიცე პოლიტიკითა და აგრესიის დაუშვებლობით უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია“.

პრეზიდენტთან საუბარში ამავე თემას შეეხო პაპი ფრანცისკეც. მან ილაპარაკა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეთნიკური, ენობრივი, პოლიტიკური თუ რელიგიური განსხვავებულობა და რომ ეს არ უნდა გახდეს უთანხმოების წყარო:

საქართველოს ეწვია რომის პაპი ფრანცისკე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:33 0:00

„საამისოდ კი ყოველ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი სპეციფიკურობის სრულად და სასიკეთოდ გამოყენება, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, შესაძლებლობა უნდა მიეცეს მშვიდობიანად იცხოვროს საკუთარ მიწაზე ან დაბრუნდეს იქ, თუ რაიმე მიზეზით მოუწია მისი დატოვება“.

გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კათოლიკე ეკლესიის მეთაური ილია მეორეს ესტუმრა და მას ასე მიმართა:

„პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ. იესომ უხმო მათ, მიეტოვებინათ ბადე და ერთად გამხდარიყვნენ ადამიანების მებადური. უძვირფასესო ძმაო, დაე, უფალმა იესომ ახლებურად შემოგვხედოს, დაე, კვლავაც მივყვეთ მის მოწოდებას, რათა მივატოვოთ ყოველივე ის, რაც გვაბრკოლებს უფლის სუფევის ერთად განცხადებაში“.

რომის პაპი ფრანცისკე
რომის პაპი ფრანცისკე

​პაპმა ფრანცისკემ ილაპარაკა ასევე თავის დამოკიდებულებაზე საქართველოსადმი, ქვეყნის კულტურასა და მის მნიშვნელობაზე ქრისტიანულ სამყაროში:

„ქართველ ხალხს სჩვევია ვაზის ნაჟურით შესვას მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობების სადღეგრძელო. სიყვარულთან ერთად, რომელიც აღგვამაღლებს, აქ განსაკუთრებული ადგილი უკავია მეგობრობას. „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“, კვლავ შეგვახსენებს პოეტი. მინდა გულწრფელად ვემეგობრო თქვენს ქვეყანასა და ხალხს“.

ვატიკანელ სტუმარს ილია მეორემ საჩუქრად ხატი გადასცა, ხოლო რომის პაპმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს - ბიბლიის ეგზემპლარი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რომის პაპი ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებას შეხვდა და ლოცვა აღავლინა.

1 ოქტომბერს ის მიხეილ მესხის სტადიონზე წმინდა მესას აღასრულებს, მოინახულებს, ასევე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, 2 ოქტომბერს კი ბაქოში გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG