Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს ხომ საქართველოა


ნორმალურია, როცა გპატიჟებენ და მიდიხარ.

საშინელებაა, როცა არ გპატიჟებენ და მაინც მიდიხარ.

შესანიშნავია, როცა გპატიჟებენ და არ მიდიხარ.

ეს სერგეი დოვლატოვის სიტყვებია, ჩემი არ გეგონოთ, თუმცა ძალიან უხდება დღევანდელ რეალობას - პრეზიდენტის ინაუგურაციაზე წასვლა-არწასვლის საოცრად სასიამოვნო დილემას.

მესამე ვერსია ყველაზე მიმზიდველია: სადღაც გელიან, შენ კი მოუცლელობის გამო არ მიდიხარ, მაღლა დგები ამ ყველაფერზე.

როგორ მინდოდა სკოლაში სწავლის დროს გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა, მაგრამ არც ერთხელ არ მეყო გამბედაობა. წარმოიდგინეთ, გპატიჟებენ დაბადების დღეზე, ვინც მოგწონს, იქაა, მაგრამ შენ არ მიდიხარ და ძალიან ბევრს ამბობ ამ “არმისვლით”, ან ყოველ შემთხვევაში, გინდა რომ ამბობდე.

სოციალურ გვერდებზე უკვე ბევრმა გამოდო თავისი მოწვევა: “დამპატიჟეს და არ მივდივარ”.

ჰო, ეს ძალიან სასიამოვნოა, რად უნდა ამას თქმა...

“არწასვლის” შეტყობინება გამოდო მოქმედმა პრეზიდენტმაც, მაგრამ ეს უფრო კონკრეტული, “დაბადების დღეზე არმიმსვლელი” ადამიანის არწასვლის ამბავი იყო, ვიდრე პრეზიდენტის, რადგან პრეზიდენტი, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა წასულიყო.

არწასვლის ერთ-ერთი მიზეზი, არ დავმალავ, ჩემთვისაც გასაგებია: არ მესმის, რატომ უნდა იჯდეს ციხეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, როცა არსად გაქცევას არ აპირებს, არ ემალება სასამართლოს და ამასთან ერთად დამატებითი საბაბიც ეძლევათ სკეპტიკოსებს, რომ ეჭვის თვალით უყურონ ქართულ დემოკრატიას.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუკი სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე გვაქვს პრეტენზია, ვფიქრობ, უნდა ავცდეთ მიმდინარე პოლიტიკურ კონტექსტს და შევქმნათ პირველი ისტორიული პრეცედენტი საქართველოში - ძველი პრეზიდენტები ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას უნდა დაესწრონ.

ეს ხომ მართლაც პირველად ხდება, როცა პრეზიდენტი თავისი ვადის ამოწურვამდე დარჩა თანამდებობაზე. როგორ და რა ტანჯვით, სხვა საკითხია, მაგრამ ხომ ფაქტია! ვიცი (ანკი რა ცოდნა ამას უნდა), ბოღმები ვართ, ვერ ვიტანთ ერთმანეთს, საკუთარი თავები მიგვაჩნია ყველაზე ჭკვიანებად და სამართლიანებად, ნერვები გვეშლება, როცა არა ჩვენ, არამედ სხვა ხვდება ყურადღების ცენტრში, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ ქვეყნისთვის იქნებოდა კარგი, “სოციალური რასიზმი” დაგვეძლია და პრეზიდენტები ერთმანეთის გვერდით დამდგარიყვნენ. ეს ხომ სიმბოლური, მაგრამ ჩვენი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი იქნებოდა.

არავის სჭირდება მიხეილ სააკაშვილის მისვლა გიორგი მარგველაშვილის დაბადების დღეზე, ეს ძველი პრეზიდენტი უნდა მიდიოდეს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეული ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. რა მნიშვნელობა აქვს სახელ-გვარებს და კონტექსტებს!

აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ არ მესმის, რატომ არ შედის ახალი პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში? რას ნიშნავს “ქონება ხალხს უბრუნდება”? ვინაა “ხალხი”? როგორ უბრუნდება? ან რატომ არის “ხალხის” რომელიღაც უნივერსიტეტი და არ არის მისივე არჩეული პრეზიდენტის რეზიდენცია? და თუკი ზედმეტად დიდია, რატომ არ შეიძლება დამატებითი ფუნქციით შევსება? რაკი წინა პრეზიდენტის სადგომი იყო, ამიტომ გვეთაკილება? რა, კედლებია შებილწული თუ უცენზურო წარწერები დატოვა ფანჯრის მინებზე? თუ ასეა, მაშინ რატომ არის ნაკლებად სათაკილო პრემიერისთვის და პრეზიდენტისთვის კომუნისტური ცეკას მდივნების შენობაში მუშაობა და არა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში? ხუთი წლის მერე რაღა ვქნათ? იქნებ აღარც შემდეგმა პრეზიდენტმა მოინდომოს წინამორბედის რეზიდენციაში შესვლა (და ვინ დადებს თავს, რომ არ მოინდომებს)? როგორ მოვიქცეთ, ყველა ქუჩაზე ახალ-ახალი რეზიდენციები ვაშენოთ “ხალხის” ფულით?

არ შეიძლება, ხუთი წლით, ან თუნდაც ხვალ - 17 ნოემბერს, დავივიწყოთ ჩვენი სახელ-გვარები და ერთი დღით მაინც ვიცხოვროთ “სახელმწიფო ინსტიტუტების” ცხოვრებით?

არა, ალბათ, არ შეიძლება.

ეს ხომ საქართველოა...
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG