Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარე vs პრეზიდენტი


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

როგორი იქნება კონსტიტუციის პროექტის ის რედაქცია, რომელიც საერთო-სახალხო განხილვის საგანი უნდა გახდეს? ამ კითხვაზე პასუხი დიდწილად დამოკიდებულია დავაზე, რომელმაც თავი იჩინა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალოს არა 2023 წელს, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ გადაწყვიტა, არამედ 2018 წლიდან. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ატარებენ პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას.

პარლამენტის თავმჯდომარე VS პრეზიდენტი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:50 0:00
გადმოწერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც, იმავდროულად, სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეცაა, იმედოვნებს, რომ კომპრომისი, რომელიც, მისი თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით იქნა მიღწეული, აზრს არ დაკარგავს პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანიის გამო, თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, მიმდინარე პროცესები საპირისპიროზე მიუთითებს:

„არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრეზიდენტის თაოსნობით. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, ამ სისტემაში თანხმდება პარტიებთან, თანაც თავისი აპარატის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია, თავის ადმინისტრაციის უფროსის მეშვეობით ხვდება პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ექსპერტებს და მათთან თანხმდება იმაზე, თუ როგორ უნდა მიიტანონ შეტევა საქართველოს პარლამენტზე“.

ეს შეხვედრები არის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, მასში ჩართულია ქართული მედია და ჩვენ როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ისე საპარლამენტო უმრავლესობას არაერთხელ შევთავაზეთ ამ შეხვედრებში მონაწილეობა. მინდა, რომ კიდევ ერთხელ ეს შეთავაზება იყოს ძალაში...
გიორგი აბაშიშვილი

პასუხად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ არანაირი შეტევა საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაზე არ ხორციელდება. გიორგი აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტი მარგველაშვილი კამპანიას “კონსტიტუცია ყველასია” ღიად და საჯაროდ მართავს:

„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან არასწორ ინფორმაციას არასწორი აქცენტებით. საქართველოს პრეზიდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან. ეს შეხვედრები არის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, მასში ჩართულია ქართული მედია და ჩვენ როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ისე საპარლამენტო უმრავლესობას არაერთხელ შევთავაზეთ ამ შეხვედრებში მონაწილეობა. მინდა, რომ კიდევ ერთხელ ეს შეთავაზება იყოს ძალაში“.

ბევრად რადიკალურია საქართველოს პრეზიდენტი, რომლის თქმითაც, პრობლემა ის არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციას ცვლის ყოველნაირი კომპრომისისა და შეთანხმების გარეშე, ერთპიროვნულად:

„სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც შედიოდა კომისიაში, დატოვა კომისიის შემადგენლობა და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის ხელმოწერილი ეს დოკუმენტი. ამიტომაც დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხალხის სამსჯავროზე ამ ძირითადი კანონის გამოტანა და ჩვენი დახმარებით გაწონასწორება, დაბალანსება ამ ძირითადი დოკუმენტის. არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების ამბიციების შემკრები. არასოდეს არ მივაჭრია ამ თემით და არც არავინ არ იფიქროს, რომ ამ საკითხზე შეიძლება მევაჭროს“.

პრეზიდენტის ამ ნათქვამის კომენტირებისას პოლიტიკის ექსპერტები შენიშნავენ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ვერ იქცა ყველა გავლენიანი ინსტიტუციის თანაბარ ასპარეზად. ალიკა კუპრავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი, ამბობს, რომ პროცესები თავიდანვე არაჯანსაღად წარიმართა.

„პრეზიდენტმა, მიუხედავად იმისა, ეთანხმებოდა თუ არა კონსტიტუციის შეცვლის მოტივაციას, შესთავაზა მმართველ უმრავლესობას თანათავმჯდომარეობა. თანხმობის შემთხვევაში პროცესი დამატებით ლეგიტიმაციას შეიძენდა, თუმცა მმართველმა ძალამ, იქიდან გამომდინარე, რომ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და შესწევს უნარი შეცვალოს კონსტიტუცია, პრეზიდენტს უარი უთხრა თანათავმჯდომარეობაზე. ამით უმრავლესობამ უპატივცემულობა გამოხატა პრეზიდენტისადმი. იგივე გააკეთა შემდეგაც, როცა პრეზიდენტს კომისიაში კვოტა განუსაზღვრა. ზოგადად, სახელმწიფოს მეთაური ძნელია წარმოვიდგინოთ საკონსტიტუციო კომისიაში რიგით წევრად“, უთხრა რადიო თავისუფლებას ალიკა კუპრავამ. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ მოცემულ დავაში პრობლემას ქმნის საპარლამენტო უმრავლესობის უკომპრომისო პოზიცია.

ვახტანგ ძაბირაძე
ვახტანგ ძაბირაძე

„როდესაც გამოდის ხელისუფლება და ამბობს, ჩავატარებთ პრეზიდენტის არჩევნებს 2018 წელს პირდაპირი წესით, მაგრამ მერე ამბობ, თუ ჭკუით არ იქნებით, მაშინ 2018 წელს არჩევნებს სხვაგვარად ჩავატარებ, ეს არის აშკარა მუქარა, მაგრამ მუქარა არა პრეზიდენტისადმი, არამედ საზოგადოებისადმი. ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლა თვლის, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს, და როცა ასეთ განწყობას უპირისპირდები, თუ ჭკუით არ იქნებით, მე ამას ვიზამ, საქართველოში ამას მოაქვს ყოველთვის საწინააღმდეგო შედეგი“, უთხრა ვახტანგ ძაბირაძემ რადიო თავისუფლებას.

პოლიტიკის ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებს განაპირობებს ბიძინა ივანიშვილის ნეგატიური დამოკიდებულება პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მუქარასა და ულტიმატუმს, ამასთან დაკავშირებით ალიკა კუპრავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი, ამბობს:

„ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ჩვენ, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ გამოდის იმ ხიბლიდან და ცდუნებიდან, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქვია და, ჩემი აზრით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის მოცემულობა, რომელიც პარლამენტში გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით, გადატანილი იქნას კონსტიტუციის ტექსტში“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG