Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფართო კონსენსუსის გარეშე დამტკიცებული კონსტიტუცია


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი

117 მომხრე 2-ის წინააღმდეგ - 26 სექტემბერს კენჭისყრის ასეთი შედეგით დამტკიცდა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც ბოლო თვეებში მწვავე კამათისა და დაპირისპირების საგნად იქცა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ახალი კონსტიტუცია „დახვეწილია“ და ის სახელმწიფოს გაძლიერებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მხოლოდ საკუთარი მიზნებით იხელმძღვანელა და უგულებელყო როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესები, ასევე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მისამართით კვლავაც უკმაყოფილებას გამოხატავს მესამე სექტორი და მისი განსაკუთრებული კრიტიკა მაჟორიტარული არჩევნების წესის სრულად გაუქმების 2024 წლამდე გადავადებას შეეხება.

გადმოწერა

„ეს არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, როცა მან დეპუტატებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დასამტკიცებლად წარუდგინა. ითქვა, რომ დაძლეულია წლების განმავლობაში გამეფებული უარყოფითი ტრადიცია და ამიერიდან საქართველოს პირველად ექნება კონსტიტუცია, რომელიც არ იქნება მორგებული „მმართველი ძალის ინტერესებზე“:

„ვერ იპოვით ვერც ერთ მუხლს ახალ დოკუმენტში, რომლითაც მმართველი ძალა იუმჯობესებს საკუთარ სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს. არ არის არც ერთი მუხლი... ამის სანაცვლოდ, არის უამრავი მუხლი, სადაც მმართველი პარტია იუარესებს საკუთარ სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს და ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოში გაგრძელდეს დემოკრატიული განვითარების პროცესი და გაგრძელდეს სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა“.

როდესაც კონსტიტუციის ახალი რედაქციის ღირსებებზე ლაპარაკობს, ირაკლი კობახიძე განსაკუთრებით უსვამს ხაზს ისეთი საკითხების დახვეწასა და მოწესრიგებას, რომლებიც უკავშირდება: სახელმწიფოს სუვერენიტეტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, სახელმწიფო ენის დაცვას თუ დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპების გამყარებას.

ახალი კონსტიტუცია
please wait

No media source currently available

0:00 0:03:20 0:00

თუმცა პოლიტიკური ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოპტიმისტურ ხედვას კატეგორიულად არ იზიარებს. ისევე როგორც ბოლო თვეებში, უთანხმოების გამომწვევ მთავარ საკითხებს შორის სამშაბათსაც დასახელდა: პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადება. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის თქმით, საკონსტიტუციო პროცესი ხელისუფლებამ ფარსად აქცია:

„დღეს ჩვენ აქ მოვედით საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას. ხალხი, რომელსაც თქვენ ართმევთ საკუთარი პრეზიდენტის არჩევის უფლებას და ხალხი, რომელსაც თქვენ ართმევთ შემდეგ არჩევნებზე ხელისუფლების თავისუფალი, მშვიდობიანი არჩევნების გზით ჩანაცვლების შესაძლებლობას, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას“, მიუხედავად ყველაფრისა, საკადრის პასუხს გასცემს შემდეგ არჩევნებზე“.

ამ განცხადების გაკეთების შემდეგ, მალევე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მანამდე პარლამენტის სხდომას ასევე პროტესტის ნიშნად გამოეთიშა „ევროპული საქართველო“. თუმცა ვიდრე ეს მოხდებოდა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ხელისუფლებას ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის შეფასებათა იგნორირებაც შეახსენა:

„ვენეციის კომისიას რისთვის უგზავნიდით?! ჯერ ხომ გაუგზავნეთ (კონსტიტუციის პროექტის) ერთი ვარიანტი ვენეციის კომისიას? გადააგდეთ... მიიღეთ სხვა ვარიანტი... მერე, ორი მოსმენის მერე გაუგზავნეთ და ველოდებით დასკვნასო... და მოგივიდათ დასკვნა და არაფერს არ ითვალისწინებთ და ისე მიგყავთ პროცესი. თქვენი სიტყვები მახსოვს, რომ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნას გავითვალისწინებთო... თითქმის არც ერთს არ ითვალისწინებთ, ბოლოს რაც მოვიდა“.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული დასკვნის პროექტი ვენეციის კომისიამ საქართველოში 22 სექტემბერს გამოგზავნა. მასში აღნიშნული ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკა პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადავადებას შეეხება, თუმცა იქვე ხაზგასმულია, რომ ამ იმედგაცრუებას გარკვეულწილად „ამსუბუქებს“ 2020 წლის არჩევნებისთვის ბლოკების შექმნის დაშვება, ერთჯერადად 3 %-იანი ბარიერის შემოღება და ასევე 2024 წლისთვის გადაუნაწილებელი მანდატებისთვის ბონუსური სისტემის გაუქმება. უნდა ითქვას, რომ, გარდა 3 %-იანი ბარიერისა, საქართველოს ხელისუფლების ეს დაპირებები სამშაბათს მესამე მოსმენით დამტკიცებულ პროექტში არ შესულა და მათ, „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ცალკე გაიტანენ. შესაბამისად, გიგა ბოკერიამ დასვა რიტორიკული შეკითხვა: მაშინ რა აზრი ჰქონდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ნაჩქარევად დამტკიცებას, თუკი კონსტიტუცია მალე ისევ უნდა შეიცვალოს?!

როგორც სამშაბათს გაკეთებული კომენტარებიდან ირკვევა, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა სრულიად აკმაყოფილებს ხელისუფლებას და, მეტიც, მას ის აბსოლუტურად დადებით დასკვნად მიიჩნევს. როგორც, მაგალითად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას სიცრუით ცდილობს:

„არაფერი გამოგივათ, რადგან ერთ მხარეს არის მმართველი გუნდი, ხალხი (რაც გამოჩნდა საყოველთაო სახალხო განხილვის დროს), ვენეციის კომისია, ყველა ობიექტური დამკვირვებელი და მეორე მხარეს ხართ თქვენ, იმ ანტიდასავლურ ძალებთან ერთად, რომლებსაც უნდათ - ოღონდ რაიმე დარტყმა მიაყენონ პროგრესულ კონსტიტუციას, ევროპულ კონსტიტუციას, მათ შორის ეროვნულ ინტერესებზე მყარად მორგებულს, და სხვა მეტი არაფერი გაინტერესებთ“.

ვენეციის კომისია იმედგაცრუებულია იმით, რომ 2024 წლამდე გადავადდა საარჩევნო სისტემის რეფორმა... ეს არის მისი წინასწარი დასკვნის მთავარი მესიჯი, რეალურად. შეიძლება მთლიანობაში კატასტროფული დასკვნა არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, პრეტენზიის მქონე ხელისუფლებას (რომ ის არის დემოკრატიული და რეფორმებს ახორციელებს), წესით, ეს დასკვნა არ უნდა მოეწონოს...
ლევან ნატროშვილი

ვენეციის კომისიის დასკვნას დადებითად არ მიიჩნევენ მესამე სექტორში, რომელმაც, მათ შორის საერთაშორისო სარბიელზეც, არაერთხელ მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს კონსტიტუციის სამშაბათს დამტკიცებული ახალი რედაქცია. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ყველაზე უარყოფითი ფაქტი არის ის, რომ დამტკიცებულ რედაქციაში 2024 წლამდე ნარჩუნდება მაჟორიტარული არჩევნების წესი, რომელიც ხელისუფლებას გაცილებით მეტი სადეპუტატო მანდატის მოპოვების საშუალებას აძლევს. ნატროშვილის თქმით, ამ ფაქტს ვენეციის კომისიაც საგანგებო ყურადღებას აქცევს:

„ვენეციის კომისია იმედგაცრუებულია იმით, რომ 2024 წლამდე გადავადდა საარჩევნო სისტემის რეფორმა... ეს არის მისი წინასწარი დასკვნის მთავარი მესიჯი, რეალურად. შეიძლება მთლიანობაში კატასტროფული დასკვნა არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, პრეტენზიის მქონე ხელისუფლებას (რომ ის არის დემოკრატიული და რეფორმებს ახორციელებს), წესით, ეს დასკვნა არ უნდა მოეწონოს. იქ, გარდა საარჩევნო სისტემის საკითხისა, არის კიდევ რიგი შენიშვნებისა, რომლებიც არ იქნა გათვალისწინებული. საკმაოდ კრიტიკული დასკვნაა მაინც“.

ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში უარყოფითი შეფასებაა ასევე გამოთქმული სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელების მიერ ფლობის აკრძალვასთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა 26 სექტემბერს, ახალი კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში". თუმცა აქ არის დაშვებული გარკვეული გამონაკლისები ორგანული კანონის საფუძველზე.

ვენეციის კომისიის იმედგაცრუებათა ჩამონათვალშია ასევე ის ფაქტი, რომ ვერ მოხერხდა ფართო კონსენსუსის მიღწევა კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარშემო. შეუთანხმებლობას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებს, თუმცა ფაქტია, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტს, საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, არც პოლიტიკურ ძალებს შორის და არც წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებში სხვა მხარდამჭერი არ გამოუჩნდა. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“ თვლის, რომ ფართო კონსენსუსის გარეშე დამტკიცებული კონსტიტუციის ლეგიტიმაცია ძალიან სუსტია და ეს არის დიდი პრობლემა სახელმწიფოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების გზაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ მისი ინიცირებით მომზადებული ალტერნატიული პროექტი არ იქნა გაზიარებული და რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზეც უარი განაცხადა, ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ვეტოს დაადებს მესამე მოსმენით დამტკიცებულ საკონსტიტუციო პროექტს. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეძლებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG